ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები.
ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.
თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა, შეეკავებინათ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მათ შორის კონფლიქტს გაამწვავებდა.
ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ აქვს.
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში 30 სექტემბერს შეიტანა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.
28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.