პოლიტიკა

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების მინისტრები: საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასწორზე დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვიეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს. ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა - რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმატიზებას იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და აცხადებს მათ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებს; ასევე - ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე, თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ცრუ ნარატივების გავრცელებას არ დაუშვებს. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. მზად ვართ, გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ წერია განცხადებაში. ინფორმაციისთვის: ვაიმარის სამკუთხედი არის საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის რეგიონული ალიანსი, რომელიც 1991 წელს, გერმანიის ქალაქ ვაიმარში შეიქმნა. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ტრანსსასაზღვრო და ევროპულ საკითხებში. ის ძირითადად. სამი ქვეყნის ლიდერებისა და მათი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების სახით არსებობს. წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს პარლამენტთაშორის კონტაქტებს და სამხედრო, სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობას.   „ვაიმარის სამკუთხედის“ ყველაზე მთავარ მიღწევად განიხილება პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაიმარის სამკუთხედი უკრაინისთვის მდგრადი დახმარების უზრუნველსაყოფად მოქმედებს. გასულ წელს, მედია წერდა, რომ ომის დასრულების შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედს“ სავარაუდოდ, ურკაინაც შეუერთდება და ეს ფორმატი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ქვაკუთხედად იქცევა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.  

ამერიკის ელჩი: იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ „აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.“ „ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა, კონსტრუქციული ურთიერობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით... ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა.“ ელჩი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. „სწორედ ასე შეიძლება, იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე“, ამბობს რობინ დანიგანი. „ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და ტექნიკური პროფესიონალები არიან და, ჩემი აზრით, მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველჰყოფას, რათა ხალხმა იცოდეს, რომ კენჭისყრა ფარულია და ხმის მისაცემად მივიდეს. ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას. მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ისა და NDI-ს გრძელვადიანი მისიები - ორი ორგანიზაციისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. მათ მიიღეს როგორც ამ ორი ორგანიზაციის, ისე სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულა. ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამაში დასარწმუნებლად გვეყოლება დამკვირვებლები. მაგრამ, ხალხმა ასევე უნდა იცოდეს, რომ მათი ხმა იქნება ფარული. და, ჩვენი აზრით, დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის მიცემა წმინდა დემოკრატიული უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. სწორედ ასე შეიძლება იყოს გაგონილი შენი ხმა და იმედი მაქვს, ხალხი წავა არჩევნებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი არჩევნებიც არის. ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების - ანუ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ, დემოკრატი სენატორის - [ჯინ] შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის - ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიული კანონმდებლობაზე, რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ, რეალურად, მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.“ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული შანსები, რომ არჩევნებამდე აშშ-სთან ურთიერთობა გააუმჯობესოს? ამ შეკითხვას რობინ დანიგანი ასე პასუხობს: „აბსოლუტურად! მთავრობა კი კვლავ იმეორებს, რომ მომავალ წელს, ყველაფერი უკეთესად იქნება, არჩევნების შემდეგ ყველაფერი უკეთესი იქნება... და ჩემი კითხვაა, რატომ არა ახლა?! ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა, მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესია. არ არის საჭირო მოცდა.“  

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოზე მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 86-მა კი, თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს ე.წ. უცხოური „აგენტების კანონის“, ასევე, „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც რეზოლუციის მიხედვით, „ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.“ რეზოლუციის ტექსტში ასევე საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს. ასევე, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროდეპუტატები ელოდებიან, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას.“ ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს. ასევე წაიკითხეთ: კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  

კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

8 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მოკლე მოხსენებით წარდგა.  მან ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება. „ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია,“ - განაცხადა ვერა იუროვამ. იუროვა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების და რიტორიკის“ ფონზე, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერდა. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა. მისი თქმით, არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. მან გააკრიტიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკაც. „ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, უსირცხვილო დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივი მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.“ ევროპარლამენტში 8 ოქტომბრის დებატებს მოსდევს ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციების კენჭისყრა.  

ევროკავშირი: დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველო 121 მილიონ ევროს დაკარგავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლისთვის, ქვეყანა 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას დაკარგავს. საუბარია საბიუჯეტო დახმარებაზე. ამ 121 მილიონში შედის ის თანხაც, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში იყო გამოყოფილი ქვეყნისთვის და არ დახარჯულა. კერძოდ, 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.“ „2022 წელს გამოყოფილი თანხებიდან შეჩერებული/გადანაწილებულია 12 მილიონი ევრო, 2023 წლიდან 72, ხოლო 2024 წლიდან 37.3 მილიონი ევრო. ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება,“ განმარტავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომელიც ინფორმაციას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ელჩი: ჩემი როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის მიერ დასმული შესაბამისი შკითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს გაკეთებულ თავის შეფასებას, რომელსაც მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. „თუ მეკითხებით, რაც ვთქვი პარასკევს ბანერებზე, რომლებიც თბილისში ბევრ ადგილას არის გამოკრული, მკითხეს ჩემი ხედვის შესახებ და მე გავუზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში. მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმუმს ვაკეთებ და ყველა ჩემს საუბარში ვცდილობ, უზრუნველვყო, რომ არასოდეს დამადანაშაულონ ჩარევაში. ვიმეორებ კიდევ და კიდევ, რომ მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, გამოხატონ თავიანთი ხედვები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თავად ქართველებმა და გულწრფელად მჯერა, რომ ხალხი მივა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიული გზით, რომ არჩევნები ჩაივლის უმაღლესი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტით, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, ძალიან დაკვირვებით შევაფასებთ სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს და, რა თქმა უნდა, ძალიან დაკვირვებით მოვუსმენთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს. ამჟამად შემიძლია, ვთქვა რასაც ვამბობ და ვიმეორებ: ჩვენ, ევროკავშირი, ვთანამშრომლობდით დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენ ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომელსაც საქართველოს ხალხი აირჩევს 26 ოქტომბრის არჩევნებში," - განაცხადა ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასთან საუბარში. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და ყველგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ძალიან სწრაფად განახლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ.“ „ჩვენ გვსურს თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ და ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საერთო მომავლის შესახებ,“ - აღნიშნა ელჩმა. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერებზე გამოსახულია, "არა ომს - აირჩიე მშვიდობა", რომელზეც გამოსახულია უკრაინაში ომით დანგრეული შენობები, მეორე მხარეს კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აშენებული ან რეაბილიტირებული შენობები. ელჩმა მას "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით „დაგმო პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება.“

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ისევ იწყებს

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალი დაწყების საფუძველი კვლავ ვიზიტებია, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრები. 30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. პირველ ოქტომბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვარშავაში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების ფორუმში და პოლონეთის პრეზიდენტ დუდას შეხვდა. ელისეს სასახლეში 3 ოქტომბერს გაიმართა საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ მოხარულია პარიზში მისი მიღებით. პრეზიდენტების შეხვედრა 3 ოქტომბერს ელისეს სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით, მაკრონის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომ მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რაც აყალიბებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს მისცეს ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც 2 ოქტომბერს შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ „უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.“ პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, თუმცა საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს. „როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში. აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ, გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურა არ დაეხმარება დეპოლარიზაციის შემცირებასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას.  „ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, შარშანდელიც და ახლაც, დაეხმარება დეპოლარიზაციას და შექმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს. ამჟამად ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში გასული წლის 14 სექტემბერს შევიდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე 2023 წელს (აგვისტო-სექტემბერში) საზღვარგარეთ გამართული შეხვედრები, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 2023 წლის 18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა  

ჯეიმს ო'ბრაიენი მეუფე იაკობს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" (CDD) აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 3 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საგარეო უწყებამ დააანონსა. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.                    

კალაძე ლავროვის განცხადებაზე: აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად, ის რომ, რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს პოზიტიურია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.“ „ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,“ - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება. „რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს „საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.  ცნობისთვის, 14 სექტემბერს, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცეს უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან. მეთიუ მილერი: არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება  

ფინეთში, რუსეთის საზღვართან, NATO სახმელეთო სარდლობას განთავსებს

მომავალ წელს, NATO ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას შექმნის. სარდლობას, ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსის სახმელეთო ძალების ოპერაციების წარმართვა დაევალება. შესაბამისი განცხადება ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს, 27 სექტემბერს გააკეთა. „დღეს დილით გადავწყვიტე, რომ NATO-ს შევთავაზებთ მიკელში, არმიის შტაბთან ერთად სარდლობა შექმნას,“ - განაცხადა ანტი ჰაკანენმა. ფინეთი NATO-ს გასულ წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მეზობელი რუსეთი, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ახლა, ფინეთი თავის ტერიტორიაზე ალიანსის წარმომადგენლობას აყალიბებს. პარასკევს, იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფინეთის არმიის სარდალმა პასი ვალიმაკიმ აღნიშნა, რომ ახალი დანაყოფის გეოგრაფიული არეალი მოგვიანებით გადაწყდება, მაგრამ თავდაპირველად ის ზედამხედველობას გაუწევს სახმელეთო ძალების ოპერაციების დაგეგმვას სკანდინავიის რეგიონში.  

აშშ საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის კალიბრირებაზე“ საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ტომ სალივანი საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის შეზღუდვაზე საუბრობს. სალივანი შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯების“ საპასუხოდ, ამერიკამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა. „გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ  შეშფოთებული ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს; ქვეყანას აშორებს იმას, რაც მოქალაქეების უმეტესობას სურს. ეს არის დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან ინტეგრაცია. ასე რომ, ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით, ჩვენ გადავდგით მთელი რიგი ნაბიჯები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის მხრივ, როდესაც ისინი აგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს. ამის საფუძველზე, ჩვენ მათთან ჩართულობის კალიბრირებას (to calibrate our engagement) გავაგრძელებთ. ვფიქრობ, თქვენ ნახეთ, რომ ეს აისახა ჩართულობაში ან ჩართულობის ნაკლებობაში ამ კვირაში,“ განაცხადა სალივანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.  

ელჩი გარეთ უორდი: ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა

„პირველად საქართველოს 25 წლის წინ ვესტუმრე, ასე რომ, მაქვს პერსპექტივა, როგორ ვითარდებოდა საქართველო. ამ კვირას გვქონდა ძალიან კარგი განცხადება, რომ განახლდება პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისში და პირიქით, რაც მიმოსვლას გაუადვილებს ტურისტებს, ბიზნესმენებს... რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, პირველ რიგში, ალბათ, უნდა ვახსენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. აქ დიდ როლს თამაშობს ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველაზე დიდი ბანკებიც. ამიტომაც, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა,“ ეს ამონარიდია ინტერვიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა გარეთ უორდმა რადიო თავისუფლებას მისცა.  რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, ელჩის შეფასებით, ეს ასევე უმნიშვნელოვანესი სექტორია. „უკვე წლებია, დიდი ბრიტანეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც - ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან, ვეხმარებით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში და ა.შ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ცხოვრება რუსეთთან ახლოს.“ ამავე ინტერვიუში ისაუბრა მან მოახლოებულ არჩევნებზე. „მალე არჩევნები გექნებათ, ეს კი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, შესაძლებლობა დასავლეთისთვის საკუთარი დემოკრატიული მახასიათებლების ხელახალი დემონსტრირებისა. ეს წელი გლობალურად არჩევნების წელია, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს არჩევნები, ჩვენც გვქონდა, ბრიტანეთში მთავრობა შეიცვალა. დემოკრატიის დინებაზე მიშვება არ გამოდის, დემოკრატია ძალისხმევას მოითხოვს. და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამას ვიხილავთ საქართველოშიც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. რუსეთზე „10 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთში ვმუშაობდი, კარგად შევისწავლე რუსეთის ქცევა, ხასიათი, უკეთ გავიაზრე რუსეთის მიდგომები. და ვფიქრობ, ნარატივებს კი არა, ფაქტებს უნდა შევხედოთ - ფაქტები კი მეტყველებენ იმაზე, რომ რუსეთია აგრესორი, და ჩვენ კი, დანარჩენი ევროპა, ერთად ვდგავართ მათი აგრესიის წინააღმდეგ. ბრიტანეთის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპელ და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად ვიდგეთ საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე, ეს კი დღეს უკრაინის გვერდში დგომას ნიშნავს. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ: საზღვრებს პატივი უნდა ვცეთ, უკრაინის საზღვარი იქნება ეს თუ საქართველოსი,“ ამბობს ახალი ელჩი. შეკითხვას, თავად რუსეთში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მმართველი პარტიისა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან? გარეთ უორდი პასუხობს: „მე ვცდილობ, მარია ზახაროვას და სხვა დეზინფორმატორების ნათქვამიდან არ ვაკეთო დასკვნები. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის ქვეყნებზე ზეწოლას თავისი ნარატივებით, რუსული ნარატივების ასალაგმად კი, სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი მთავრობაა საჭირო.“ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ ნარატივებსა და ნაბიჯებზე. რამდენად ეფექტურია დასავლეთის პასუხი? გარეთ უორდი ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ამბობს: „ბრიტანეთი ევროკავშირში არაა, ამიტომ ევროკავშირის მიდგომებზე ჩემი მხრიდან საუბარი უადგილო იქნებოდა, ამერიკასაც თავისი მიდგომა აქვს, მე კი, შემიძლია, ვისაუბრო როგორი იქნება ჩვენი, ბრიტანეთის მიდგომა. ჩვენს შეშფოთებას არსებული ტენდენციის გამო კარგა ხანია, ვუზიარებთ ქართველ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მჭიდრო პარტნიორული კავშირები საქართველოსთან, ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებული იქნება როგორც საერთო ინტერესებზე, ასევე საერთო ღირებულებებზე. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, შევძლებთ კონსტრუქციული პარტნიორობის ფარგლებში დარჩენას. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ეს ოპტიმისტური სცენარია, იმის ფონზე, რაც ხდება. განვიხილოთ პესიმისტური სცენარიც: სადაც სიტუაცია უარესობისკენ იცვლება, განსაკუთრებით კი, ღირებულებების ხარჯზე. მაშინ რა მოხდება? რა მიდგომა ექნება ბრიტანეთს? გარეთ უორდი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „წინასწარ დეტალურად ვერ გაგიწერთ, როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ეს სცენარი რეალობად იქცევა, იმიტომ, რომ ბევრი და კომპლექსური სცენარები არსებობს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, წარიმართოს პროცესები. მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთო ღირებულებების ქონა, ერთმანეთის ნდობა, რათა ამჟამინდელი ღრმა და ფართო ურთიერთკავშირები შევინარჩუნოთ. თუ ნაკლები ნდობა გვექნება, მაშინ ურთიერთობაც ცოტა უფრო სხვანაირი იქნება. დიდი ბრიტანეთი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, მაგრამ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთნდობის ხარისხზე დავაფუძნებთ.“  

პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღებას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად აფასებს. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს,“ - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.  

გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადადგომის შესახებ განცხადება 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო". „ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის,“ - განაცხადა ამილახვარმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის მისი თქმით, მინისტრის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა: „მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა. მაშინ მან თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.  

კიევი „გმობს პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენებას“

დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, მეორე მხარეს - საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით. ამ ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს - ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. უკრაინის საგარეო უწყება გმობს პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენებას და ეს ფაქტი დაუშვებლად მიაჩნია. კიევი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. „ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართული ოცნების” პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს,” - ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.  

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე განთავსდა. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“ იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან. ეს აქტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს. ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა  

"Eternity-2024" - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ტარდება

საქართველოში, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2024“ მიმდინარეობს. იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სწავლებაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სხვადასხვა  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების შესახებ ამოცანას შეასრულებენ. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და შერიგების გასაძლიერებლად ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე, მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება. „ETERNITY 2024“ მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე, რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.  

თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად - PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ თავისუფალი და ლეგიტიმური არჩევნები აუცილებელია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად. საქართველოში ორდღიანი ვიზიტი (23-24 სექტემბერი, 2024) დაასრულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით. იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, საკვანძო როლს შეასრულებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში სამართლიანი ადგილის დაცვაში. „ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება,“ - განაცხადა იულიან ბულაიმ. „ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი.“ „ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა, შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ, კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს,“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ბულაიმ აგრეთვე აღნიშნა: „ვგმობ საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა, საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა.“ „ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და მიესალმება, რომ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვის წყალობით მოხდება არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას. ასევე აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია. მიმაჩნია, რომ ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ, მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება, შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დასვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ,“ - განაცხადა ბულაიმ. „ჩვენ ასევე გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება. ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“ - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი 32 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს კენჭისყრის დასაკვირვებლად ეწვევა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.   

კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე: არასერიოზულია, ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია.“ პრემიერის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. „განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა  

ზალკალიანი: ამერიკელ მეგობრებთან ძალიან გულწრფელი საუბარი მექნება

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, „აშშ-სა და საქართველოს შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება.“ შესაბამის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში. ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ღრმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ ეს არის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ხვალ ვაშინგტონში დავბრუნდები და ეს საუბრები აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს. მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამაზე. ვიმეორებ, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამ გაუგებრობას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა,“ – განაცხადა ზალკალიანმა. ამერიკის საელჩო განმარტავს, რატომ გაუქმდა ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა