უკრაინა მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის საკითხებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. ეს კომენტარი 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს შორის შეხვედრას მოჰყვა.
- ერმაკის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სომხურმა მხარემაც.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან ეგოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი და უკრაინა თანამშრომლობენ ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
- „ასევე არის მრავალი სფერო, სადაც გამოცდილების გაცვლაა შესაძლებელი. ეს არის ის რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულების სფეროში, რომელსაც ძალიან აფასებენ თავად ევროპელები, ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით. ესეც ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული. უკრაინელებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია, ორმხრივად გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება, მაგრამ ეს ყველაფერი ითვალისწინებს ევროკავშირთან ურთიერთობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მრავალმხრივი და არა ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს,“ - აღნიშნა ეგოიანმა.
უფრო ადრე, კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.
ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში.
სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას ერმაკმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს უკრაინის მშვიდობის ფორმულას მხარდამჭერ სახელმწიფოთა ჯგუფს. მან მადლობა გადაუხადა არმენ გრიგორიანს მალტაში გამართულ შეხვედრაში პირადი მონაწილეობისთვის.
„პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა უკრაინასა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი კონტექსტი აღიარა. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს პირველი შეხვედრის მნიშვნელობას გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში,“ - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
მისივე თანახმად, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში.
„ანდრი ერმაკმა არმენ გრიგორიანს აცნობა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ. მათ ასევე გაცვალეს აზრები რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. მან მიულოცა სომხეთს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოში უკრაინის მსგავსად არჩევა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა IAEA-ს ფარგლებში და ზოგადად ენერგეტიკის სფეროში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა.
შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ.
6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა.
-
ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს
-
ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა