გერმანიის გარემოს დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (NABU) ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია ჯერ დაუმთავრებელ მონაკვეთზე უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. 13 აპრილს ანალოგიური სარჩელი შეიტანა კიდევ ერთმა გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ - Deutsche Umwelthilfe (DUH). მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები Nord Stream 2-ის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას მხარს უჭერს. მან ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში, რომელიც რუსეთს ეხებოდა, თქვა: ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირ გავლენას არ ახდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებიტ გერმანიის პოზიციაზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება.
სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ზე ახალი სანქციების დაწესება ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს.
სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, ეს რუსული გაზსადენი, რომლის შეჩერებაც პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას:
„კონგრესმა რამდენჯერმე იმოქმედა ორპარტიული პრინციპით, რომ ადმინისტრაციას სწრაფი ნაბიჯები გადაედგა, რათა ეს რუსული პროექტი არ დასრულებულიყო. დრო იწურება, პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონი უნდა დაიცვას“.
უცხოური მედია წერს, რომ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ ჯეი გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის უფროსი მეცნიერ-თანაშრომელი, დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია.
2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას.
„2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს.
საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა.
ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს“, - წერდა კრამერი ერთ-ერთ სტატიაში.