პრეზიდენტის იმპიჩმენტი: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გეგმის შესახებ განაცხადა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

„იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისი დასკვნისთვის," - განაცხადა მდინარაძემ.


მას არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დაექვემდებარება შანტაჟს" და სააკაშვილს შეიწყალებს, მხოლოდ იმის გამო, რომ „პრეზიდენტს ემუქრებიან.“

მისივე შეფასებით, ეს "პოლიტიკური თვითლიკვიდაცია" იქნება.

„მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.


მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.