გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. ის სოლიდარობას უცხადებს როგორც თვითობ ამბობს - „ევროპელ ლიდერს“, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის (სალომე ზურაბიშვილი, რედ.), არამედ „ქართული ოცნება“ და პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა,“ - წერს მიხაილ როთი.
პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მართავს მოლაპარაკებებს.
შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.
„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.
სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.