პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. განხილვას პრეზიდენტიც ესწრება.
მისი ადმინისტრაციის განცხადებით, პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა, 15-წუთიანი რეგლამენტით მიმართოს პარლამენტს, ასევე იქნება კითხვების დასმის შესაძლებლობა. ოპოზიციის უმრავლესობა კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევიდა წერილი, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ სხდომას და მას არ ესწრებიან.
საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში არ მონაწილეობს ოთხი პოლიტიკური ძალა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, პარტია „საქართველოსთვის" და "ევროოპტიმისტები." განხილვას ესწრებიან პარტია "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები". განხილვაში მონაწილებს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ მონაწილეობას პარტია "ლელო" და "მოქალაქეები." რაც შეეხება "გირჩს“, ის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
მმართველ გუნდს იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.