რუსეთის თავდასხმები უცხოურ სამოქალაქო გემებზე, რომლებიც უკრაინის პორტებიდან მიდიან და ჰუმანიტარულ დერეფანს გაივლიან, გადამზიდავ ქვეყნებზე თავდასხმის ტოლფასია. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში განაცხადა.
ოლექსი დანილოვმა Joseph Schulte-თან დაკავშირებული შემთხვევის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს თავდასხმას სხვა ქვეყნების დროშებით მცურავ გემებზე, ეს განიხილება პირდაპირ თავდასხმად ამ ქვეყნებზე და არა უკრაინაზე.
„ჩვენი ქვეყანა იცავს ყველა წესს. პირველი გემი უკვე გავიდა და უახლოეს მომავალში კიდევ გავა. ჩვენ ამას გავაკეთებთ სრულიად საჯაროდ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ეს იყო სამოქალაქო გემები, რომლებიც ატარებდნენ საკვებსა და სხვა ნივთებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სამხედრო საკითხებთან,“ - განაცხადა დანილოვმა.
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა.
ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.
შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ასევე წაიკითხეთ: