რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდას ყოველთვიურად, 2 მილიონი ტონიდან 4 მილიონამდე გეგმავს. ამის შესახებ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სორინ გრინდეანუმ განაცხადა.
მინისტრის განცხადება ქალაქ გალაცში, აშშ-ის, ევროკავშირის, მოლდოვის, რუმინეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მხარეებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გზები განიხილეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ ცალმხრივად შეწყვიტა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაჩქარდეს,“ - განაცხადა გრინდეანუმ და ხაზი გაუსვა იმ ბოლოდროინდელ თავდასხმებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის პორტებზე განხორციელდა.
რაც შეეხება დუნაის ტრანზიტს, მინისტრის თქმით, სულინის არხი რჩება ერთადერთ სიცოცხლისუნარიან მიმართულებად და ამიტომ მისი სიმძლავრის ოპტიმიზაციაა საჭირო.
„ეს ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრა მიგვიყვანს იმ ზომებამდე, რომლებსაც მივიღებთ უკრაინიდან რუმინეთის გავლით შემოსული მარცვლეულის სატრანზიტო სიმძლავრის გაზრდის მიზნით,“ - განაცხადა მინისტრმა.
მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: