უცხოეთი

ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებულებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალისთვის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.

სუდანის პრემიერ-მინისტრმა მასობრივი პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა

სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა მასობრივი პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს. 25 ოქტომბერს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას სუდანის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. გადატრიალების დროს აბდალა ჰამდოკი დროებით დააკავეს. ქვეყნის სამხედრო უფროსმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა, ნოემბერში ჰამდოკი პოზიციაზე აღადგინა, როგორც სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების ნაწილი. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას და გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვენ.

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ეჭვმიტანილი 50 წლამდე კაცია. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პატრიცია დე ლილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირი პარლამენტის შენობაში დააკავეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შემთხვევა კვირას მოხდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა პარლამენტის სახურავი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კეიპტაუნში ძლიერმა ხანძარმა პარლამენტის შენობა მთლიანად დააზიანა

ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს

"რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს", – თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ისა და რუსეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით დაიწყება. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენს გარეშე“. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი: მტკიცედ ვარ დარწმუნებული, მომავალი წელი უკეთესი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება. „დღეიდან საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ჩვენ ეს მომენტი პროგრესისთვის უნდა გამოვიყენოთ, 2022 წელი ევროპის შემობრუნების წელი უნდა იყოს", - განაცხადა მაკრონმა.

ბრიტანეთმა Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო ტაბლეტები დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაამტკიცა ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი „პაკსლოვიდის“ ტაბლეტები. ამასთან, „პაკსლოვიდი“ ინიშნება ძალიან სწრაფად კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეებში და პრეპარატის მიღება ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს არავაქცინირებულ ადამიანებში. "პაკსლოვიდი" მეორე ვირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ნოემბერში მარეგულირებელმა ორგანოებმა პრეპარატი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცეს.

ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება შეეძლებათ. ამრიგად, ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია. როგორც ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მოქალაქეების სხვა ჯგუფებისთვის მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაციას სამინისტრო ეპიდვითარების შესწავლის საფუძველზე მოგვიანებით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი მესამე დოზა მოქალაქეებს ზაფხულში შესთავზა. მეოთხე დოზის გაკეთებაზე ნებართვა ისრაელის ჯანდაცვის სამინიტრომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო გასცა. ისრაელი ასევე არის ერთ-ერთ პირველი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ გამოყენებას შეძლებენ. ისრაელში ამაჟამად კორონავიურსით ინფიცირებულია 20 000 ადამიანი, მათგან 94-ის მდგომაროება მძიმეა.

აშშ-ის კოლორადოს შტატში ხანძარმა ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

აშშ-ის კოლორადოს შტატში, ტყეში ხანძარმა ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ბოულდერის რაიონში, რომელიც დენვერის ჩრდილოეთით მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის დროს ექვსი მეხანძრე დაშავდა. ქალაქ ლუისვილსა და სუპერიორში მცხოვრებ 30 000 ადამიანს ხანძრის მოახლოების გამო სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულ ქალაქებში ცეცხლმა 210 სახლი მთლიანად გაანადგურა. ხანძარმა დააზიანა სავაჭრო ცენტრის შენობაც. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რომელმაც ასევე დააზიანა ელექტროგაყვანილობის ხაზები.

კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან საუბარში მიანიშნა, რომ თუ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს. „ამ განცხადებაზე პუტინის რეაქცია იყო განცხადება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სრულად გაწყდეს. ზოგადად დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება“, – განაცხდა უშაკოვმა. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს შედგა. ლიდერებმა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.

მსოფლიოში ახალი შტამის,`„ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, წესების მკაცრი დაცვით გაიმართება

მსოფლიოში ახალი შტამის,`„ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, წესების მკაცრი დაცვით გაიმართება. ასე იქნება ნიუ იორკში, სადაც ბროლის ბურთის დაშვებას ახალი წლის ღამეს მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან და ღონისძიებაზე მოსახვედრად მათ კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ. ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ლონდონშიც, სადაც მოქალაქეებს 2022 წლის შემოსვლას ბიგ-ბენი ამცნობს. საათის განახლებული მექანიზმი წინასწარ შეამოწმეს, თუმცა ლონდონში საახალწლო ფოირვერკს არ გაუშვებენ. საახალწლო ფოირვერკები და მასობრივი ღონისძიებები აკრძალეს ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, ვარშავასა და რომში. ამასთან, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ წელს გაიმართება ფოიერვერკების შოუ. საახალწლო ღონისძიებები, პანდემიის მიუხედავად, ბრაზილიაშიც გაიმართება. საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ინდოეთში, სადაც ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს და რესტორნებს მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1 მილიონს მიაღწია. აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ინფიცირებულების დღიური რაოდენობა რეკორდულად გაიზრდა.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს 3+3 ფორმატში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ

დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა გვეუბნება, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს 3+3 ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „დასავლეთის ზოგი ერთი ქვეყანა არის წინააღმდეგი, რომ საქართველომ მიიღოს მონაწილეობა 3+3 ფორმატში. ისინი გვეუბნებიან ჩვენც, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს ამ ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო. ეს არ შეიძლება ზეწოლით მოხდეს. თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობისკენ, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის რეალური დიალოგი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ამასთან, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლiს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლიდერების საუბარი 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება “კოლოსალური შეცდომა იქნება” და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. თავის მხრივ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აშშ-სა და მისი მოკავშირეების სერიოზული ნაბიჯები მოჰყვება. “პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას დაიცავენ. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სატელეფონო საუბარს გამართავენ. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-სპიკერის, ემილი ჰორნიმლს თქმით, ლიდერები არაერთ საკითხს განიხილავენ, მათ შორის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტების საუბრის თემა ასევე იქნება უკრაინის საზღვრის კრიზისი და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე თვეში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის რიგით მეორე სატელეფონო საუბარია.

საფრანგეთში COVID19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საფრანგეთში, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 77% სრულადაა ვაქცინირებული.

უილიამ კორტნი: ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი "ქართული ოცნების" მხრიდან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. "სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?", - წერს უილიამ კორტნი twitter-ზე. ცნობისთვის, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა

ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ბაიას შტატს, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხანგრძლივი წვიმის შედეგად ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე წყალდიდობა დაატყდა თავს, თუმცა მდგომარეობა შობის დღეებში გაუარესდა მას შემდეგ, რაც შტატში ორი კაშხალი გაირღვა. დატბორილი სახლები მოსახლეობამ მაშველების დახმარებით დატოვა. ”სამწუხაროდ, თავს დაგვატყდა ბაიას ისტორიაში ყველაზე უარესი სტიქია,“- განაცხადა შტატის გუბერნატორმა რუი კოსტამ. მისი თქმით, 72 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჯო ბაიდენმა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 770 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. აღნიშნული კანონპროექტი მიმდინარე თვის დასაწყისში სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და მას დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლობის უმრავლესობამ მისცა ხმა.ბიუჯეტი, რომელიც წინა წელთან შედარებით 5 %-ით არის გაზრდილი, სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, ასევე ბიუჯეტში გაწერილია სტრატეგიები გეოპოლიტიკურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე. აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივისთვის. 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივისთვის და 150 მილიონი დოლარი ბალტიის უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის. ბიუჯეტი ითვალისწინებს 16-წევრიანი კომისიის შექმნას ავღანეთის ომის შესასწავლად. რაც შეეხება ჩინეთს, კანონით გათვალისწინებულია 7,1 მილიარდი დოლარი წყნარი ოკეანის რეგიონის შეკავების ინიციატივისთვის.

სერგეი ლავროვი: აშშ-სთან მოლაპარაკებები არდადეგების შემდეგ გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჩატარდება რუსეთში უქმეების პერიოდის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ მოლაპარაკებებში სამხედროებიც მონაწილეობდნენ. რუსეთში შობას 7 იანვარს ზეიმობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი სამუშაო დღე 10 იანვარზე მოდის. ლავროვის კომენტარის ფონია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამწვავებული ურთიერთობები უკრაინის საზღვარზე რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალის თავმოყრის გამო. ამავე დროს კრემლი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 დეკემბერს, წლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, დასავლეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ შეასრულოს მოთხოვნები. ლავროვმა 27 დეკემბერს რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთს სურს, ნატოსთან ნებისმიერ მოლაპარაკებებში სამხედროებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამავე დროს მან დასავლეთის უსაფრთხოების ალიანსი გააკრიტიკა და მას „გეოპოლიტიკური პროექტი“ უწოდა. ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა წინადადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართოს 12 იანვარს. კრემლს ჯერჯერობით არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას.

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. მისი თქმით, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და სომხეთი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის ზუსტ თარიღს სატელეფონო საუბარში შეათანხმებენ. „მხარეთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ჩვენ პირდაპირი კონტაქტების განხორციელება გვინდა. აუცილებელია საგზაო რუკის დადგენა პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებით იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სომხეთს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის თარიღი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული. „განიხილება მოსკოვში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა უნანიანმა. მანამდე, სომხეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმაც.

ბრაზილიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიის ბაიას შტატში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. მედია ადგილობრივ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაკარგულად ითვლება. ამასთან, 35 000-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გაიყვანეს. გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ნოემბრიდან მოყოლებული მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, 286 ადამიანი კი დაშავდა. სტიქიის შედეგად საერთო ჯამში 430 000-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული. ბაიას შტატში ადიდებულმა მდინარეებმა ორი კაშხალი გადალახა. „მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ბაიას შტატის უახლოეს ისტორიაში არ მახსოვს. წყლის ქვეშ მოქცეული ქუჩების, სახლებისა და ქალაქების ხილვა მართლაც შემზარავია“, – განაცხადა ბაიას შტატის გუბერნატორმა რუი კოშტამ.