ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება, ის უკრაინაში არ გაჩერდება და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირსა და NATO-ს. აქედან გამომდინარე, მინისტრი უკრაინის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„თუ რუსეთი არ შეჩერდება, რაღაც მომენტში ევროპის შიგნით საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით,“ - განაცხადა მან European Pravda-სთან ინტერვიუში.
„ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ რუსეთი არ გაიმარჯვებს უკრაინაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
კაისა ოლონგრენის თქმით, რუსეთში რეჟიმი ძალიან აგრესიულია, რევანშისტული და ოცნებობს ძველ დროში დაბრუნებაზე, საბჭოთა კავშირისა და მისი იმპერიის აღდგენაზე.
„ეს ნიშნავს, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილს, ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილს ეს „მისწრაფება“ პირდაპირ ემუქრება. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ამაზე ხაზგასმა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს არის ევროპული პრობლემა. ეს არის NATO-ს პრობლემა,“ - აღნიშნა ოლონგრენმა.
მინისტრის თქმით, ნიდერლანდებში ფართო კონსენსუსია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგაც უნდა დარჩეს.
ივლისის დასაწყისში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა. კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიგრაციის კონტროლის გაძლიერების საკითხის შესახებ პარტიებს შორის უთანხმოება იყო.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.