საზოგადოება

ბაღდადში ტერაქტისას სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში ორი აფეთქების დროს სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტერორისტებმა ტერაქტი ქალაქის ბაზარში მოაწყვეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბაღდადში ეს პირველი ტერაქტი იყო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია

დასავლეთ ინდოერთში, მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახბე ინფორმაცია Aljazeera ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაცით, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ”ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს”, - განაცხადა ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა ადარ პუნავალამ. როგორც ცნობილია, ხანძარი არ შეხებია ადგილს, სადაც Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ.

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ

მეცნიერები აფრიკული სპილოების რაოდენობას კოსმოსიდან ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სპილოებზე სურათები დედამიწის სადამკვირვებლო სატელიტიდან არის გადაღებული, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან 600 კმ-ზე (372 მილი) მდებარეობს. როგორც ცნობილია, ერთ დღეში შესაძლებელია 5000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის კვლევა. გამოთვლა ხდება ალგორითმით, რომელსაც შეუძლია სპილოების ამოცნობა სხვადასხვა ზედაპირზე, ღია საძოვრებზე, ტყეებში და სხვა. მეცნიერებმა ჯერ სამხრეთ აფრიკის ადდო სპილოების ეროვნული პარკს გადახედეს. მკვლევრების თანახმად, ბუნების დამცველებს ცხოველთა დათვლა ურჩევნიათ თვითმფრინავებიდან, მაგრამ კოსმოსური თანამგზავრები შესაძლებლობას იძლევა ეს მოხდეს იქაც, სადაც საჰაერო ფოტოგრაფირება აკრძალულია. მკვლევრები აცხადებენ, რომ დაკვირვების ეს მეთოდი ბრაკონიერობასთან ბრძოლაშიც შეიძლება გამოიყენონ.

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებული პანიკა არავის უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deccanherald-ი ავრცელებს. „პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანჟელა სიმაუმ. სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა. „ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს“, - განაცხადა მარიანჟელა სიმაუმ.

პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა

პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. „გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მტკიცებულების სახით მოიპოვა მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს შრის გამართული საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელიც დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება“, - აღნიშნეს გამართულ ბრიფინგზე. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

ქართველ ჩოგბურთელ ზურა ტყემალაძეზე London Daily Post-ი სტატიას აქვეყნებს

ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელზე სტატიას ცნობილი ბრიტანული გამოცემა London Daily Post-ი აქვეყნებს. ზურაბ ტყემალაძემ პოპულარობა ჩოგბურთის სამყაროში თავისი გამორჩეული ნიჭის გამო მოიპოვა. ახალგაზრდა ჩოგბურთელს ATP რეიტინგში 540 ქულა აქვს, რაც 20 წლის სპორტსმენისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. მას გერმანიაში ბურგარდ რაიხმანი, დავით კვერნაძე და ნოდარ ითონიშვილი წრთვნიან. ახალგაზრდა ჩოგბურთელის დებიუტი 2020 წელს შედგა, როდესაც ის საქართველოს ATP-ის თასზე წარმოადგენდა. ტყემალაძე თავისი თამაშის გასაუმჯობესებლად გულმოდგინედ მუშაობს. მისთვის ყველაზე სამაგალითო სპორტსმენები ბენუა პერი და რაფაელ ნადალი არიან.

თამარ გაბუნია: ვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი და დეტალური მონიტორინგი დაწესდება

"ვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი და დეტალური მონიტორინგი დაწესდება" - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიას ვაქცინაციის გეგმის დეტალები გააცნო. „ყველა ვაქცინას და ფარმაცევტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები. ეს ჩამონათვალი მოჰყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად და ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება მკაცრი და დეტალური მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გაიდლაინი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა გასულ წელს, ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი, რამდენიმე, სფეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები გვერდითი მოვლენების შეფასების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია საქართველოში - ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა და ვაქცინაციის გეგმის დეტალები მედიას წარუდგინა. „ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი - ჯანმოს ან მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ უნდა იყოს აღიარებული. როგორ და სად მოხდება ვაქცინაცია - როგორც გითხარით, ტექნოლოგიურად, ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის გამართული, რომ ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს და პროცესი არ შეფერხდეს. მაგრამ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი - მინუს 80-იან ვაქცინას კომპლექსური ცივი ჯაჭვი სჭირდება და მისი მიწოდება რაიონულ დონეზე გართულება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჰოსპიტლები შეირჩა და უკვე მიმდინარეობს პერსონალის ინფორმირება, რათა ისინი მოემზადონ და ვაქცინაცია განხორციელდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც ცნობილია, მთავრობა მობილური ბრიგადების მობილიზების საკითხსაც განიხილავს, რაც თამარ გაბუნიას თქმით, იმ ბენეფიციარებისთვის იქნება საჭირო, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში იმყოფებიან. მისივე თქმით, დეტალურად არის გაწერილი, რამდენი ბრიგადა როგორ იმუშავებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის მოცვით სასურველ გეგმას მივაღწიოთ „თუ გადავალთ ფართომასშტაბიან მოცვაზე და რაიონულ და სოფლის დონეზე ვისაუბრებთ ვაქცინაციაზე, აქაც დაგვჭირდება მობილური ბრიგადები. არსებობს მსოფლიო გამოცდილება მასიური ვაქცინაციის ცენტრების მოწყობისთვის. ჩვენს გეგმაშიც არის ეს განხილული, რაც იქნება უკვე იმ ეტაპზე, როდესაც დავიწყებთ მასიურ ვაქცინაციას - უფრო მეორე კვარტლის შემდეგ, როდესაც პრიორიტეტული ჯგუფები იქნება მოცული და ორიდან რვა გრადუსამდე ვაქცინით გვექნება გაფართოებული შესაძლებლობა... ექიმები, სოფლის ექიმები, ეპიდემიოლოგები ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად გადამზადდებიან იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.ტრენინგების პროცესი უკვე დასრულებულია და ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. როგორც ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაშია ნათქვამი, ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით. გეგმის თანახმად, გათვლები და მოცვის მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვის არის განსაზღვრული. პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფები და რიგითობა ასეთია: ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, ასაცრელი კონტინგენტი 46,420. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -65%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი. 75 ასაკის პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი. 65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი. ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი. 55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი. 18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი. ჯამში კი ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი. ჯამში საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს. დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

იან კელი დავით ბაქრაძეს: მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით

"მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი დავით ბაქრაძის Twitter-ზე. აშშ-ში საქართველოს ელჩმა სოციალურ ქსელში შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, აღნიშნულ ფოტოზერ კი იან კელმა კომენტარი დაუწერა. „მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით, დავით!“ - დაწერა კელიმ.

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ

"კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა, სელექტიური კონტრაქტები. კლინიკებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები, რათა ეს იყოს უსაფრთხო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვამზადებთ სტრატეგიას ქვეყნის მასშტაბით, რათა მიმდინარე რეფორმები იყოს არა ქაოტური, არამედ თანმიმდევრული, გამჭვირვალე და სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფეს და ასევე, კულტურული ფესტივალის - Europalia წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიულოცა. მილოცვის შეტობინება საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური კავშირების მომავალზე ვისაუბრებ. დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დავით ბაქრაძე: აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას

"ჩვენ მუდმივად ამაყები ვიყავით ორპარტიული მხარდაჭერით, რომელსაც ვიღებდით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მოლოდინი აქვს. "ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე. რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების პერსპექტივა ექნება“, - განაცხდა დავით ბაქრაძემ.

მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

„დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა", - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში კორონავირუსის მნიშვნელოვან სტაბილიზაციას. საწოლფონდთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი სურათი: დღეს სტაციონარში მკურნალობას გადის 3,499 ადამიანი. საერთო ჯამში კი კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა და აღსანიშნავია, რომ ექიმები პროცესს წარმატებით მართავენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვიცე-პრემიერი, დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით,  დავით ზალკალიანი იქნება

"იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. „საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როცა რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო დიდი მნიშვნელოვა ენიჭება, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, რომ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ასევე ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციასა და იმ მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩინეთი მსოფლიოში პირველი ოფიციალური ციფრული ვალუტის ამოქმედებას აპირებს

ჩინეთი მსოფლიოში პირველი ოფიციალური ციფრული ვალუტისამოქმედებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Economist- ავრცელებს. დიდი შანსია, რომ ციფრული იუანი 2021 წელს შემოვიდეს მიმოქცევაში. ეს არის ვალუტის პირველი ციფრული ვერსია, რომელიც თავდაპირველად, მცირე ცვლილებას გამოიწვევს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, შეცვლის ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკას. როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო ბანკმა 100-ზე მეტი პატენტის შესახებ შეიტანა განცხადება და ზედამხედველობას უწევს მთელ რიგ საცდელ ვერსიებს, ელექტრონული იუანის გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე, ექსპერიმენტებმა შეუფერხებლად ჩაიარა და მალე, ჩინეთის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩამოტვირთოს მთავრობის მიერ შექმნილი ციფრული საფულე. კომერციული პროგრამებისგან განსხვავებით, როგორიცაა WeChat Pay და Alipay, ოფიციალური ვერსია ნაღდი ფულის ექვივალენტური იქნება. მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ სმარტფონს ბარათის ნაცვლად, ეს მხოლოდ ერთი აპლიკაციის მეორეთი ჩანაცვლება იქნება. ზოგი საუბრობს ციფრულ ვალუტაზე, როგორც რევოლუციურ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება ბანკებს საფრთხეს უქმნიდეს, რადგან ხალხი თანხებს შეინახავს არა ბანკში, ანაბრის სახით, არამედ პირდაპირ მათ ელექტრონულ საფულეებში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ამ გზით არ ცდილობს მონეტარული პოლიტიკის გაძლიერებას და მისი მიზნები უშუალო გამოწვევებიდან გამომდინარეობს. მობილური გადახდების ზრდის ფონზე, ჩინეთი წუხს, რომ დიდ ტექნოლოგიურ პლატფორმებს ძალიან დიდი ძალაუფლება დაუგროვდათ, ხოლო ჩინეთი ციფრული იუანით მოსახლეობას მათ ალტერნატივას სთავაზობს.ამ ეტაპზე, ჩინეთის მიზანია, შეამოწმოს მუშაობს თუ არა ციფრული იუანის ტექნოლოგია და ხალხს ნამდვილად სურს თუ არა მისი გამოყენება. ფული უკვე 3000 წელია არსებობს, ახლა კი მისი განახლების დროა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, მაია ცქიტიშვილი იქნება

"დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი პრიორიტეტები - ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ინტეგრაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის - ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ, დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.

219 კოვიდინფიცირებული ხელონური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 223, აჭარაში - 109, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 535 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 013 პირი, აჭარაში - 1 559, იმერეთში - 2 244. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179  გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.