იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსხური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი პატიმრის თვითდაზიანებაზე,მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 500 დღიანი პოლიტიკური კამპანიის, პატიმრის მიერ სამედიცინო პერსონალის მიმართ ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება.
„კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად არის დაკავებული.“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
- ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა
- ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა
8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:
„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.