ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის ფონზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ექვსამდე ჩინური ხომალდი ოპერირებს. ამ ჯგუფში შედის მართვადი რაკეტების გამანადგურებელი, ფრეგატი Jingzhou და ინტეგრირებული მომარაგების გემი Qiandaohu.
44-ე საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი რეგიონში რეგულარულ ოპერაციებს მაისიდან ატარებს. გასულ კვირას მათ ომანში ვიზიტის დროს, ომანის საზღვაო ძალებთან ერთად, წვრთნები გამართეს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ომანში ვიზიტის შემდეგ, 18 ოქტომბერს, ჩინეთის საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი ქუვეითის შუვაიხის პორტში, 5-დღიანი ვიზიტით შევიდა.
„ქუვეითის საზღვაო საპატრულო ხომალდის Failaka-ს მეთაურობით, ჩინეთის სამუშაო ჯგუფის სამხედრო ხომალდები, მათ შორის გემი Zibo, გემი Jingzhou და გემი Qiandaohu, დილის 9:00 საათზე ჩასვეს განალაგეს შუვაიხის პორტში. მათ მიესალმა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის იყვნენ ქუვეითის სამხედრო ძალების წარმომადგენლებ და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები,“ - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.
ჩინეთისა და აშშ-ის საზღვაო ყოფნა რეგიონში
რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის წყლებში ექვსი ჩინური გემის ყოფნა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩინეთის სამხედრო გემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
პეკინის შეფასებით, „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია.“
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“.
სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა.
მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.