ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ დახვდნენ შეძახილებით - „საქართველო.“ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი  რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.


 ევროპარლამენტარების დელეგაცია 11 დეკემბერს საქართველოს ეწვია. 12 დეკემბერს დელეგაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


„მწვანეების“ წევრმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს „არალეგიტიმური ლიდერები“ უწოდა და ისინი „არაკონსტიტუციურ ქმედებებში“ დაადანაშაულა.

რაინიე ვან ლანშოტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა.“


„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ,“ - წერს თავის მხრივ, რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.


„ჩვენ ვდგავართ თქვენი და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით,“ - ამ პოსტით პრეზიდენტს მხარდაჭერა გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმაც გამოუცხადა.

Image


„არცერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც ის [„ქართული ოცნება“] ექცევა,“ - მიიჩნევს სერგეი ლაგოდინსკი, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში ევროპარლამენტარებს არ აქვთ სხვა არჩევანი, „გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ.“


 ევროპარლამენტარების დელეგაციაში არიან რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია (EPP)); მიჰალ ჩერბა (EPP); ნატალი ლუაზო („განაახლე ევროპა“ (Renew)); ბერნარდ გეტა („განაახლე ევროპა“);ტობიას კრემერი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი"); რაინიე ვან ლანშოტი („მწვანეები“); სერგეი ლაგოდინსკი („მწვანეები).


თბილისში ვიზიტისას მათ ხაზი გაუსვეს სამართლიანი არჩევნებისა და ევროკავშირის უფრო ძლიერი ჩართულობის აუცილებლობას. ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.


ვიზიტამდე, 11 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი მიზნად ისახავს „ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას.“


მიჰალ შჩერბამ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და „უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა“. „ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ.“


ევროპარლამენტის დელეგაციის გარდა, საქართველოშია შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გუსტავ გეტბერგი. 11 დეკემბერს მან განცხადება გაავრცელა: „ახლახან ჩამოვედი თბილისში, რათა მხარდაჭერა გამოვხატო ქართველი ხალხის, მისი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ“. მან ასევე X-ზე დაწერა: „საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა – და ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის ამ მნიშვნელოვან ფაქტს.“


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 


29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა.


5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.

მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.