ზელენსკიმ ისაუბრა, რომელი იარაღი სჭირდება უკრაინას, რომ „წინსვლა დააჩქაროს“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შორი რადიუსის არტილერიის, მათ შორის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

„რუსეთს უფრო დიდი რადიუსის იარაღი აქვს. ამიტომ, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS) ძალიან მნიშვნელოვანია. დააჩქარებს თუ არა ეს ჩვენს წინსვლას? დიახ, აუცილებლად.

ჩვენ გვაქვს არტილერიის დეფიციტი და არ შეგვიძლია ყველა სამიზნეებზე დარტყმა სათანადო რაოდენობის არტილერიის არარსებობის გამო. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ ადგილებს, რომლებიც პრიორიტეტულია, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია დარტყმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 


Wall Street Journal-ი (WSJ) ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 30 ივნისს წერდა, რომ აშშ ახლოსაა უკრაინისთვის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) მიწოდების დამტკიცებასთან.

უკრაინისთვის 300 კილომეტრიანი რაკეტების მიწოდება გასული წლიდან მწვავე დებატების თემაა ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის.
 
2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში.
 
შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია.

Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.

ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.