სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის - პოდოლიაკი

სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის, - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსული რაკეტების პოლონეთში ჩამოვარდნას გამოეხმაურა.

"სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის. ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი „მოკითხვაა“, რომელიც შეცდომად შენიღბეს. ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება, პოლიტიკოსები კი აგრესორის დამშვიდებით არიან დაკავებულები“, - წერს პოდოლიაკი.


NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია.

ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.

ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს.

უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა