საქართველოს ელჩი: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება.

ლაშა ჟვანია ამბობს, დღეს, 9 ოქტომბერს, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული.

„გუშინ, 8 ოქტომბერს, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. მისი თქმით, ამ რეისებზე, ძირითადად, საქართველოს ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული, მათ შორის, არ ყოფილან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. ამ რეისებზე მოთხოვნა არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას. მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი, მე ვგულისხმობ, ისრაელის ცენტრს," - აღნიჩნა ელჩმა.


მისი თქმით, თბილისის მიმართულებით რეისებზე ბილეთები არის: „ბილეთები (როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, რადგან ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად) სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს სპეციალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, შეიძლება, ბოლო წუთს ასევე გამოჩნდეს ადგილები სხვადასხვა რეისზე,"- განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოს „ცხელი ხაზი" 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზე ვართ, ამიტომ, სამი „ცხელი ხაზი“ მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება, რაიმე დახმარება თავშესაფრის, არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებითაც, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ვცდილობთ ეფექტურად დავეხმაროთ," - აღნიშნა ისრაელში საქართველოს ელჩმა, რომლის კომენტარიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.