NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინული მხარის თხოვნას დათანხმდა და ახლად შექმნილი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა მოიწვია.
ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა განიხილონ ბოლო მოვლენები და უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, NATO-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა.
„ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-NATO-ს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს.
იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე.
„ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
NATO-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.