თურქეთმა შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ერთდროულად განაცხადეს.
NATO-მ ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ თურქეთი რამდენიმე თვეა ბლოკავს შვედეთის შესვლას ალიანსში და ქვეყნის ხელისუფლებას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებისთის თავშესაფარის მიცემაში ადანაშაულებს.
რამდენიმე დღის წინ ანკარამ ოფიციალურად შეაჩერა მოლაპარაკებები შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმმა უარი თქვა თურქეთისთვის რამდენიმე ადამიანის ექსტრადირებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ქურთ ბოევიკებთან კავშირში.
ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ „თუ საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია სრულიად განსხვავებული პასუხი გავცეთ ფინეთთან დაკავშირებით და როცა ფინეთზე განსხვავებულ პასუხს გავცემთ, შვედეთი შოკირებული იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი იგივე შეცდომას არ დაუშვებს“.
თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო.
შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა.
შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან.
გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება".
სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია.