პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი განაცხადა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მისი მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.   

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, პარლამენტი დღეიდან, 18 ოქტომბრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. როგორც 17 ოქტომერს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხზე მუშაობა 12:00 საათიდან დაიწყება.

„კომუნიკაცია მქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა, ასე რომ, ჩვენ, 12:00 საათზე დავიწყებთ საკითხის განხილვას იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.

„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“- აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომელიც შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს - „ქართულ ოცნებას” იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არ აქვს.