ზელენსკიმ სტოლტენბერგს NATO-უკრაინის საბჭოს მოწვევის წინადადებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, NATO-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა.

„ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-NATO-ს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს.

იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე.

„ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

NATO-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.