რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - Bloomberg

რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მარშრუტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცია ოდობესკუმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუქარესტი „მჭიდრო კავშირშია უკრაინასთან, რომ ტრანზიტის გაზრდისა და დაჩქარებისთვის საუკეთესო ვარიანტები განსაზღვროს.“

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია, რუმინეთმა ახალი გადასასვლელი პუნქტები გახსნას, გაზარდოს პერსონალი რათა დააჩქაროს გემების ტრანზიტი დუნაის არხებით.

რუმინეთის პორტი კონსტანცა, ამჟამად უკრაინული კომპანიებისთვის სასურველი ვარიანტია სიახლოვისა და ხარჯების გამო.


19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა.


მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ.

შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: