ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს
ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ქართველ ხალხს თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს,“ აცხადებს ლაიენი.
სადავო კანონპროექტის გარშემო პროტესტის ფონზე, პრეზიდენტი შარლ მიშელს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,“ - წერია ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
პრეზიდენტი ელჩებს: ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, დაძაბულ ვითარებაში ვართ
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს კონსტიტუციაზე, სადაც „ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს დღეს „აშკარად არ განმეორდა“ აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე, რაც მისთვის კიდევ სხვა კურსის არსებობაზე მიუთითებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია: „მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ. „ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ მოხდა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში ქართველი ხალხისთვის, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენ არ განიხილოთ საქართველო დაკარგულად, არამედ აღიქვათ, რომ ის აგრძელებს თავის გზას ევროინტეგრაციისკენ და რომ საქართველო არ არის მარტო. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ მე ვიცი, რომ თავად ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ევროპარლამენტის არჩევნებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც დაეწყებათ არჩევნების აქტიური პერიოდი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული. მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება ასევე იყო თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირს ყოველთვის აღიქვამდნენ ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებას და დაცვის მექანიზმს რუსეთის შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ. „ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
EBRD-ის პრეზიდენტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს მისი თქმით, ამ კანონპროექტის დაბრუნება გასაკვირი იყო და შეშფოთებულები არიან იმით, რაც ხდება. ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო. „მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
რუმინეთის პრეზიდენტი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: მზად ვარ, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნის საკითხი განვიხილო
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, ის მზადაა, უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო გაგზავნის საკითხი განიხილოს. ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, იოჰანისმა განაცხადა, ბოლო კვირებში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდება. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს ახსენა ჩვენს შეხვედრაზე და მე ვთქვი, რომ მზად ვარ დისკუსიისთვის. ეს საკითხი თავდაცვის უმაღლეს საბჭოში უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რისი შეთავაზება და სანაცვლოდ რისი მიღება შეგვიძლია, რადგან მიუღებელია რუმინეთის დატოვება საჰაერო თავდაცვის გარეშე,“ - განაცხადა იოჰანისმა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს
ჩრდილოეთ მაკედონიამ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია - მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა ისტორიული მარცხი განიცადეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, იუწყება AP. 70 წლის, სამართლის პროფესორი, კონსერვატორების მიერ მხარდაჭერილი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა გამარჯვებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითქმის 65-იანი მხარდაჭერა მიიღო. სილიანოვსკა-დავკოვამ ხაზი გაუსვა ქალებისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპს და პირობა დადო, რომ მათთან ერთად რეფორმებს ადვოკატირებას გაუწევს. იმავდროულად, სტევო პენდაროვსკიმ აღიარა დამარცხება მას შემდეგ, რაც ხმების 29%-ზე მეტი მიიღო. სილიანოვსკა-დავკოვამ მხარდაჭერა მოიპოვა მემარჯვენე VMRO-DPMNE პარტიისგან, რომელმაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ევროკავშირში ინტეგრაციის ნელი ტემპით და ეკონომიკური სტაგნაციის გამო. საპარლამენტო რბოლაში VMRO-DPMNE და მისი კოალიცია ხმების თითქმის 43%-ით ლიდერობდნენ, ხოლო SDSM-ის ხელმძღვანელობით დიდი ხნის კოალიცია მეორე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. SDSM-ის ლიდერმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ აღიარა თავისი პარტიის დამარცხება და გადადგომის შესახებ განაცხადა. საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე, კანონის უზენაესობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ადრეული ლიდერი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, 2005 წლიდან გაწევრიანების გზაზე გამოწვევებს წააწყდა.
პრეზიდენტი: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია. ამის შესახებ მან 9 მაისს, რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი ბრძენია და სწორედ ამიტომ პროვოკაციებს არ აჰყვება. „ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები. დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, ასეთი ბრძენი რომ არ ყოფილიყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს. იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა, ერთი მხრივ ესაა ევროპული მომავალი, მეორე მხრივ, ესაა რუსული იმპერიალისტური წარსული. „სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებებს, სად ხედავენ მათ მომავალს. ესაა მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ესაა ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ: თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე!" 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“
პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გადაწყვეტილებაზე: დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, რომ საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას
„დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო სინდისითა და ყოველგვარი ღირსებით აღსავსე შევა ევროპაში. „მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მტერი და ვინ მოყვარე. „ძალიან რთულ გზას გავივლით ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. იმისი მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორებს ზოგმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, ევროპის დღეს, იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს. როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი პრემიერს: ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლის კობახიძის “ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი.” „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა! - წერს პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60%-ზე მეტის დაკვეთით საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
პრეზიდენტი მმართველ გუნდს: ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ“, გადაიტანეთ მისი ამოქმედების ვადა ნოემბრისთვის
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და რუსულ კანონს. სალომე ზურაბიშვილის შეფსებით, ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. „ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა - ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზული, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე. არანაირი დათვლა არ არის საჭირო - ყველას წინაშე წარდგა საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა და ის, რომ ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია არ აქვს - თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა აღარ აქვს - ტყუილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა- მოხრა, რათა გაუეგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყილს მიჩვეულნი ვართ - ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს და დაიფიცეს, რომ არასდროს აღარ შემოიტანდნენ, თუმცა ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც არავის სჭირდებოდა, მათ შორის - არც თვითონ - მხოლოდ იმისთვის, რომ „ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის ვემორჩილებით,“ და აგერ პასუხი საზოგადოებისა. მანიპულაცია არის, როცა ერთი ხელით რაღაც ცვლილებაზე საუბრობ და მეორე მხრივ, რაც ახლაც გავიგეთ პრემიერის სიტყვებით - ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება სრულიად უდანაშაულო ადამიანების - ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, თქვენ თვითონ არ გჯერათ ამის,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ოპონენტების მისამართით წარმოთქმულ „წარმოუდგენელ შეურაცხყოფას“ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა უწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავად არიან შეშინებულები. როგორც ჩანს, ისიც ვერ გაიგეთ, რომ „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომლებიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო (პრეზიდენტის ბრიფინგამდე პრემიერის პრესკონფერენცია გაიმართა, რედ.) - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაც შეაფასა. „გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე პრემიერმა მოღალატე ეძახა, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში წარმოუდგენელია. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ვეტო წარმოგვიდინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ - „თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ და შეიძლება, დავფიქრდეთ.“ იფიქრეთ თქვენ და იყავით მე ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი, რომ ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მმართველ გუნდს რამის შეცვლა სურს, კანონი უნდა გაიწვიოს ან დააბრუნოს მეორე მოსმენაზე, სადაც ოპოზიცია შესთავაზებს ცვლილებებს და შენიშვნებს. „ან ძალიან მარტივი - თქვენ თვითონ, გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის - როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის თუ სხვა კანონის გადამღერება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ.“ არა - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ - თქვენც ამ კანონთან ერთად,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს. „მინდა, მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა, მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებიც გააფრთხილა, რომ „არის გეგმები, რომ პროვოკაციებიც მოაწყონ.“ მან მოუწოდა სიფრთხილისკენ, რომ „ისინი პროვოკაციებში არ გამოიწვიონ.“ პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ლატვიის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან
"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან," - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი წერს. „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოელი აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას," - წერს ედგარს რინკევიჩსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
„ჯიმ ო'ბრაიენთან პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა, პრემიერთან გამართული შეხვედრის მსგავსად, დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევარი გაგრძელდა. „საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 12 მაისს რომ ამ კანონის „გააპატიოსნებაში“ არ ჩაერთვება. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. „პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს,“ - იუწყებოდა ზურაბიშვილის ადმინისტრაცია. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
პრეზიდენტი: წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად, რეფერენდუმი იქნება
„მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ, ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. “ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ. ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ, ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო
„ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება, გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. „ვისაუბრეთ, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. ძალიან გარკვეულად ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს, ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი,“აღნიშნა პრეზიდენტმა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია - რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ორ კვირაში ნახავთ, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება. მსხილაძე აღნიშნავს, რომ ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული იქნება. „ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ,“ - განაცხადა მსხილაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. „ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ აქვს,“ - განაცხადა მსხილაძემ.
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენს ჩამოვარდნის შემდეგ, სამაშველო ჯგუფები ეძებენ -BBC
BBC-ის ცნობით, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა, იუწყება სახელმწიფო მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა - სამიდან ერთ-ერთი, რომელიც კოლონაში იყო, "მძიმე დაშვება" განახორციელა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთით, ვერტმფრენს ძლიერი ნისლის დროს პრობლემები შეექმნა. საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ კატასტროფის ადგილზე 40-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა მეძებარი ძაღლებისა და თვითმფრინავების ჩათვლით. შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ რთული ამინდის გამო, მაშველები ამ დრომდე ცდილობდნენ ადგილზე მისვლას. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ, ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. რაისი ბრუნდებოდა ირან-აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან, სადაც მან აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთად ორი კაშხალი გახსნა. ალიევმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ამბების მოსმენის შემდეგ და დასძინა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, შესთავაზოს ნებისმიერი საჭირო დახმარება თეირანს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებენ არსებულ ცნობებს", მაგრამ დამატებითი კომენტარი ვაშინგტონს არ გაუკეთებია. მომხდარის გავლენები BBC-ის ანალიზის მიხედვით მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ირანში განვითარებულ მოვლენებს და ფიქრობს, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები ირანის პოლიტიკაში რეგიონში, თუკი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დაზარალდება. ამაზე მოკლე პასუხი არ არსებობს, თუმცა, არასტაბილურობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ ამბების გამოცხადების შემდეგ, ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა. ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი და თანმხლები ოფიციალური პირები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან. მან ითხოვა ლოცვა მათთვის და დაარწმუნა ირანელი ხალხი, არ ინერვიულონ, რადგან ქვეყნის მართვაში პრობლემები არ იქნება. რაისი ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული პრეზიდენტია ირანის ისტორიაში და ძალიან ახლოს არის უზენაეს ლიდერთან. ის ერთ-ერთი სერიოზული პრეტენდენტია ირანის უზენაესი ლიდერის პოსტზე წარმატების მიღწევის თვალსაზრისით.
ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფაში ასევე დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რამდენიმე სხვა პირთად ერთად. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი. ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს. ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში. ახალი პრეზიდენტის არჩევნები უახლოეს 50 დღეში გაიმართება. ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისს მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში. რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს. ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი. 19 მაისს, ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.
PACE-ს მომხსენებლები: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ. „ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე განთავსებულ ცნობაში, რომ „ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.“ „განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციითვე, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მტკიცებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-7 მუხლი, რადგან მისთვის არ იყო შესაძლებელი გაეთვალისწინებინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც მას მიენიჭა პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის გამო, შესაძლოა გამოეწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. „სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით. განმცხადებელს არ შეუძლი,ა პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო, გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას,“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი, განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლი არ დარღვეულა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. "საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. სააკაშვილის უფლებადამცველები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას ევროკონვენციით დადგენილ ვადაში საჩივრით მიმართავენ და მოელიან, რომ მათ არგუმენტებს გაითვალისწინებენ. "სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს.
ყაზახეთის პრეზიდენტი სინგაპურის კომპანიებს შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს
ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს) შეუძლია, ძირეულად შეცვალოს ევრაზიული თანამშრომლობის დონე, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 23 მაისს ყაზახეთ-სინგაპურის ბიზნეს ფორუმზე. „ეს არის უმოკლესი და ყველაზე სტაბილური გზა ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ სინგაპურის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დიდი სარგებლობა მიიღონ ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლით ამ სფეროში," - აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, გეოგრაფიული მანძილი და არაადეკვატური ურთიერთობები კარგა ხანია, აფერხებს ეკონომიკურ ურთიერთქმედებას. „დღეს, გლობალიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით, ქვეყნები უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი, ვიდრე ოდესმე.“ პრეზიდენტმა მაგალითად დაასახელა ყაზახეთის KTZ კომპანიასა და სინგაპურის PSA International-ს შორის სინერგიული პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს შუა დერეფნის გაფართოებას. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
მეთიუ მილერი: თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, ამას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება
„თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება.“ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს. ის „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს. „ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს. სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშე, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე,“ - განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)