პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანს: რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით?

„რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით? სად დევს გეგმები და რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო? რატომ არ არის შესაძლებელი ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ? - ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ის რეალობა, რომელიც თქვენ აღწერეთ, ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მძიმე სურათი დაგხვდათ იმ დარგებში, რომელიც ახლა თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება. ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ ის ადამიანი, რომელიც თქვენამდე ხელმძღვანელობდა ამ დარგებს, დღესაც არის მინისტრი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგი აბარია, კერძოდ, განათლების. თქვენ და თქვენს თანაგუნდელებს რაიმე უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ადამიანი, რომელმაც ამდენი პრობლემა დატოვა დარგში და ზოგადად, მეცხრე წელია ხელისუფლებაში ხართ და ეს დარგები და სამინისტროც თქვენს დაქვემდებარებაში იყო, ასეთ მდგომარეობაში დაგხვდათ 9 წლის შემდეგ? რამე უხერხულობას ხომ არ გრძნობთ შემთხვევით? რაც შეეხება გელათის არხსენებას, კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, სათანადოდ მნიშვნელოვნად არ მიიჩნევთ გელათის თემას, რომ თქვენს მოხსენებაში მოხვედრილიყო, თუ პასუხები არ გაქვთ იმ ბევრ კითხვაზე, რომელიც ექსპერტულ საზოგადოებაში არსებობს გელათთან დაკავშირებით. არაერთხელ მოგმართეთ დეპუტატის კითხვით გელათთან, ეროვნულ მუზეუმთან და ოქროს ფონდთან დაკავშირებით. კანონს არღვევთ და დეპუტატის კითხვას არ პასუხობთ, თუ არ გაქვთ პასუხები ამ კითხვებზე? რატომ არის გელათის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებით არის სახეზე დღეს, გაუმჭვირვალე პროცესი? რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით? სად დევს გეგმები და რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო? რატომ არ არის შესაძლებელი ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ? კარგია, რომ პლენარულ სხდომებზე ვხედავთ მინისტრებს, მაგრამ რატომ არ მოდიხართ კომიტეტებზე? ჩვენმა ფრაქციამ რამდენჯერმე ითხოვა თქვენი მოსვლა კომიტეტზე. ასევე კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, კომიტეტი არ, ვერ გიბარებთ, თუ თქვენ არ მოდიხართ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც პროფესიულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა კითხვები დაგისვათ? გელათთან დაკავშირებით ორი სამინისტროს დასკვნა არსებობს, ორივე თქვენი სამინისტროს შეკვეთილი, ერთი იტალიელების, მეორე - ინგლისელების. კონკრეტულად მიპასუხეთ, დღეს შემსრულებელი კომპანია გელათში რომელ დასკვნას ეყრდნობა?“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა თეა წულუკიანს. თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში შესაძლოა, სახურავის მოხსნა გახდეს საჭირო. იტალიელი ექსპერტების დასკვნის გამოქვეყნებამდე ვარაუდობს, რომ ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, თუ მისი ვარაუდი გამართლდა, ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება, რადგანაც ექსპერტები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახურავის სრულად მოხსნა გახდება საჭირო, კედლის მხატვრობა, რომელიც ისედაც დაზიანებულია, გადარჩება. „ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზეა მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. მეკითხებით, რა არის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწევა სამინისტროსთვის და ჩემთვის ეს არის სახურავი, რომელიც მოსახსნელი თუ იქნება, და 90%-ით ალბათ ასეც იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად. აქ დგება ის ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა, რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ - შეგვიძლია თუ არა ჩვენ, რომ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო, ისე, რომ უკვე დაზიანებული კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს. იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება, ეს დააზიანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრს: თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი, აფეთქებულია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. „მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მე მინდოდა კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას, სამაგიეროდ, თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი - აფეთქებულია! და ჩვენ ვართ თარიღი და თარიღია გელათი. როგორც დღევანდელი პრეზიდენტი იტყოდა, ჯარი თურმე არ გვყავს, დიახ, ჩვენ ვართ დაგლეჯილი, ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ ვართ თარიღი. თქვენ ანადგურებთ თარიღებს! საყდრისი აღარ არსებობს! ჩემი თხოვნა, გინდაც მოთხოვნა, ვინაიდან საზოგადოება აღარ გენდობათ და ალბათ, ანგარიშვალდებულიც ხართ, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია არამხოლოდ კულტურის კომიტეტს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში არიან, არადა, პირიქით უნდა იყოს, უმაღლეს ორგანოს უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის მინისტრი, თორემ თქვენს დღევანდელ გამოსვლას ცოტა სხვაგვარად გააპროტესტებდნენ. ამიტომ მოგვაწოდეთ ხოლმე ზუსტი ანგარიში სად, როგორ განთავსდება და რა პირობებში, რა ელის საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს“, - მიმართა წულუკიანს ჩარკვიანმა.

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი: თუ ასე გაგრძელდა ორი, სამი სხდომა, ალბათ, ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ

ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის ნერიმან ცინცაძის განცხადებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმის გამო შეწყდა, რომ კვორუმი არ შედგა. ამასთანავე, დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ საკრებულოს ზედიზედ რამდენიმე სხდომა ვერ გაიმართება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება. „დღეს მქონდა განცდა ცოტა წინ წაწევის. იძულებული გავხდით სხდომა დაგვეხურა, რადგან კვორუმი არ შედგა. თუ ასე გაგრძელდა ორი, სამი სხდომა, ალბათ, ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ. ჩემთვის არის მისაღები ყველა საკითხი განხილული იყოს და კომპრომისამდე მივიდეს. არ შედგა კვორუმი და სხდომა დაიხურა", - განაცხადა ნერიმან ცინცაძემ.

კახა კალაძე: პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ჯვარი, ჯერჯერობით, დარჩება, სანამ მერია ახალ პროექტს არ განახორიცელებს. კალაძის თქმით, პროექტი საპატრიარქოსთან ერთად დაიგეგმება. "ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება". – თქვა კალაძემ. ჯვარი რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს აღმართეს.

თეა წულუკიანი: გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი

"გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი, ასეთია რეალობა", – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებულია 93 სპორტული ფედერაცია, მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად, და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს 98 მილიონ 600 ათას ლარს. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის ბიუჯეტი წილობრივადაც სამინისტროდან მიღებული გახლავთ – 27 მილიონ 500 ათასი ლარი. „მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას. თუ გნებავთ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე – აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და უპირველესად, მე, რომ რაგბი და კალათბურთი, რა თქმა უნდა, სპორტის ის სახეობებია, რომლითაც ვამაყობთ. რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სხვა სახეობებსაც მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, თუ როგორი პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ეს უნდა გაგრძელდეს – სპორტის ამგვარი სახეობებისთვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, მაღალი მიღწევები, რომლებიც სპორტის არაერთი სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი, გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლიზა იასკო: თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება

"თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი. „ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა შვედეთში მიმდინარე ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ განცხადებაში ხაზგასმულია მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ამასთან, განცხადებაში მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. „განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გამო. ასევე დაგმობილია რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენა, ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში მიერთება. მეგობარი ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გამო და ასევე საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო, რაც დე-ფაქტო ანექსიად არის შეფასებული. განცხადებაში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება. ამასთან, განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ამ რეგიონებში. განცხადების ავტორები გმობენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მონტაჟს და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას. გამოხატავენ შეშფოთებას დაკავებების გამო და მოითხოვენ ირაკლი ბებუასა და სხვა თვითნებურად დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. განცხადებაში დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება, დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. ამ კონტექსტში მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება. განცხადებაში მხარდაჭერილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID), როგორც მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად და ხაზგასმულია პროგრესის აუცილებლობა მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე. მეგობარი ქვეყნები ასევე მხარს უჭერენ ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და მათ როლს, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. განცხადებაში დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმულია მისიის მანდატის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს გავრცელების აუცილებლობა. მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების დაწყებას. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ. ხელმომწერნი მოუწოდებენ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთოს მისია, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ასევე ნდობის განმტკიცების პროცესში. საქართველოს მეგობართა ჯგუფი პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და მას მერე ყოველ წელს იღებს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ეუთოში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის ვეტოს უფლების მიუხედავად. 2021 წელს, მეგობართა ქვეყნების ჯგუფი 17-მდე გაიზარდა და მას სლოვაკეთი და ისლანდია დაემატა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, გამოძიება დაიწყება. „ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა „საბჭოთა კავშირმა“ არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ ამ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც არის სპორტის მუზეუმი, როგორიც არის საქართველოში ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები ამ დარბაზში არსებობენ, გაჩვენებთ, როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს კავშირი და არც რაიმე სხვა ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან. ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა შემოწმება და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ რეკომენდაციებით, რათა გავაუმჯობესოთ და დავნერგოთ კარგი მმართველობა ეროვნულ მუზეუმში. ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება. ჩეხეთის საელჩო იყო პირველი მერცხალი, რომელმაც ეს ექსპონატები დააბრუნა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. დანარჩენ საელჩოებს მეც და ჩემი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვმუშაობთ, რომ ეს ექსპონატები ეროვნულ გალერეაში და ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდეს. იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა მუზეუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღდგება. „ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ, რათა დავინახოთ რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა წულუკიანმა. თავის გამოსვლაში წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული 93 სპორტული ფედერაციიდან, რომლებსაც სამართლებრივად სხვადასხვა ფორმა აქვთ, 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია, ჯამურად, ბიუჯეტიდან 98 მილიონ 600 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ რაგბს და კალათბურთს. „ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში, არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის, რა თქმა უნდა, ის სპორტის სახეობები, რომლითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სპორტის უნივერსიტეტი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის უნდა აღდგეს. მინისტრის განცხადებით, ახლიდან მოხდება ახალგაზრდობის სააგენტოს როლის განსაზღვრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. თავის გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა ლიტერატურულ პრემიებზე, მათ შორის პრემია „ლიტერაზე”. „ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მომავალ წელს მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება. თეა წულუკიანმა თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა პირველ იანვარს ეწურება. „ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განაცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის ინიციატივით მიღებული კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ანგარიში 2021 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდს მოიცვას.

ამერიკის ელჩი სერგეი ლავროვს: ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან

„თუ გადავხედავთ რუსეთის ბოლო ქმედებებს და მისი სამხედრო ძალების კონცეტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე ჰკითხეს. ამერიკის ელჩის თქმით, „NATO მუშაობს იმისთვის, რომ მოიტანოს მეტი სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს NAT0-ს წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს“. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და NAT0-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ეს არის მკაფიო გზავნილი ბოლო 13 წლის განმავლობაში და უცნაურია, რატომ მიიჩნევს რუსეთი ამას საფრთხედ, როდესაც თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლება, აირჩიოს, რომელი ალიანსის თუ ორგანიზაციის წევრი გახდება. შესაბამისად, საქართველოსაც და უკრაინასაც აქვთ სუვერენული უფლება, გადაწყვიტონ, რომელი სამხედრო თუ სხვა ორგანიზაციის წევრობა სურთ. განსაკუთრებით, თუ გადავხედავთ რუსეთის ბოლო ქმედებებს და მისი სამხედრო ძალების კონცეტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან. NATO მუშაობს იმისთვის, რომ მოიტანოს მეტი სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს NAT0-ს წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ლატვიის დედაქალაქ რიგაში (30 ნოემბერი-პირბელი დეკემბერი) NATO-ს ორდღიანი მინისტერიალი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას NATO-ს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება ესწრებოდნენ. მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის, განაგრძოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. NATO-ს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩეს

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ისე დაასრულა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. ვერ ჩამოყალიბდა ფრაქციებიც და სხდომა ჩაიშალა, იმის გამო, რომ კვორუმი არ შედგა. საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წამოაყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატი არ დააყენა. მათ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ გახარიას პარტიას, თუ მათთან გამართავენ კონსულტაციებს. ამის შემდგომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს. ხელახალი კენჭისყრის დაწყებამდე კი, სხდომათა დარბაზი პარტია საქართველოსთვის წევრებმაც დატოვეს. საკრებულომ მეორე სხდომა ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს. ქვეყნის საკრებულოებში მანდატები ათამდე პარტიამ მოიპოვა. მერის არჩევნებში 64-დან, მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

დავით ზალკალიანმა შვედ მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოების საკითხი და ამ კუთხით ეუთოს თავმჯდომარის როლი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ან ლინდესთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და მისი ძალისხმევა ეუთოს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. შეხვედრებზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

კელი დეგნანი: მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში

„როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი“, - ამით ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებულ დისკუსიაზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კითხვა ეხებოდა ელჩის კომენტარზე მმართველი პარტიის ლიდერის რეაქციას. „პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას, გამოცდილებას, ასევე, ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ბევრი განათლებული იურისტი და კონსტიტუციონალისტი ჰყავს. მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას, კონსტიტუციის შექმნის პროცესში, დავხმარებივარ და გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი. როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი. ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე, იქნებოდა სასარგებლო და ეს დადასტურდა 2020 წლის არჩევნებით, როდესაც პარლამენტში 9 პარტია შევიდა. ეს შეფასდა დადებით შედეგად და მათ შორის ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე, რამაც პარლამენტში უნდა შექმნას მეტი მრავალფეროვნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის ირაკლი კობახიძე: მე ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი

კახა კალაძე მესამე პრეზიდენტზე: კიდევ ბევრ რაღაცაზე მოუწევს პასუხისგება

ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. "ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ამის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრებთან ერთად. მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციაზე, კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესის ტერორზე, რომელიც ყოველდღიურად ხდებოდა - ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო? ამას ხომ ვერავინ ვერ გაექცევა? ამით ცხოვრობდნენ ადამიანები და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს უფრო საინტერესოა. ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება, - განაცხადა კახა კალაძემ.

კარლ ჰარცელი: 2%-იან ბარიერს ფართო კონსენსუსის შედეგად მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, მნიშვნელოვანია, ეს იმპულსი არ დაიკარგოს

ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელის შეფასებით, შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის და სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი შეხედულება ძალიან ნათელია. შესაძლოა, იყოს განხილვები იმასთან დაკავშირებით, რა არის ქართული დემოკრატიისთვის სრულყოფილი საარჩევნო ბარიერი, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, მაგრამ აქ საკვანძო საკითხია, რომ ჩვენ ამაზე გასული წლის შემოდგომაზე გვქონდა დისკუსიები, რასაც მოჰყვა გაზაფხულზე მედიაციისა და ფასილიტაციის ძალისხმევა, ამის კულმინაცია კი 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება იყო. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გარდაიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებად, რაც დაამტკიცეს კენჭისყრით. როგორც მახსოვს, 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ ასეთი ფართო კონსენსუსი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს ეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის

ევროკავშირის ელჩი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს აშკარად ეწინააღმდეგება

ეროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეკომენდაციებს, არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „თქვენ ალბათ იხილეთ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის გუშინდელი განცხადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ მოსამართლეების ბოლო დანიშვნა ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის ჩატარების დაპირებებს. უნდა ვთქვა, რომ ეს დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთოს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მარტივად გასაგებია, რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე. ჩვენ შევეცადეთ, ჩავრთულიყავით პირდაპირ დიალოგში, რათა ხელი შეგვეწყო პროცესში საერთო შეთანხმებისკენ წინსვლისთვის. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ცხადია, რომ ეს არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ამავე თემაზე: ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე: ევროკავშირის დახმარება საკვანძო რეფორმების წინსვლაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლო რეფორმის ჩათვლით პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია ელჩს ჟურნალისტებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზეც ჰკითხეს, „მოხარული ვარ, რომ კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა პროცესს სასამართლოში საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას ისევე, რათა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. აქ ვართ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი და უსაფრთხოება

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაზე ჰკითხეს. ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებას არ იცნობს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან. „საქართველოში ვმუშაობთ, როგორც ძალიან მჭიდრო პარტნიორები. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი, საზღვრებისადმი და უსაფრთხოებისამდი პატივისცემა საქართველოში. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს. როგორც იცით, ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს, როგორც ევროკავშირის პარტნიორს საერთაშორისო მისიებში. რაც შეეხება უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე არჩევანს, მიგვაჩნია, რომ ეს თავად ქვეყნების არჩევანია და თითოეულმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს მას“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ამავე თემაზე: ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის €50 მილიონს გამოუყოფს სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

თავდაცვის მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამსთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს NATO-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარა პუგლისმა იულიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.

დავით ზალკალიანმა სერბ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოლა სელაკოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სერბეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მათი გაღრმავების მიმართულებებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ხალხის ტრადიციულად მეგობრულ კავშირებს, გაცვალეს ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პოტენციალის შესახებ. დადებითი შეფასება მიეცა თბილისში მიმდინარე თვეს სერბეთსა და საქართველოს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს. გამოიხატა მზაობა უახლოეს პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებას.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე მეორე ვადით აირჩიეს

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. გიორგი ტყემალაძე თბილისის წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს 29 დეპუტატით, 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდან არის. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ოთხი - პარტია „საქართველოსთვის“, ორი -„ლელოდან“, ერთი კი, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“.

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და მოადგილეებს მხარს არ დაუჭერენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია გეგმავს მათ არჩევაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს. "არ გამკვირვებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ოცნება" აპირებს ყველა თანამდებობა თავად დაიკავოს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია არის მიდრეკილი ერთპიროვნული მმართველობისკენ. მთელი ჩვენი სტრატეგია და დღის წესრიგი გახლავთ ის, რომ წერტილი დავუსვათ ერთპიროვნულ მმართველობას, ვიმუშაოთ ბალანსზე და იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთად მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, დღეს თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კონკრეტულად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, არც მოადგილეებს და სავარაუდოდ, თუ ამის ტექნიკური საშუალება მოგვეცემა საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობას არჩევნებში", - განაცხადა შარაშიძემ.