თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა, იუწყება TRT Haber-ი. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან.
მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.
თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა.
ფიდანის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი, რომ გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა.
მანამდე, ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა ფიდანი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა.
ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ:
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.
დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.
კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.