პოლიტიკა

ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკულ ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაკერები არ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ კიბერდამნაშავეები რუსეთში ცხოვრობენ. ცნობისთვის, ნავთობსადენ „ქოლონიალ ფაიფლაინზე“ კიბერთავდასხმა 8 მაისს განხორციელდა, რის გამოც აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა. ამერიკული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ნავთობსადენს თავს ჰაკერული დაჯგუფება „დარქსაიდის“ წევრები დაესხნენ თავს. ჰაკერებმა დაბლოკეს ინფორმაცია და მისი გახსნის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, რომ ნავთობსადენის მფლობელმა კომპანიამ ჰაკერებს ხუთი მილიონი დოლარი გადაუხადა. აშშ-ის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. ამჟამად ნავთობსადენმა მუშაობა უკვე განაახლა. „ქოლონიალ ფაიფლაინი“ ნავთით ამარაგებს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატების ნახევარს. როგორ ხორციელდება კიბერთავდასხმა მილსადენზე

ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 3 ქვეყანას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის 3 ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. როგორც ცნობილია, ლიეტუვა 100 000 ვაქცინას უკრაინას, 15 000 ვაქცინას საქართველოს, 11 000 ვაქცინას კი მოლდოვას გადასცემს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერს, ლიეტუვას, კოვიდ პანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე. ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს ლანდსბერგისი: ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია შეუფერხებელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიამ მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა აღმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა Twitter-ში განაცხადა. "დღეს, ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დროშა აღიმართა ფედერალური კანცელარიის შენობის სახურავზე. ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უმკაცრეს დაგმობას იმსახურებს. ჩვენ ერთად ვდგავართ ისრაელის გვერდით“, - წერს ავსტრიის კანცლერი.

ლიეტუვა საქართველოს  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიეტუვას მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გამოუყოფს. ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ში წერს. "ლიეტუვას მთავრობამ ახლახან დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 ვაქცინა. 100 000 ვაქცინა უკრაინას, 15 000 ვაქცინა საქართველოს, 11 000 ვაქცინა მოლდოვას. ეს ლიეტუვას რესპუბლიკისგან პატარა ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორები სოლიდარობას შემოუერთდებიან". - წერს ლანდსბერგისი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვას მთავრობა აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინებს სექტემბრამდე გამოუყოფს. "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ლიეტუვას სოლიდარობა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ქვეყანა ერთდროულად გაუმკლავდა ორ გამოწვევას: პანდემიას და კრემლის სამხედრო აგრესიას. ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში არის სწრაფი და შეუფერხებელი, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, სანამ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან უსაფრთხოდ", - თქვა ლანდსბერგისმა. ამ გადაწყვეტილებით ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს Team Europe პაკეტში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კორონავირუსის პანდემიისა და მის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა

საქართველო მზადაა, საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში არსებული კანონმდებლობა სრულად მოარგოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, მუშაობის მთავარი შედეგია. პროექტის მიღწევები 6 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე შეჯამდა. "პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული კანონები ევროკავშირის წესებს მოერგება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი თავისი ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების რეორგანიზებას მოახდენს და საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში საკუთარ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. გაუმჯობესებული კანონმდებლობა, გაძლიერებული საზედამხედველო მექანიზმები და ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად მიღებული სტანდარტები უკეთ დაიცავს საბანკო სერვისების მომხმარებლებს და განავითარებს საქართველოს ფინანსურ ბაზარს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უსაფრთხოებას. Twinning-ის პროექტი 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა და მისმა ბიუჯეტმა 1.75 მილიონი ევრო შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს", - ნათქვამია ინფორმაციაშია.

ისრაელის ელჩი: ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი

სამწუხაროდ, ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ და როდის დასრულდება კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა. ელშის შეფასებით, „ჰამასი“ გაჩერდება მაშინ, როდესაც პალესტინელებისგან მხარდაჭერას ვეღარ იგრძნობს. „ჰამასთან“ წინა სამი ომის გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ წყნარდება სიტუაცია, როდესაც „ჰამასი“ მიიღებს საკმარის ზიანს, საკმარის დარტყმას, როდესაც ის მზად იქნება კომპრომისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დიდი ზიანი მოგვადგა, ისრაელი გაცილებით ძლიერია, ვიდრე „ჰამასი“ და პალესტინის მხარე მეტად ზარალდება ხოლმე მსგავსი კონფლიქტების დროს. ასე რომ, როდესაც „ ჰამასი“ ნამდვილად იგრძნობს, რომ მას აღარ აქვს პალესტინელების მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათ გამო ზიანდება, მაშინ გაჩერდება. უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო მედიაცია, რომელსაც სათავეში უდგას ეგვიპტე, ისევე როგორც წინა სამი ომის დროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომპრომისი და შეთანხმება დადგება მალე“, - აღნიშნა რან გიდორმა „დილის საუბრებში“.

საქართველოს ელჩი ჩინეთში Sinopharm-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2021 წლის 14 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საელჩოში გამართა შეხვედრა “China Sinopharm International Corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტთან, იენ პინგთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა საინისტრო ავრცლებს. "შეხვედრისას, ელჩმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია “Sinopharm”-ის ხელმძღვანელობის მიმართ, კოვიდ პანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრობლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო. ამასთან, მან ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა “სინოფარმ“-ის ვაქცინა მსოფლიო მასშტაბით. თავის მხრივ, იენ პინგმა ხაზი გაუსვა, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ადეიშვილს  საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 მარტს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. „მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

"ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. "მე განვაცხადე, რომ "ჰამასს" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ისრაელიდან 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი პერსონალი სამშობლოში ხუთშაბათს, 13 მაისს გაემგზავრა, აშშ-ის საჰაერო ძალების C-17-ის სატრანსპორტო თვითმფრინავით. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ. კონფერენცია ამ კვირაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია დააჩქარა.

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებთ რაკეტები გაუშვეს

ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე სამი რაკეტა ისროლეს. შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია Al Jaazera ლიბანის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ისრაელის სამხედრო მეთაურობის ცნობით, ლიბანიდან გასროლილი რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა. „ალ ჯაზირა“ ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით ლიბანის სანაპირო ქალაქ ტირში დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ამასთან, ლიბანური მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმების უკან პალესტინური დაჯგუფებები დგას.

თავდაცვის მინისტრი: საქართველოში M4-ის ტიპის ავტომატის წარმოება დაიწყება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში იწყება M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება. “ახალი ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება (პროგრამა), რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს”, – განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს თავდაცვის სამინისტროში გაივლიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს თავდაცვის კოდექსის რეფორმა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმასაც გულისხმობს. მისი თქმით, რეფორმის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი, ასევე შემცირდება სავალდებულო სამსახურის ვადები. “ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებების მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

"ჰამასი" ისრაელის მიმართულებით "თვითმკვლელ დრონებს" უშვებს

BBC-ის ინფორმაციით,ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ე.წ. თვითმკვლელ დრონებს უშვებს. ისრაელის მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, „F-16“-ის ტიპის გამანადგურებელი როგორ აგდებს ე.წ. თვითმკვლელ დრონს. მედიის ინფორმაციით, ყველა ასეთი დრონი ისრაელის არმიამ ჩამოაგდო.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეა გამახვილებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ დე ფაქტო ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფების საქმიანობას კრძალავენ. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მართლმადიდებელ ეკლესიებზე, შეუერთდნენ რუსეთის ეკლესიას. წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად და არაოფიციალურად უჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ეკლესიებს, რომლებსაც არ აქვთ ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ნება არ დართო. რელიგიური ფიგურების ინფორმაციით, აფხაზეთში ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შერწყმას უჭერს მხარს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის

ჯარს ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა, ხო არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია - ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის. პარლამენტის წევრს, აინტერესებს ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა. ამ შინაარსის კითხვა მან თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუსვა, რომელიც "მინისტრის საათის" ფარგლებშია პარლამენტში მისული. "ჩვენ ქართულ ჯარს, საერთოდ ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან [ჯარში] ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი - ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. ჩვენ მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ახალგაზრების გაზრდაზე... რას ფიქრობთ, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გამოსამჟღავნებლად, ხომ არ დადგა დრო აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაში და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებს", - იკითხა ლადო კახაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იდეა მოეწონა, "საინტერესო ინიციატივაა ჩვენთან მსგავსი კულტურული ღონისძიებების აღდგენის. ამ ეტაპზე არ გვიფიქრია. შევეცდებით, რომ დავამუშაოთ ეს საკითხი", - უპასუხა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვრისკენ სამხედრო ძალებს აგზავნის

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვრისკენ სამხედრო ძალებს აგზავნის. ამის შესახებ გამოცემას ისრაელის არმიაში განუცხადეს. როგორც თავდაცვითი ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა, 3 000 რეზერვისტია გამოძახებული, ხოლო საზღვარზე მყოფ სამხედროებს მთავრობამ უბრძანა, მზად იყვნენ მოვლენების ყველანაირი განვითარებისა და ესკალაციისთვი „სამხედრო ძალების ნაწილი საზღვრისკენ გადაადგილება. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია“, - იონათან კონრიკუსმა. მისივე თქმით, ისრაელის ყურადღება მტრის შესუსტებისკენ არის მიმართული. „ისინი ძირითადად ბრძოლისთვის ემზადებიან. ჩვენი ყურადღება მტრის შესაძლებლობების შესუსტებაზეა გამახვილებული“, - აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძე: გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი NATO-ში გაწევრიანებისთვის

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების მზადყოფნის განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედით მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არის მზარდი და ეფუძნება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. დღეის მოცემულობით ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის და საქართველო, მისი თავდაცვის ძალები ამ თვალსაზრისით სრულად არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მაგალითად მოიყვანა. „ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ჩვენს ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა. ნატოს ხელმძღვანელი პირების საქართველოსადმი და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოიხატება პრაქტიკულ დახმარებაში“, - განაცხადა მინისტრმა. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაკეტით 16 ინიციატივა განისაზღვრა, 2 ინიციატივის - ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა დასრულდა, ხოლო პაკეტს 3 ახალი ინიციატივა დაემატა. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს. „საქართველო, თავის მხრივ, რჩება ერთგული ნატოს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის 2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ. საქართველო ასევე, იცავს ნატოს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას.

იგეგმება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია? - დავით ზალკალიანის კომენტარი

ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ისრაელში მცირედ დაშავდა, საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. "საელჩო გადასულია 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. გუშინ ვთქვი, რომ ისრაელში ერთმა ჩვენმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო, ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან და მასთან მუდმივ კავშირზეა ჩვენი საელჩო. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ დგას, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ" - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისევ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება და იზრდება მსხვერპლი.

2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას“. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, 2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, ხოლო ქართული ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება NATO-სთან და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება. „როგორც იცით, 2021 წელს სრულდება ნატოს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ნატოსთან, ისე აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“,- განაცხადა მინისტრმა.