პრემიერი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

ირაკლი ღარივაშვილის თქმით, ვიზიტებზე უარის არგუმენტი მმართველი გუნდისთვის, პრეზიდენტის განცხადებები გახდა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება „გამართლებული იყო.“

„ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო.

მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.“

„მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია – ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.