ალიევი: ანტიტერორისტული ოპერაცია გარდაუვალი იყო, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის იმედი თანდათან ქრებოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო.“

„გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო. აზერბაიჯანელმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ მსოფლიო საზოგადოებამაც, რომ ჩვენ გვინდოდა სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მე პირადად არაერთხელ ვმონაწილეობდი უაზრო და უშედეგო მოლაპარაკებებში. რატომ? რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ თანდათან ჩვენი იმედები გაქრა. სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთხელ გაანალიზებით, დღეს სრული დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი გოჯი მიწის დაბრუნებასაც არ გეგმავდნენ,“ - განაცხადა ალიევმა.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.

28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.


შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.

მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.