დმიტრო კულება: უკრაინას და მსოფლიოს გამარჯვება სჭირდებათ და არა ფრე

„ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის აღების საშუალებას მივცემთ, პუტინი შუა ევროპაში შექმნის გაყინულ კონფლიქტს და ნელი მოქმედების უზარმაზარ ნაღმს, რომელიც მზად იქნება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა.

მან მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, არ წავიდნენ კომპრომისზე რუსეთთან.

„ნუ შემოგვთავაზებთ კომპრომისებს ჩვენს სინდისთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან. რადგან ეს იქნება თქვენი კომპრომისები საკუთარ უსაფრთხოებასთან. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ მსგავსი ომები უნდა დასრულდეს სიკეთის გამარჯვებით ბოროტებაზე.

სწორედ ახლა არის დრო, რომ უკრაინის გამარჯვება დავისახოთ მიზნად და ამისთვის ვიმუშაოთ კოლექტიურად, ვიდრე უდროოდ ვეძიოთ სამშვიდობო შეთანხმებები რუსეთთან. მოსკოვს არ შეუცვლია ულტიმატუმების ტონი და არ არის მზად ახლა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ისინი აკეთებენ განცხადებებს ისე, რომ თითქოს, მზად არიან სალაპარაკოდ, მაგრამ ეს მხოლოდ „კვამლის ფარდაა“ მათი მუდმივი აგრესიისთვის.

ნამდვილ მშვიდობას უკრაინის გამარჯვება მოიტანს. ეს მიზანი სრულად მიღწევადია და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ხარკოვისა და ხერსონის წარმატებული კონტრშეტევებით ამ შემოდგომაზე. უკრაინის გამარჯვება ასევე იქნება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვება. ის აღადგენს მშვიდობასა და უსაფრთხოება ჩვენს კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.


11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.