ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე: აშშ ისრაელს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მას სჭირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამგზავრების წინ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ. ვნახეთ „ჰამასის“ მიერ შექმნილი თითქმის ენით აღუწერელი მოქმედებები,“ განაცხადა ბლინკენმა და აღნიშნა, რომ სიტუაცია „უბრალოდ გულსატკენია.“


ბლინკენმა ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხვდება, როდესაც ისრაელში ჩავა. ასევე გამართვს მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. მან გაიმეორა, რომ აშშ უზრუნველყოფს ისრაელს ყველაფრით, რაც მას სჭირდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში 11 ოქტომბერს გაემგზავრებოდა, მედიაში 10 ოქტომბერს გავრცელდა.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.