უცხოეთი

ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა და ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარ შეშფოთებას წარმოაჩენს. სალივანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების უკანასკნელი შეფასება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. „ვაპირებთ, რომ მაგიდაზე დავდოთ ჩვენი შეშფოთების საკითხები. აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ პუტინს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, გასული კვირის შემდეგ რაიმე ცვლილება არ მომხდარა“, – განაცხადა სალივანმა.

იაპონიის ქალაქ ოსაკის ცენტრში მასშტაბური ხანძარია

იაპონიის ქალაქ ოსაკის ცენტრში მდებარე ბიზნესკვარტალში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. არსებული ცნობებით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეოთხე სართულზე, ადგილობრივი დროით 10:20 საათზე (თბილისის დროით 05:20 საათზე) გაჩნდა, რის შემდეგაც დაშავდა 28 ადამიანი. მათგან 27-ს აღენიშნებოდა გულისა და სუნთქვის გაჩერება. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში სიცოცხლის ნიშნების გარეშე გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, შენობის იმ სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, განთავსებული იყო კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ზოგად სამედიცინო, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას. ხანძრის გამომწვევი დაზუსტებული მიზეზი ჯერ უცნობია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ერთ-ერთი მამაკაცის ხელში არსებული საქაღალდიდან სითხის დაღვრამ გამოიწვია.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები: მსოფლიოს ჯანდაცვისთვის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი უდიდესი გამოწვევაა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ ამჟამად, მსოფლიოს ჯანდაცვისთვის უდიდესი გამოწვევა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტია და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ღრმად შეშფოთებული მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს მოვლენები უნდა განიხილებოდეს, როგორც უდიდესი საფრთხე გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ახლა, მჭიდროდ თანამშრომლობა, მონიტორინგი და მონაცემების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს დიაგნოსტიკის, ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გლობალურ ხელმისაწვდომობაზე, რათა ებრძოლონ მის გავრცელებას. ”მინისტრები ასევე შეთანხმდნენ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ ამერიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება, რაც აუცრელებს მძიმე შედეგებით ემუქრება. ჯო ბაიდენმა მოუწოდა მოქალაქეებს, სწრაფად გაიკეთონ ვაქცინის მესამე დოზა, რათა ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგი თავიდან იყოს აცილებული. „ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, – განაცხადა ბაიდენმა ამჟამად „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ამერიკის 36 შტატშია აღრიცხული.

WHO: "ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3 დღეში ერთხელ ორმაგდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაფრთხილება გამოაქვეყნა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების შესახებ. „ომიკრონით“ დაავადება უკვე 77 ქვეყანაში გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. ამის შესახებ WHO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განუცხადა მედიას. მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ვითარება „რვაჯერ უფრო სერიოზული იქნება ერთ კვირაში და 40-ჯერ უფრო სერიოზული - ორი კვირის შემდეგ“. რომც დადასტურდეს „ომიკრონის“ შტამის დაბალი ლეტალურობა, ვირუსის სწრაფი გავრცელება „შეარყევს“ ჯანდაცვის სისტემას, მიაჩნია WHO-ს წარმომადგენელს. ასეთ პირობებში მხოლოდ დიდი იღბლიანობის შემთხვევაში შეიძლება მაღალი სიკვდილიანობის თავიდან აცილება. ნაბაროს თქმით, ის არასოდეს ყოფილა ისე შეშფოთებული COVID19-ის გამო, როგორც ახლა. ამასთან დაკავშირებით ის გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ვაქცინაცია, მათ შორის ბუსტერების გამოყენება, ასევე გამონაკლისის გარდა ყველა ადამიანს შორის შემცირდეს სოციალური კონტაქტები. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონი“ ადამიანის ბრონქებში 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება კორონავირუსის ამოსავალ „დელტა“ შტამთან შედარებით. ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, იანვარში „ომიკრონი“ შეიძლება დომინანტი გახდეს ევროპაში.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები მოჰყვება

ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზების საკითხი განიხილეს. მისი თქმით, საზღვართან მზადყოფნის რეჟიმში მყოფი ათი ათასობით ჯარისკაცის, ტანკების, არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჯავშანტრანსპორტების მობილიზება სამხედრო ძალის ზრდის შეჩერების ან შემცირების ნიშანს არ იძლევა. „რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას მძიმე შედეგები და მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მან მოსკოვთან დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.

ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა

ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ დევენპორტში მოხდა, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე. პოლიციის ინფორმაციით, კოშკის ფორმის მქონე გასაბერი ბატუტი, რომელზედაც დაწყებითი სკოლის რამდენიმე მოსწავლე იმყოფებოდა, ძლიერმა ქარმა ჰაერში ასწია 10 მეტრამდე. კონსტრუქციიდან ცხრა ბავშვი გადმოვარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი მცირეწლოვანი და დაშავებულია ხუთი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. შემთხვევას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი გამოეხმაურა და ინციდენტს „წარმოუდგენლად სულისშემძვრელი“ უწოდა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიციელები იმყოფებიან, რომელთა განცხადებით, უბედურ შემთხვევას სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლები შეისწავლიან.

საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს

საბერძნეთი, COVID19-ის შეჩერების მიზნით, ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში შესვლის ნებართვა მხოლოდ იმ მოგზაურებს ექნებათ, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ამასთან, აღნიშნული წესი ძალაში 19 დეკემბრიდან შედის. ცნობისთვის, საბერძნეთში ვირუსს 19 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნაზე სრული შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ამასთან, ალიევის თქმით, ბაქომ მოახერხა ერევნის დარწმუნება, რომ საავტომობილო გზის გახსნა გარდაუვალია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანს სომხეთთან საზღვრის გახსნა სურს, თუმცა სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ სურს. „ნებისმიერ შეთხვევაში, აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობლები არიან და არც ერთი ჩვენგანი სხვა პლანეტაზე არ გადასახლდება“, – აღნიშნა ალიევმა.

უკრაინის პრეზიდენტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას

"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ვისაუბრეთ და უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე ესკალაციასთან დაკავშირებით, რეაგირების ხუთი ვარიანტი განვიხილეთ. თუმცა, ჩვენ, უკრაინას მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ისეთი როგორიც 2014 წელს, მას შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. თუმცა უკრაინა აქ მშვიდობიანი პროცესისთვის იმყოფება და მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს. ვისაუბრეთ სამმხრივ ფორმატის დროსაც გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან ნორმანდიული ოთხეულის განახლებაზე. ეს იყო ძირითადი საკითხი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციები და რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მათი გადამწყვეტი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია სანქციები იქამდე დაწესდეს, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც კონფლიქტი მოხდება. რადგან იქამდე დაწესებით ის პრევენციული მექანიზმი იქნება. კონფლიქტი თუ მოხდება და შემდეგ დაწესდება სანქციები, მათ აზრი აღარ ექნებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსოფლიოში COVID19-ს დღემდე 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5.34 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 244 მილიონს აჭარბებს. ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 51 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან 15 დეკემბერს, ბრიუსელში და უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის გაზრდას განიხილავენ. როგორც ცნობილია, რომ შეხვედრა ჩატარდება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე. უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები რუსეთს ბრალს სდებენ დაძაბულობის ესკალაციაში და უკრაინაზე თავდასხმის მზადებაში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და საპასუხოდ უკრაინას ადანაშაულებს პროვოკაციების მოწყობაში.

ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ჰონგ კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია. ასობით ადამიანი შენობის სახურავზეა და გამოსვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. ამასთან, სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა. მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანდრიუს კუბილიუსი: მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს? ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს

მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, "პუტინის დამშვიდების პოლიტიკას" მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოყვება. "პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. აქაა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის და არა უკრაინელებისთვისა და ქართველებისთვის. მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დამშვიდების სტრატეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ჰიტლერის დამშვიდების სტრატეგიაში კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავლით და დასავლეთი დანებდა ახლა პუტინი უკრაინის მომავლით დასავლეთს აშანტაჟებს. მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარაა საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ კრემლის მოთხოვნებს", - განაცხადა კუბილიუსმა.

გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის თემაზე თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ბერბოკმა საუბარს „მოსაზრებათა პატიოსანი და გულახდილი გაცვლა“ უწოდა. მისი სიტყვებით, მან აუწყა ლავროვს გერმანიის პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს, რომ საჭიროა წინსვლა ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებში. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს რუსეთის ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობასა და წყალბადის ტექნოლოგიებში თანამშრომლობაზე. როგორც მინსტრებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი, რუსეთში სურს, რომ გერმანიამ, როგორც ნორმანდიის ფორმატის მონაწილე ქვეყანამ, გავლენა იქონიოს კიევზე.

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მედიის ცნობით, საუბრის მთავარი თემები ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისი და უკრაინის საკითხი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველ პირთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით გარანტიებზე დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები სურს. შეგახსენებთ, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროსაც დააყენა. ამასთან, მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ყარაბაღის თემაზეც ისაუბრეს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ის მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მოწყობის გამო დამნაშავედ სცნო. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას” ცნობით, განაჩენი სამშაბათს, ქალაქ გომელში მდებარე სასამართლოში გამოიტანეს. ტიხანოვსკისთან ერთად პატიმრობა კიდევ 3 ოპოზიციონერს - მიკოლა სტატკევიჩს, იგორ ლოსიკსა და ვლადიმერ ციგანოვიჩს შეუფარდეს. შეგახსენებთ, სერგეი ტიხანოვსკი, 2020 წლის მარტში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააკავეს. ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ მისმა მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარედგინა. ოფიციალური შედგების მიხედვით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების ლიდერები მას ბრალს არჩევნების მასობრივ გაყალბებაში სდებენ. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაბლოკვასთან დაკავშირებით: ზოგიერთ დედაქალაქში შიში იმარჯვებს

გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზოგიერთ დედაქალაქში შიში იმარჯვებს. „ლა რესპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება, შეიძინოს თავდაცვის საშუალებები. „ომის მერვე წელს მართლა არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია, გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება, შეიძინოს ასეთი თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში შიში ჯერ კიდევ იმარჯვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ნატო-ს მხრიდან უკრაინისთვის სნაიპერული შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვა გერმანიამ დაბლოკა.

ბრიტანეთში, „ომიკრონით“ სავარაუდოდ, ყოველდღიურად 200 000 ადამიანი ინფიცირდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ყოველდღიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება. BBC-ის ცნობით, ეს არის არა ოფიციალური სტატისტიკა, არამედ მეცნიერულ მოდელირებაზე დაფუძნებული ციფრები. ჯერჯერობით ბრიტანეთში დადგენილია „ომიკრონით“ დაავადების 5000 შემთხვევა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს და ყოველ ორ-სამ დღეში დაახლოებით ორმაგდება. დღესდღეობით ლონდონში კორონავირუსის ინფექციით დაავადებულთა 44 %-ში სწორედ „ომიკრონი“ გამოვლინდა და მოელიან, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსის ახალი შტამი კიდე უფრო გაბატონდება ბრიტანეთის დედაქალაქში. ცნობისთვის, 13 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას „ომიკრონით“ პირველი პაციენტის გარდაცვალების შესახებ აუწყა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევანსა და სტამბულს შორის ჩარტერული ფრენების განახლების შესახებ იუწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა და ერევანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მიმართული ნაბიჯების განსახილველად სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ და განაახლებენ ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას სტამბოლსა და ერევანს შორის. ამასთან, ჩავუშოღლუს განცხადებით, სომხეთთან ურთიერთობის საკითხზე თურქეთის მხარემ კონსულტაციები გამართა აზერბაიჯანთან და შემდგომშიც, სომხეთთან მოლაპარაკებების პროცესში, თავის ნაბიჯებზე რეგულარულად ჩააყენებს საქმის კურსში აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს სომხეთთან ვითარების ნორმალიზების მიზნით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებას. თავის მხრივ სომხეთი ყოველთვის მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ნორმალიზების პროცესის დასაწყებად, - აღნიშნა უნანიანმა და დასძინა, რომ წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სომხეთის სამთავრობო პროგრამაშიც არის გაწერილი.