შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ დააწესა სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით, რომ გავაკეთებდით, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ სურთ ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია ან არ გვინდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთში თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების კონფერენციაზე.
„დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომლის ექსტრადირებაც სურთ. ამაზე მე ვთქვი, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში განიხილება", - განაცხადა შვედეთის პრემიერმა.
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან.
გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება".
სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია.