პოლიტიკა
ფაშინიანი: სომხეთი წინ წამოსწევს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ერევანში წარმატებით დასრულდა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი, რომელმაც გააერთიანა ლიდერები მთელი კონტინენტიდან და მის ფარგლებს გარეთ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და პარტნიორებს ფორუმის ორგანიზებისთვის. „მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ, სამიტის ერთობლივი ორგანიზების საქმეში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ასევე კონტინენტის მიღმა მყოფ პარტნიორებს - ამ ფორმატის გეოგრაფიის გაფართოებისთვის,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანი ასევე შეეხო რეგიონულ პროცესებს. „მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის დისტანციურ მონაწილეობას და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის დასწრებას სამშვიდობო პროცესისა და რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, დისკუსიებმა დაადასტურა დიალოგის საჭიროება. „დღევანდელმა დისკუსიებმა დაადასტურა, რომ მსოფლიოში მზარდი გამოწვევების პირობებში არსებობს გულწრფელი დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების საჭიროება ყველა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყურადღების ცენტრში იყო უსაფრთხოება, ურთიერთკავშირი, რეგიონული თანამშრომლობა, ეკონომიკის მდგრადობა, ენერგეტიკა და მწვანე ენერგიაზე გადასვლა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ურთიერთკავშირის მნიშვნელობას. „ურთიერთკავშირს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს კონტინენტზე ეკონომიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და გრძელვადიანი მდგრადობისთვის,“ - განაცხადა სოხეთის პრემიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ სფროში მიზნების წინსვლის კონტექსტში ურთიერთკავშირის გაძლიერება საერთო პრიორიტეტადაა აღიარებული. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. „სტაბილური მშვიდობა, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების გახსნა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ განამტკიცებს კავშირებსა და თანამშრომლობას უფრო ფართო ევროპულ სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. მანვე დაამატა, რომ ასევე განიხილეს ჰიბრიდული საფრთხეების თემა. „დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა ებრძოლონ დემოკრატიული ქვეყნები ჰიბრიდულ საფრთხეებს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი გააგრძელებს თავისი ინიციატივების წამოწევას რეგიონში. „სომხეთი აგრძელებს იმ ინიციატივების წინ წამოწევას, რომლებიც მიმართულია ინკლუზიური კავშირების გაფართოებისა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ,“ - თქვა მან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფორმატის მნიშვნელობა. „სამიტმა დაადასტურა, რომ ევროპული პოლიტიკური საზოგადოება არ არის მხოლოდ დიალოგის ფორმატი, არამედ პლატფორმა ნდობის განსამტკიცებლად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად უფრო კოორდინირებული და შორსმჭვრეტელი ევროპული დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად,“ - განაცხადა მან. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ერევანში გამართულ დისკუსიებს ხანგრძლივი გავლენა ექნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ერევნის დისკუსიები ამ სამიტის ფარგლებს გასცდება და ჩამოაყალიბებს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობასა და საერთო გაგებას კონტინენტზე,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. დღეს, 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები. ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მის მერვე სამიტს მასპინძლობს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში.“
შუა დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოა, პირველად გამოიყენეს ტვირთების უკუმიმართულებით გადაზიდვისთვის
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR შუა დერეფანი) პირველად გამოიყენეს ტვირთების უკუმიმართულებით გადაზიდვის ოპერაციებისთვის. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საკონტეინერო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში, ყაზახეთის გავლით გაიგზავნა, რაც მარშრუტის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს. პროექტი KTZ-ის შვილობილმა კომპანია KTZ Express-მა, თურქულ კომპანია Pasifik Eurasia Lojistik Dış Ticaret A.Ş.-თან თანამშრომლობით განახორციელა. მატარებელი იზმირის (თურქეთი) - აქტაუს პორტის - ალტინკოლის სადგურის - ჩენგსიანის (ფუჯიანის პროვინცია, ჩინეთი) მარშრუტით მოძრაობდა. ყაზახეთის ტერიტორიაზე, აქტაუს პორტი – ალთინკოლის მონაკვეთზე, ტრანზიტის დრო 83 საათს შეადგენდა. 50 ორმოცი ფუტის სიგრძის კონტეინერი საყოფაცხოვრებო მაცივრებს შეიცავდა. შუა დერეფანი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რამდენიმე ქვეყნის გავლით აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადის ცენტრალურ აზიაში, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და აღწევს ევროპას, რაც უფრო მოკლე სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელი საზღვაო მარშრუტებისთვის.
სომხეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს
სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობის შესახებ. სომხური მედია წერს, რომ გზა ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს შეამცირებს, რაც სომხეთში გადაადგილებას უფრო სწრაფს გახდის და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის, მანძილს 550 კმ-დან 490 კმ-მდე შეამცირებს, რაც დააჩქარებს სომხეთში გადაადგილებას და ქვეყნისთვის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის (მათ შორის, ირანიდან შავ ზღვამდე საქონლის გადატანისთვის). “როდესაც პრეზიდენტ მაკრონთან პირველად განვიხილავდით ამ თემას, ჩვენს მოტივაციაზე ვეუბნებოდი. ყოველთვის ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტების დანერგვის საჭიროებაზე სხვადასხვა სფეროში, მაგრამ გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნიათ ამ სტანდარტების დასანერგად და ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ კონტრაქტორებს მიიზიდავენ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს სომხეთის ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სომხეთის გზატკეცილი ერთ-ერთი სუპერპროექტია, რომლის რეალიზებაც სომხეთში ხდება, ხოლო ბარგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მის მშენებლობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება. “და საფრანგეთი და პრეზიდენტი მაკრონი გვერდში დაუდგნენ სომხეთს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოთ-სამხრეთი სუპერპროექტი უკვე იღებს ფორმას და წარმოვიდგენთ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ამ გზის სრულად ექსპლუატაციაში შესაყვანად,” - განაცხადა ფაშინიანმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დინამიკის ცვლილების ფონზე ხორციელდება, სადაც ერევანი ცდილობს საგარეო პოლიტიკური კავშირების დივერსიფიკაციას და ევროპასთან პარტნიორობის გაძლიერებას. 3-4 მაისს, ერევანმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს და ევროკავშირი-სომხეთის პირველ სამიტს უმასპინძლა.
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ხალხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. „შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც აგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხისადმი პატივისცემას. მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. დამატებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეხვდა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს: „გავცვალეთ მოსაზრებები რიგ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე. ასევე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში.“~ სიბიჰას თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი „შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ,“ - წერს სიბიჰა.
სომხეთმა და თურქეთმა ანისის ხიდის აღდგენაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
სომხეთმა და თურქეთმა, ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ანისის ხიდის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან აზრთა ნაყოფიერი გაცვლა-გამოცვლა შედგა. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. მივესალმეთ ანის ისტორიული ხიდის ერთობლივი აღდგენის შესახებ ოქმის ხელმოწერას,“ - დაწერა პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა X-ის მიკრობლოგში აღნიშნა, რომ ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყოვლისმომცველი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ ყოვლისმომცველად შევაფასეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა სატრანსპორტო, საბაჟო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები,“ - აღნიშნა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა. ილმაზმა ასევე ხაზი გაუსვა ნორმალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. „ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში გადადგმულ ორმხრივ კონსტრუქციულ ნაბიჯებს კონკრეტული პროგრესი მოაქვს,“ - დაწერა თურქმა მაღალჩინოსანმა. ანისის ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით ილმაზმა აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ასევე ხელს შეუწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარი გარემოს შექმნას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას. „რეგიონული მშვიდობის, დიალოგისა და სტაბილურობის საფუძველზე, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს მიდგომას სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის ხელშეწყობის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერებისკენ,“ - აღნიშნა ილმაზმა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს შემდგომ პოზიტიურ განვითარებას. სომხეთის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარე ანის (აბრეშუმის გზის) ისტორიული ხიდის აღდგენითი სამუშაოს განხორციელების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ, სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა და ელჩმა, თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა. ანისის ხიდი მდებარეობს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. ეს არის ისტორიულ, დანგრეულ ქალაქ ანისთან მდებარე შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლი.
ალიევი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: „ტრამპის გზა“ აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებს ვიდეო ფორმატში მიმართა. ალიევის თქმით, სამიტში ბაქოს მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა და სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. „ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ ვიდეო ფორმატით შევუერთდებოდი. ასევე მინდა, აუდიტორიას ვაცნობო, რომ ერთი წლის წინ, პრეზიდენტ კოშტასთან და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, მათ მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. წინადადება მიღებულია და ამიტომ, წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა,“ - განაცხადა ალიევმა. ალიევმა გაიხსენა თეთრ სახლში გაფორმებული შეთახმებაც. „გასული წლის აგვისტოში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას მოწმის რანგშიც მოაწერა ხელი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი პარაფირებული დადეს. ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სომეხი პარტნიორებისთვისაც - მშვიდობა მიღწეულია. მშვიდობის მიღწევის შემდეგ, აზერბაიჯანმა ცალმხრივად მოხსნა სომხეთისთვის 1990-იანი წლების დასაწყისში დაწესებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა. დღეისათვის, სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 28 000 ტონა ტვირთია მიწოდებული. აზერბაიჯანი კიდევ უფრო შორს წავიდა: ჩვენ პირველად დავიწყეთ ჩვენი ნავთობპროდუქტების - ბენზინისა და დიზელის - მიწოდება სომხეთისთვის, რითაც სავაჭრო ურთიერთობები დაიწყო. ჯერჯერობით, ჩვენი ნავთობპროდუქტების 12 000 ტონა ექსპორტირებულია სომხეთში.“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. „მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა — დაკავშირებადობაა. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ აზერბაიჯანს მის ექსკლავ, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილი გახდება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის,“ - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „სამწუხაროდ, ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE). „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, მე, როგორც აზერბაიჯანის დელეგაციის მაშინდელი ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი, ვიყავი PACE-ს ერთ-ერთი აქტიური წევრი. ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოში 2024 წლის იანვრამდე არასდროს ყოფილა რაიმე შეზღუდვის ქვეშ. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ბოლო მოუღო სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თვითონ შევასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქაღალდზე დარჩა. ოთხი თვის შემდეგ, PACE-მ ჩვენს დელეგაციას სანქციები დაუწესა. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს PACE-სთვის ერთგვარი მოქმედების წესია. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას იგივე ღირებულება აქვს, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ახლა, რაც შეეხება ევროპის პარლამენტს, ეს ორგანო, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, მის საბოტაჟს ამჯობინებს. 2021 წლის მაისიდან, მეორე ყარაბაღის ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც სავსეა აზერბაიჯანის შესახებ შეურაცხყოფითა და ტყუილით. წარმოიდგინეთ - ხუთ წელიწადში 14 რეზოლუცია ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია მხოლოდ ოთხი დღის წინაა მიღებული, განზრახ, სამიტის წინ. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრობლემების, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობა, მოგვარების ნაცვლად, ევროპარლამენტი აზერბაიჯანს ესხმის თავს, ავრცელებს ცილისწამებას და ტყუილს. მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ბოლო მოუღო სეპარატიზმს და ომის დამნაშავეები სამართლიანობის წინაშე წარადგინა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს გადაწყვიტა, ოფიციალურად შეჩერებულიყო ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა სფეროში, შეწყვეტილიყო მონაწილეობა ევროკავშირ-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში და დაეწყო პროცედურები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის შეწყვეტის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტების დროს ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებას, უბრალოდ მინდოდა, ჩვენი კოლეგებისთვის ამ კუთხით მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, არ გავრცელდეს დეზინფორმაცია ან არ მოხდეს ინფორმაციის მანიპულირება. დასკვნის სახით, მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტი და ვთქვა, რომ პროცესის შეფერხების მსურველთა ყველა მცდელობის მიუხედავად, აზერბაიჯანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგის და ჩემი სომეხი კოლეგის შენიშვნები ამას ნათლად აჩვენებს. სამიტს წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა. „ევროპარლამენტი პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი დემოკრატიული ორგანოა, რომლის რეზოლუციებიც ხმათა უმრავლესობით მიიღება. ამის შედეგები, შესაძლოა, ბევრისთვის უხერხულობას ქმნიდეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევცვლით იმ გზას, რომლითაც მივდივართ და დავიცავთ იმ პოზიციებს, რომლებსაც ვიღებთ,“ - განაცხადა მეცოლამ.
ერევანში ირაკლი კობახისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰა მონაწილეობდნენ. შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი. უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მართლაც არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც გააგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხისადმი პატივისცემას,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ერევანი „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა" და ევროკავშირი-სომხეთის სამიტებს უმასპინძლებს
სომხეთი “ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტს მასპინძლობს. რიგით მერვე სამიტი 4 მაისს სლოგანით — „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“ გაიმართება. ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ერთობლივი დეკლარაციისა და სხვა ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერით დასრულდება. ერევანში 3 მაისს ჩავიდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი, ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი კაია კალასი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაკუტი, მონაკოს პრინცი ალბერ II, საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ლუკ ფრიდენი, ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი ჩავიდა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ანდორის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ესპოტ სამორა, მონტენეგროს პრეზიდენტი იაკობ მილატოვიჩი, ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 5 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი შედგება. ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართება, რასაც ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა მოჰყვება. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ფაშინიანის თქმით, 5 მაისს ასევე გაიმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი. „ხვალ ევროპა სომხეთში შეიკრიბება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტზე. კონტინენტის ლიდერები, მათ შორის, კანადა, განიხილავენ, თუ როგორ ითანამშრომლონ უსაფრთხოებისა და კოლექტიური მდგრადობის გასაძლიერებლად. სამშაბათს ჩვენ ჩავატარებთ სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ხელშესახები შეგედების მიღწევის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა თავის მხრივ, ანტონიუ კოშტამ. სომხეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერევანში ვიზიტის დროს მან ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის, უკრაინის ევროპული ინტეგრაცია. „მადლობა გადავუხადე მას ფინეთის მიერ უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერის დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ამას და განვიხილეთ ჩვენი თავდაცვის პრიორიტეტული სფეროები - პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვა, რომლის გაძლიერებაც სწორედ ამ პაკეტით შეიძლება. მე შევთავაზე პრემიერ-მინისტრს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა დრონების შეთანხმების ფორმატში ხელმოწერით. უკრაინა მზადაა, გააზიაროს თავისი გამოცდილება და გააძლიეროს ისინი, ვინც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე გვაძლიერებდა. ჩვენ ასევე ცალკე შევეხეთ საერთაშორისო ძალისხმევას, კერძოდ, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ახლა არის კარგი შესაძლებლობა მოლაპარაკებების გასახსნელად და უკრაინა ამას სრულად იმსახურებს. მადლობა ფინეთს მხარდაჭერისთვის!“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ შტორესთან განიხილა დრონების შესახებ შეთანხმება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მადლობა გადაუხადა სტორეს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, კერძოდ, PURL პროგრამაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებისთვის. „რუსეთი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებს, ამიტომ PURL-ის დროული დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა - დრონების შესახებ შეთანხმება და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მცდელობები, ასევე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის საკითხზე. მე მას ვაცნობე ჩვენი საჭიროებების შესახებ, კერძოდ — ბუნებრივი აირის საკითხზე მომავალი ზამთრისთვის. უკრაინა სრულად მომზადებული უნდა იყოს,“ - წერს ზელენსკი. სომხეთის რესპუბლიკას ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად იმართება. ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. რაც შეეხება სამიტს, ევროპული საბჭოს განცხადებით, გეოპოლიტოკური ტრანსფორმაციის ხანაში, ლიდერები იმსჯელებენ, როგორ ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ და იმოქმედონ კოორდინირებულად დემოკრატიული მედეგობის განსამტკიცებლად, დაკავშირებადობის განსავითარებლად და ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.“
მედია: სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოს დაუბრუნებს
სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის დასაბრუნებლად ემზადება. ყოველდღიურ სომხურ გაზეთ Zhoghovurd-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი მზად არის, საზღვრების დემარკაცია მოახდინოს არამხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ, საქართველოსთანაც. „ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ჯილიზას, რომელიც მდებარეობს ალავერდის რაიონში. ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განიხილა. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ. 1996 წლიდან კი, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს,“ წერს მედია. საკითხთან დაკავშირებით მედია ასევე ავრცელებს ფაშინიანის პრესმდივნის კომენტარსაც, რომელიც საქართველოსა და სომხეთის პრემიერების საუბრების დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. „პრემიერმა თავის განცხადებაში თქვა, რაც მათ განიხილეს. საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის შესახებ განიხილეს დემარკაციის თემა ზოგადად განიხილეს, რომ დემარკაცია უნდა იყოს,“ ამბობს სპიკერი. „მედიასაშუალებებში გავრცელდა „ინფორმაცია“, რომ თითქოს, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სომხეთი ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას საქართველოს გადასცემს. სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება თუ „ინფორმაცია“ რეალობას თავისი არსითვე არ შეესაბამება. შესაბამისად, როგორც ადრე, ისე ახლაც და მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი შინაარსის პუბლიკაციას უარვყოფთ, მათი შინაარსის გამოგონილი ხასიათიდან გამომდინარე,“ - წერს ბაღდასარიანი მას შემდეგ, რაც ეს თემა მედიაში კვლავ გააქტიურდა. 28.04.2026. განახლება: სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთი საქართველოსთვის ტერიტორიის გადაცემას გეგმავს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერის ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში საქართველოსთვის სოფელი ჯილიზას გადაცემას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი დღის წესრიგში დგას. ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა
ანკარა თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში სომხეთის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა
სომხეთისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების წინადადება განიხილეს, რათა სომხეთი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში ჩაერთოს. მოლაპარაკებები სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა თავის თურქ კოლეგასთან ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. კერძოდ, შეხვედრის დროს სიმონიანი მიესალმა თურქი კოლეგის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებისას წარდგენილ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ნუმან ქურთულმუშმა სომხეთის ჩართვის ინიციატივა წარადგინა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში, მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს ინიციატივის შესრულების დამატებითი დეტალები. ქურთულმუშმა პაპუაშვილთან შეხვედრაზე თქვა, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მექანიზმი უნდა გაძლიერდეს და რომ მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე ყოვლისმომცველი მუშაობა შეიძლება, წარიმართოს ამ მექანიზმში სომხეთის ჩართვით. საქართველოს პარლამენტი კი, წერს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას. ცნობისთვის, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. 2025 წელს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ს ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, ჩვენს რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა, რაც ჭეშმარიტად ისტორიულ მიღწევას აღნიშნავს. მაგრამ ჩვენი ხედვა უფრო დიდებულია. ჩვენ ვიწვევთ თურქეთს, იყოს პარტნიორი და შემოგვიერთდეს მშვიდობის „გობელენის ქსოვაში.“ ამ მიზნით, ჩვენ მოუთმენლად ველით თურქეთთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. ათწლეულების განმავლობაში ეჭვისა და ბოროტების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ახალი ერა დაიწყო. ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) ჩარჩოს ბოლოდროინდელი შესრულება კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს როგორც რეგიონული კავშირის შექმნას, ასევე, საერთაშორისო სავაჭრო გზების გაფართოება. სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, TRIPP-ს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. ნორმალიზაციის წამახალისებელი ნიშნები უტყუარია. წლების შემდეგ პირველად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა იწყება. აზერბაიჯანული საქონლის იმპორტი ეკონომიკური კავშირების აღდგენისკენ სიმბოლურ და პრაქტიკულ ნაბიჯს აღნიშნავს,“ - განაცხადა ალენ სიმონიანმა.
ირაკლი კობახიძე თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. „მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს, თურქეთში, სკოლაში მომხდარი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის, აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა, როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზე და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია,“ - წერს X-ზე ირაკლი კობახიძე, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობდა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ესტონეთმა ერევანში საელჩო გახსნა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და მისმა ესტონელმა კოლეგამ მარგუს ცაჰკნამ ერევანში, ესტონეთის რეზიდენტი საელჩო გახსნეს. წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თავის გამოსვლაში მირზოიანმა საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანად ნაბიჯად შეაფასა, რომელიც სომხეთთან კავშირების გაღრმავების მიმართ ესტონეთის ერთგულებას ასახავს. „ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთ-ესტონეთის ურთიერთობებში,“ - განაცხადა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ რეზიდენტი საელჩოს დაარსების გადაწყვეტილებას ესტონეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კოორდინაცია სჭირდებოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის კეთილდღეობის მიმართ. მირზოიანმა ასევე ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ სომხეთისადმი თანმიმდევრულ მხარდაჭერას არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ფარგლებშიც. თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საელჩოს გახსნა „ისტორიულ მოვლენად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ესტონეთი აფართოებს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. მან შეაქო „სომხეთის გზა მშვიდობის, ევროპული ღირებულებებისა და კეთილდღეობისკენ“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ერევანს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისიდან ერევანში გადაიყვანა და საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განმარტა, რომ ესტონეთს დიდი ხანია, წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. თუმცა „საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან სისტემატური დაშორების გათვალისწინებით, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.“ ესტონეთი „კვლავაც უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებას.“ თბილისიდან წასვლის წინ ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა: „თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია. ასე მუშაობს დიპლომატია.“ ესტონეთი საქართველოში საელჩოს არ ხურავს. „ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი აქ და საელჩოს მუშაობას ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაუძღვება. ტალინში დიპლომატიურ სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოს ასევე აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც უძღვება დროებითი რწმუნებული. ასეთია მდგომარეობა,“ - განაცხადა მარგე მარდისალუ-კაჰარმა. „ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 14 თებერვალს. ესტონეთის საელჩო თბილისში 2006 წლის დეკემბერში გაიხსნა. საქართველომ კი, ტალინში საელჩო 2007 წლის აპრილში გახსნა.
შუა დერეფნის შესაძლებლობების შესასწავლად, გერმანია აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გზავნის
გერმანიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, NRW.Global Business, 29 ივნისიდან 3 ივლისამდე აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ბიზნეს მისიას გაგზავნის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მისიის მიზანია შუა დერეფნის [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] დინამიკური განვითარების კაპიტალიზაცია. NRW.Global Business აღნიშნავს, რომ დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს მოცულობა 2030 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება. „კომპანიებისთვის ეს მიმზიდველ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოადგენს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს პროგნოზირებული საინვესტიციო საჭიროებებია,“ - განაცხადა სააგენტომ. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემები ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის სტაბილურ ზრდას აჩვენებს: 2019 წელს 759,000 ტონა, 2020 წელს 783,000 ტონა, 2021 წელს 586,000 ტონა, 2022 წელს 1,485 მილიონი ტონა, 2023 წელს 2,764 მილიონი ტონა და 2024 წელს 4,484 მილიონი ტონა. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მონაცემებით, შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2025 წელს 4,7 მილიონ ტონას მიაღწია.
ალიევის ვიზიტის ძირითადი გზავნილები
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დღის ბოლოს ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. „ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში“ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს „ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში,“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, როდესაც „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები.“ „ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ის შეთანხმებები, რომლებსაც [სომხეთთან] ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ, ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველო მიესალმება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს.“ „ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. „მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. მანვე აღნიშნა, რომ „საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო.“ ენერგეტიკა „ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის “შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას. საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევთან ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის, აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში. ალიევის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის როლს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნეს მათი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, პირისპირ საუბრისას „ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისს დღეს ეწვია.
„რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ სომხეთის არჩევნებში მონაწილეობა“ - ფაშინიანი პუტინს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, სომხეთში თანამდებობებისთვის იყარონ კენჭი. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა მუდმივი პოლიტიკური აქტივობით. „პრაქტიკაში, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვატარებთ არჩევნებს - მუნიციპალურ არჩევნებს - და ისინი ძალიან პოლიტიზებულია, რადგან ხალხი ჩვენი რეფორმების შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს უჭერს მხარს ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მანვე განმარტა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობის მაღალი დონე ორაზროვნად აღიქმება. „ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ სომხეთი მეტისმეტად დემოკრატიულია, მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპის საკითხია,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საინფორმაციო სივრცეში თავისუფლების დონეს. „მაგალითად, სომხეთში სოციალური მედია 100%-ით თავისუფალია. ბევრი მოქალაქე ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მომავალ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას და, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის ვინაობასაც. მანამდე, ამავე შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთში არსებული პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.“ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას საუბარი სწორედ სომხეთის არჩევნების თემით დაიწყო. „ჩვენ სომხეთში ბევრი მეგობარი გვყავს. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. 2 მილიონზე მეტი. ამის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. [სომხეთში] ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს. ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ვერევით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ,“ - განაცხადა პუტინმა კრემლში გამართული შეხვედრისას, რითაც მედიის ცნობით, მკაფიოდ მიანიშნა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე, რომელიც პატიმრობაშია. ამის საპასუხოდ, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა არ არსებობს. „ზოგადად, ჩვენ ციხეებში არ გვყავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა და განმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. ფაშინიანმა კანდიდატებისთვის კონსტიტუციურ მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება: „მინდა, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ. სრული პატივისცემით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება, რომ პარლამენტში დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ,“ - ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კავშირებმა ბოლო წლებში სერიოზული გამოცდა გაიარა. „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იცით, რომ ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ისევე როგორც ჩვენი პირადი ურთიერთობები, მრავალი გამოცდის წინაშე იყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „კონსტრუქციული და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის შენარჩუნებისთვის.“ „ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ შექმნილი ნდობის ატმოსფეროსთვის.“ ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი არჩევნების შემდეგ და რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურად განვითარება გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა წელს გაფრთხილება გამოთქვა, რომ „გარე აქტორები“ ცდილობდნენ სომხეთის პოლიტიკაში ჩარევას, რაც ანალიტიკოსების აზრით, რუსეთზე მინიშნება იყო. ამასთან, ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე განუცხადა, რომ შეუძლებელია, სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. „ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ჩვენ ამას სრულიად მშვიდად ვუყურებთ, გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან. თუმცა აშკარა უნდა იყოს, გულახდილად და წინასწარ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. და ეს საკითხი პოლიტიკურიც კი არ არის, არამედ, წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა. რადგან ზოგიერთი საკითხი დიდ ერთობლივ მუშაობას მოითხოვს, რაც წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას. ფაშინიანმა პუტინს უპასუხა, რომ სომხეთი იაზრებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) და ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია, თუმცა ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ ორივე გზას მიჰყვეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ვიცით, რომ პრინციპში, ორ კავშირში წევრობა შეუთავსებელია. თუმცა ჩვენი ამჟამინდელი დღის წესრიგით, ისინი თავსებადია - ეს ფაქტია. და ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, გავაერთიანოთ ეს დღის წესრიგი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. როდესაც პროცესები მივა იმ წერტილამდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ანუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კავშირები და ურთიერთობები ძალიან ღრმაა და განხილვას არ ექვემდებარება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა ამავე შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან სარკინიგზო კავშირები, ასევე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით იმპორტი - და მომავალში ექსპორტი - აძლიერებს სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის გამო, რომ ერევანი ევროკავშირთან თანამშრომლობდა. ამავე შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაზს სომხეთს ევროპაში საწვავის ამჟამინდელ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად აწვდის. „რაც შეეხება ენერგეტიკას, იმედი მაქვს, რომ აქაც გამოსწორდება სიტუაცია. დღეს, როგორც იცით, ევროპაში ენერგიისა და გაზის ფასები 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს. რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარად აწვდის. სხვაობა უზარმაზარია,“ - განაცხადა პუტინმა. მანვე აღნიშნა, რომ ის და ფაშინიანი ხშირად კამათობენ ენერგიის ფასებსა და მიწოდებაზე. „ვიცი, რომ თქვენ ენერგიის ფასების განსაზღვრის სხვა მეთოდებს ითხოვთ. თუმცა ეს მაინც სხვა მასშტაბია: 600 დოლარი 177,5 დოლარის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პუტინმა. რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სომხეთმა 2024 წელს გაყინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ალიანსის, CSTO-ს წევრობა და იმავე წელს გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება მოსკოვთან. კრემლში გამართული შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ მონაწილეობს CSTO-ს მუშაობაში, რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია, აუხსნას სომეხ ხალხს, თუ რატომ არ ჩაერია ორგანიზაცია ყარაბაღში შექმნილ ვითარებაში. პუტინმა უპასუხა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) არ შეეძლო ყარაბაღის სიტუაციაში ჩარევა სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ პრაღაში 2022 წელს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. „ვფიქრობ, ასევე აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, სრულიად შეუფერებელი იქნებოდა CSTO-სთვის ჩარევა ამ პროცესში, რომელმაც შიდა აზერბაიჯანული განზომილება მიიღო,“ - განაცხადა პუტინმა რუსეთ-სომხეთის მოლაპარაკებების დროს. რუსეთის პრეზიდენტმა ყარაბაღი ყველაზე მგრძნობიარე საკითხად მოიხსენია. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად მხოლოდ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების შემდეგ აღიარა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა ხანგრძლივი ძალისხმევისა და მრავალი საერთაშორისო აქტორის ჩართულობის შედეგად. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა რუსეთის როლს ურთიერთობების ნორმალიზებაში. ფაშინიანმა ასევე მადლობა გადაუხადა „რუსეთს სამშვიდობო პროცესში მხარდაჭერისთვის.“ „როგორც უკვე ვთქვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და თქვენ პრეზიდენტ ტრამპის სახელი ახსენეთ და აშკარაა, რომ მან თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ თქვენ პირადად ასევე თამაშობდით და აგრძელებთ მნიშვნელოვან, ძალიან მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში. თქვენ ყოველთვის უჭერდით მხარს ყველა ამ პროცესს, ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კონტაქტში ვიყავით, რეგულარულად გაცნობებდით მიმდინარე პროცესების შესახებ. სხვათა შორის, გასული წლის აგვისტოში, როდესაც ვაშინგტონიდან დავბრუნდი და დაგიკავშირდით, მაშინ ვთქვი, რომ ვაშინგტონში მომხდარი ასევე ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი ურთიერთობებისთვის. „რაც შეეხება ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს, მე უკვე ძალიან გამჭვირვალედ და საჯაროდ განვაცხადე სომხეთის რესპუბლიკაში, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა“, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა და სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარეს 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ორმხრივად ვაღიარებთ, რომ დამოუკიდებელი სომხეთი 100%-ით იდენტურია საბჭოთა სომხეთისა, ხოლო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი 100%-ით იდენტურია საბჭოთა აზერბაიჯანისა.“ ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ ყარაბაღის საკითხი, ძირითადად სამუშაო ფორმატში. დიახ, ჩვენ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ვაღიარეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ორჯერ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ და, გახსოვთ, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ჩვენი პრობლემები CSTO-სთან დაკავშირებით, რადგან 2022 წელს ჩვენ გვქონდა კონკრეტული სიტუაცია. და, ჩემი აზრით, CSTO-ს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის სიტუაცია, რაც გვაქვს CSTO-სთან ურთიერთობებში. ჩვენ ამჟამად არ ვმონაწილეობთ CSTO-ს მუშაობაში მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავუხსნით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ უპასუხა CSTO-მ და არ უპასუხა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად,“ - თქვა ფაშინიანმა. ფაშინიანი 2026 წლის არჩევნებში მთავრობის ყოფილი წარმომადგენლებისა და ოლიგარქების დამარცხებას პროგნოზირებს განახლება: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი „ძალიან წარმატებული“ იყო. „ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას ჩვენი დღის წესრიგის ყველა სფეროში, კულტურიდან დაწყებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით დამთავრებული,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს 2 აპრილს. „და მე ვიზიტს ძალიან წარმატებულად ვაფასებ,“ - თქვა ფაშინიანმა. რკინიგზაზე შეთანხმება არ შედგა ლიდერების მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთის რკინიგზის რუსული მმართველობიდან ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის]. ფაშინიანს სურს რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების აღდგენა - ეს მისი ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ნაწილია, რაც შეავსებს „ტრამპის მარშრუტის“ ინიციატივასაც. ფაშინიანმა შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთi ჯერ არ გეგმავს რკინიგზის მართვის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას. „სომხეთის რესპუბლიკას ეს ბერკეტი [რკინიგზის დაბრუნება] აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ და არც გვინდა ასეთი გზით წასვლა,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმ-მინისტრმა.
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ,” - წერს თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.
ალიევი: სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში, გზატკეცილის დაახლოებით 90% და რკინიგზის დაახლოებით 70% მზადაა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება. ალიევი ასევე მიესალმა ყარსი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას თურქეთში და აღნიშნა, რომ ამ პროექტების კოორდინაცია და განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის. „ეს იქნება შუა დერეფნის განშტოება. ჩვენ მიერ მშენებარე რკინიგზის ინფრასტრუქტურა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის გადასაზიდად არის გათვლილი. თუმცა ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 მილიონი ტონა ტვირთის ახალი დერეფნის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ფართო გეოგრაფიისთვის. ჩვენ აქ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ და პასუხისმგებლიან პოზიციას – როგორც საკუთარ ინტერესებს ვიცავთ, ასევე მსოფლიოს ახალ სატრანსპორტო მარშრუტებს ვთავაზობთ,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შუა დერეფანი, „ზანგეზურის დერეფანი“ და სხვა დამაკავშირებული პროექტები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა. ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული. „დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს. ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას. რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა,” - წერს ირანის ელჩი. ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან საგარეო უწყებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან
საქართველოში ირანის ელჩის განცხადებით, „ზოგიერთი ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას როდესაც გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.“ შესაბამის განცხადებას სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ელჩი მოჯანი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ "ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან, ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ." „დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის, ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას. ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,“ - წერს სეიედ ალი მოჯანი ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ არაბულმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დააფინანსონ. ლევიტს ჰკითხეს, არის თუ არა დონალდ ტრამპი დაინტერესებული, რომ არაბულ ქვეყნებს მოუწოდოს, დააფინანსონ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში, რაზეც ლევიტმა აღნიშნა, რომ არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, თუმცა ტრამპს ეს იდეა აქვს. „ეს იდეა, ვიცი, მას აქვს და ამის შესახებ მისგან კიდევ ბევრს გაიგებთ,“ – აღნიშნა ლევიტმა. მას ასევე ჰკითხეს ომის ხანგრძლივობაზეც, რაზეც უპასუხა, რომ პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა. „დღეს ოცდამეათე დღეა. ასე რომ, გამოთვალეთ, რამდენი დრო რჩება პენტაგონს ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ მიზნების სრულად მისაღწევად,“ – განაცხადა ლევიტმა. 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმების, მისი პროტოკოლისა და დსთ-ს წესდების დენონსაცია მოახდინა. გადაწყვეტილებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. „აღნიშნული შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული. კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ჰყავს განლაგებული,“ - ნათქვამია მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში. მოლდოვა დსთ-დან გასვლის ეტაპზეა ცნობისთვის, მოლდოვის საწევრო შენატანი დსთ-ის ბიუჯეტში, ყოველწლირად, 150 ათას ევროზე მეტს შეადგენდა.