NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია - ლიეტუვის პრეზიდენტი

"NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ მომხდარი ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ის სწრაფად. დეკლარაციები არ იცავს, მათი განხორციელება იცავს. ვიმედოვნებ, ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ პროგრესის მიღწევას, რადგან არსებული სიტუაცია და მოვლენები აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.


უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.