ერდოღანი G-20-ის ლიდერებს მოუწოდებს, „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ - Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Bloomberg-ი სამიტის მონაწილე თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ.


 უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“.

ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


ასევე წაიკითხეთ:

დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.


დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.

კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.

ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.