ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
საკითხი ეხება „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზისთვის ტოტალური ბლოკადის დაწესებას.
ამასთან, ბორელის ცნობით, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, შემოწმდეს როგორ იხარჯება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას არანაირი კავშირი არ აქვს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობასთან.
10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს - მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა გადაუკეტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება.
ბორელის განცხადებით, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის". მისივე თქმით, პალესტინელი, ტერორისტი არ არის და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
-
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა
-
როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
-
რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი
-
როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი
-
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
- რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას
- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters