ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას F-16-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ის არ ფლობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან.
„მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.
„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.
- აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN
- პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.