უცხოეთი

თურქეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ თურქეთი ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესაძენად უახლოეს დღეებში კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა. „დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენას შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ. იანვარშიც იგივე რაოდენობა გვექნება,”- განაცხადა კოჯამ. მისივე თქმით, ქვეყანა მოლაპარკებებს Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების შეძენის მიზნითაც აწარმოებს. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 440 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.

CNN - აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან" ოფიციალურად გავიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა. შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულების დატოვების შესახებ 21 მაისს განაცხადა და ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების თვითნებური ინტერპრეტაცია და პერიოდული დარღვევა დაასახელა. სახელმწიფო ვალდებულია, ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები 6 თვით ადრე გააფრთხილოს. აშშ მზადაა, ამ 6-თვიან ვადაში გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას დაუბრუნდება. რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მაგალითებად აშშ-მა დაასახელა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენებისთვის 10-კილომეტრიანი შემზღუდავი ზოლის დაწესება; საწვავის შემვსები აეროდრომის ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე განსაზღვრა, რაც აშშ-ის შეფასებით, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, განამტკიცოს უკანონო განაცხადი ნახევარკუნძულის ანექსიის შესახებ; დისტანციის დაწესება ფრენებზე კალინინგრადის ოლქთან, სადაც, მედიის ცნობით, რუსეთმა ბირთვული რაკეტები განათავსა და სამხედრო ინფრასტრუქტურა განაახლა. აშშ-ისა და კანადისთვის რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ერთობლივი სადამკვირვებლო ფრენის შეზღუდვა 2019 წელს. რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გარდა, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად აშშ-მა ასევე დაასახელა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება. New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, აღაშფოთა რუსეთის მიერ მონიტორინგის განხორციელებამ მის კუთვნილ გოლფის კლუბზე 2017 წელს. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაზვრევით რუსეთი ღია ცის შეთანხმების სულისკვეთებას არღვევს. ამას გარდა, გამოცემის ცნობით, გასაიდუმლოებულ შეტყობინებებში ამერიკელი სამხედროები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რუსები ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ფრენებს იყენებენ აშშ-ის ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რუკების შესაქმენლად, რომლებიც შეიძლება, ჩვეულებრივი შეიარაღებული ან კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო და აშშ-ის ნაბიჯს სამწუხარო და დესტრუქციული უწოდა. ამავდროულად, მოსკოვმა თქვა, რომ მზადაა ღია ცის შეთანხმების გათვალისწინებით სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. რა არის ღია ცის შეთანხმება? ღია ცა არის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ღია ცის შეთანხმება აწესებს შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. მათ შორის, ზუსტად განსაზღვრავს სადამკვრივებლო ფრენების კვოტებს და შეტყობინებებს შესვლის წერტილების შესახებ. ღია ცის იდეა, თავდაპირველად როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ჯერ კიდევ 1955 წელს გაახმოვანა. ინიციატივა ცივი ომით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. თუმცა იდეის ხორცშესხმა მრავალმხრივ ფორმატში მხოლოდ 37 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულება ღია ცის შესახებ ჰელსინკიში 1992 წლის 24 მარტს გაფორმდა და 2002 წელს შევიდა ძალაში. ამ დროისთვის შეთანხმების მონაწილეა 35 ქვეყანა (ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქაღთველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ყირგიზეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები), თუმცა აქედან ერთს – ყირგიზეთს – საერთაშორისო ხელშეკრულება ჯერ რატიფიცირებული არ აქვს. ჩამოთვლილი სახელმწიფოები სამხედრო საქმიანობის კონტოლის მიზნით ერთმანეთს საჰაერო სივრცეს უხსნიან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს დაიწყება

ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა. “ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება. შეგახსენებთ, ვაქცინამ, რომელიც ორ დოზას საჭიროებს, 95% ეფექტურობა აჩვენა. Pfizer იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონამდე დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი.

ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა

ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ შვიდი ქვეყანა შეუერთდა. კერძოდ, სანქციებს შეურთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი 2 ოქტომბერს დაამტკიცა, 6 ნოემბერს კი სანქციები გააფართოვა. სანქციების ფარგლებში შედგენილი შავი სია 60-მდე პირს მოიცავს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტს – ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის დამხმარეს ვიქტორ ლუკაშენკოს, ასევე ლუკაშენკოს პრესმდივან ნატალია ეისმონტს.

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაჭრილებს შორის ერთი მოზარდია. ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც, თვითმხილველების აღწერით თეთრკანიანი ახალგაზრდა მამაკაცია, გაიქცა. ინციდენტის ადგილზე 50-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.

სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

ჯორჯიაში ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა დასრულდა, რის შედეგადაც შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შტატში 5 მილიონამდე ბიულეტენს ხელით, 6 დღის განმავლობაში ითვლიდნენ. შტატის მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 12 284 ხმით უსწრებს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდისთვის მზადებას იწყებს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მზადება სანქციების ახალ რაუნდზე, რომელიც ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ბრიუსელში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა. „ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიები ადამიანების წინააღმდეგ არ წყდება. ჩვენ სასანქციო სიაში უკვე შევიყვანეთ 50-ზე მეტი ადამიანი სანქციების ორი რაუნდის შედეგად და დღეს ჩვენ მოვილაპარაკეთ დავიწყოთ მზადება სანქციების ახალი რაუნდისთვის“, - განაცხადა ბორელიმ. მისი თქმით, ამჯერად, სანქციები შეეხება არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, არამედ ინსტიტუტებსა და კომპანიებს. ბორელიმ დასძინა, რომ ლუკაშენკო არ მიდის საზოგადოებასთან კონსტრუქციულ დიალოგზე და ბელარუსში ვითარება ბოლო დროს მხოლოდ უარესდება.

სამოაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წყნარ ოკეანეში, სამოაზე ახალი კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ტუილაეპა საილელე მალიელეგაუიმ ქვეყნის 200 ათას მოქალაქეს ტელეეთერით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ინფიცირებული მეზღვაურია, რომელიც სამოაზე ახალი ზელანდიიდან ჩავიდა. ასევე ცნობილია, რომ ვირუსის გამოვლენიდან 4 დღეში ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება. „ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, - განაცხადეს ევროკომისიაში. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბარაკ ობამა: ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის დაესაჯა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემასა და ამ თემაზე რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან გამართულ საუბარს იხსენებს. „G20-ის სამიტზე „ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე უფრო მედვედევთან შეხვედრა მაინტერესებდა. აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაბალ ნიშნულზე იყო. გასულ ზაფხულს, მედვედევის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში რუსეთი მეზობელ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რითაც ძალადობა და დაძაბულობა გამოიწვია“, - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა პუტინის მზარდი გაბედულობისა და აგრესიულობის ნიშანი იყო. „ეს იმის ნიშანი იყო, რომ პუტინს შემაშფოთებლად არ სურდა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა. ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ დაწყებას იმედოვნებდა, რათა დიალოგი დაგვეწყო ჩვენი ინტერესების დასაცავად, რეგიონში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიზნებისთვის თანამშრომლობის მისაღებად. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მედვედევს პირადად შევხვდებოდი სამიტის წინა დღეს“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა თავის მემუარებში. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, 2009 წელს, G20-ის სამიტზე დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის საკითხის განხილვით დაიწყო. „როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ჩაეჭიდა. მან საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა კრიზისის გამწვავებაში და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ძალადობისგან დასაცავად მოქმედებდა. მან უარყო ჩემი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში აშშ-ის ძალებისგან განსხვავებით, რუსულ ძალებს, როგორც განმათავისუფლებლებს მიესალმნენ. ამ ყველაფრის გაგონებაზე საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები გამახსენდა, რომ „ტყუილი არა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი გახდა“. მედვედევს განცხადებაში გარკვეული ირონიული განკერძოებულობა შევატყვე, თითქოს უნდოდა მცოდნოდა, რომ მას ნამდვილად არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა“, - იხსენებს ბარაკ ობამა. წყარო

დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხმების გადათვლა უისკონსინის შტატშიც მოითხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამ შტატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 000 ხმით აჯობა. უისკონსინში ხმების ნაწილობრივი გადათვლის მოთხოვნა ტრამპის იურისტებმა, პროცედურისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, მილუოკისა და დეინის რაიონებში არჩევნების დროს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტები არჩევნების შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებენ. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 5,6 მილიონი ხმით მეტი მიიღო. წინასწარი პროგნოზებით, საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენი 306 ხმას მიიღებს, ხოლო ტრამპი 232-ს. იმისათვის, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს, აუცილებელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ სულ მცირე სამ შტატში შეიცვალოს. ამჟამად ხმების ხელით გადათვლა გრძელდება ჯორჯიის შტატში. შედეგები 20 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 250 029-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11.5 მილიონს მიაღწია. შეერთებული შტატები პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში როგორც კოვიდიფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით. 1 სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვასა და ნებრასკას შტატებში. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო ქალაქ ნიუ-იორკში დღეიდან სკოლები იხურება.

ბერლინში, ეპიდშეზრუდვების წინააღმდეგ გამართული აქცია, წყლის ჭავლით დაშალეს

ბერლინში, პოლიციამ, ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები დაშლისკენ მოწოდებას არ დაემორჩილნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ ჰიგიენურ ნორმებს არღვევდნენ. ბერლინის ცენტრში მიმდინარე აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190-მდე პირი და დაშავებულია 9 პოლიციელი. გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ 18 ნოემბერს დამტკიცებული ცვლილებები, ეპიდაფეთქებების დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთი ზომების ჩამონათვალშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და სხვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სოციალური და ეკონომიკური შედეგები. ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მთავრობის უფლებამოსილებას აფართოებს და მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს. გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 854 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 13 400-ს აჭარბებს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 56 016 137 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 028 474 და დაიღუპა 1 345 070 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.9 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.9 ინფიცირებულით. ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 13 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 788 473 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 42 461 პაციენტი გარდაიცვალა.

იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია - მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ზომებს გაგებით მოეკიდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მერკელმა აღნიშნა, რომ სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, მიღებული გადაწყვეტილებები კი მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული იყო. „თუმცა, იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა მიუნხენში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.

„აზიის განვითარების ბანკმა“ წევრებისთვის კოვიდ19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

„აზიის განვითარების ბანკმა" 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ტექნიკური დახმარების სახით, განვითარებადი წევრებისთვის კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისა და ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური განაწილებისთვის სისტემების დანერგვის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ADB-ში აცხადებენ, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად, რათა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგისთვის. ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ცივი ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს. „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად საერთო ჯამში კარგად იმუშავა. უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია. აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება", - განაცხადა ADB-ის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვოჩონგ უმმა. ინფორმაციის თანახმად, ADB ტექნიკური დახმარების განხორციელებას პარტნიორებთან - UNICEF-თან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად გეგმავს, COVAX-თან, Gavi-სთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მრავალმხრივ სააგენტოებთან კოორდინაციის გზით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების 20 მილიონ აშშ დოლარს ADB-ის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300,000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

რუსეთში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 442 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 971 013-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 442 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 33 931-ს მიაღწია. რუსეთში კოვიდ 19-სგან დღემდე 1 475 904 ადამიანი განიკურნა.

ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება

ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ წაუყენეს. როგორც ჩინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ზანი ქალაქ უხანში თებერვალში ჩავიდა დ იქ არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდა. მათ შორის მან გაავრცელა ცნობები, ქალაქში მომუშავე სხვა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების შესახებ. მის რეპორტაჟებში საუბარი იყო ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც. რეპორტიორი 14 მაისს უხანში გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯან ზანი შანხაიში დააკავეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეპორტიორი შიმშილობს და ამგვარად აპროტესტებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.ახალი ბრალდების მიხედვით, ჩინელს ჟურნალისტს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა. ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის „კარანტინში“ იმყოფებოდა.