პოლიტიკა

"თუ არ გავაძლიერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, დაუცველები და მოწყვლადები ვიქნებით ამ სიტუაციაში"

მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შეთანხმების თანახმად, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი სამშვიდობოების ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს, არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის ხსენება, საზოგადეობაში, ერთგვარ ირონიას იწვევს. რა როლი ითამაშა აქამდე და როგორი იქნება ის მომავალში, ქმნის თუ არა კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა საფრთხეებს საქართველოსთვის, როგორი უნდა იყო ჩვენი პოზიცია, ამ და სხვა საკითხებზე, „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ( 2014-2018), ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. - როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ომის დასრულებას, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, და როგორია რუსეთის როლი? - უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მშვიდობა დამყარდა, უფროს სწორად შეწყდა ცეცხლი, მაგრამ ეს არ არის ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა. დღევანდელი სტატუს-ქვო არის შემდეგი - აზერბაიჯანმა მოახერხა და დაიბრუნა ტერიტორიების ძალიან მნიშნელოვანი და სერიოზული ნაწილი, თუმცა ამავდროულად, რუსეთმაც დაიბრუნა თავისი სამხედროების ყოფნის უფლება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ობიექტი, რომელიც მათ კონტროლქვეშ იყო, კაბალის რადიოლოკაციური სადგურია, რომელიც ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს დაიხურა და რუსეთის ძალებმა აზრბაიჯანის ტერიტორია დატოვეს. დღეს კი რუსეთმა მიიღო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მშვიდობისმყოფელის მანტიით, იმ კონფლიქტში, რომელიც იმთავითვე მის მიერ იყო ინსპირირებული და შემდგომ პერიოდშიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშვიდობა არ დამყარებულიყო. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც იარაღით ამარაგებდა, როგორც ერთ, ისე მეროე მხარეს. ასე რომ რეალობა გვაქვს ასეთი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მნიშნელოვანია იმით, რომ შეწყდა სისხლისღვრა (ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ადამიანები იღუპებიან), მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთმა მიიღო დამატებითი ბერკეტები რეგიონში, და ეს არის ბერკეტია- როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე ზემოქმედებისათვის. - ის რეალობა, რაც ახლა იქმნება კავკასიაში, რამდენად და როგორ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე? - სატრანზიტო პოტენციალზე, თუ იმას ვგულისხმობთ, რომ ნახიჩევანისკენ იხსნება ვიწრო კორიდორი, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. სხვათაშორის გასათვალისწინებელია, რომ ამ კორიდორს, ამ შეთანხმებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ჯგუფები გააკონტროლებს. ამიტომ ვერანაირად ვერ განვიხილავთ ამ ვიწრო დერეფანს, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებელს. თუმცა საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომელიც გუშინ დამყარდა, რუსეთის გაძლიერება რეგიონში. საქართველოსთვის ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს ეს ფაქტორი. თუ არ გავაძლიერეთ აქტივობები და თუ ვერ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორების მეტად დაინტერესება საქართველოთი და საქართველოს უსაფრთხოებაში ვართ საკმაოდ დაუცველები და მოწყვლადი ამ სიტუაციაში. ამ ინტერესის გაძლიერება კი შეიძლება სწორედ, ისეთი პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს, ერთის მხრივ, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას (ამ მხრივ, ძალიან მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ისეთი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი), და მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს დიპლომატიურ აქტივობაზე ნატოს ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივ ფორმატში ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობებს. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაშიც კიდევ უფრო უნდა გავვაქტიურდეთ და თავად ნატო, რომელში ინტეგრაციაც, საქართველოსთვის დღეს უაღრესად მნიშნელოვანია, მით უფრო როცა რუსეთი ძლიერდება ამ რეგიონში. - ახსენეთ ანაკლია, თქვენი აზრით რა ბედი ეწევა ამ პროექტს? განხორციელდება თუ არა მისი მშენებლობა, მითუფრო, რომ ახლა კიდევ უფრო დადასტურებულად წარმოჩინდა როგორი საჭიროა მსგავსი პროექტები ქვეყნის, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ უსაფრთხოების კუთხითაც? - ანაკლიის პორტი დღეს სამწუხაროდ შეჩერებულია, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს პროექტი ხელახლა დაიძრას და განხორციელდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს იქნება მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დამატებითი გარანტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული, სწორედ მსგავსი პროექტების განვითარებაა. რაც უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის ინტერესი იქნება საქართველოში წარმოდგენილი, რაც უფრო მსხვილი კომპანიები იქნებიან ჩართულები, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა და ბაქო-თბილისი-ერზუმმა განაპირობა ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან გავიდა. რომ არა ეს პროექტები, არც ეს არ მოხდებოდა. ასეთ პროექტებს არ აქვს მხოლოდ კომერციული მნიშვნელობა, ისინი თავიანთი პოლიტიკური დატვირთვით არიან მნიშვნელოვანნი. ჩვენს ინტერესებშია მსგავსი პროექტები განვითარდეს და საქართველო მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ბიზნესისათვის, დღეს ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. დღეს ამას კიდევ უფრო მეტი მნიშნელობა აქვს, ვიდრე აქამდე. - რუსეთმა გაიმყარა პოზიციები იქ, სადაც სურდა, რამდენადაა აზრბაიჯანისთვის ეს გამარჯვება... - დღევანდელი გადასახედიდან, აზერბაჯანი ტერიტორიულად უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე იყო ორი და სამი თვის წინ, რადგან მან დაიბრუნა ეს ტერიტორიები, თუმცა ვიმეორებ რომ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია იმაზე, რამდენად მართებულად და ჯეროვნად შესრულდება მიღწეული შეთანხმება. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, აქ რუსეთი ყველანაირად შეეცდება თავისი პოზიციები გაიუმჯობესოს. თუმცა აზერბაიჯანი რამდენად იქნება მოწყვლადი ყოველივე ამის მიმართ, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ძლიერი და დაცული იქნება საქართველო. ამიტომ საქართველოს მნიშნელობა, რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო იზრდება და რუსეთის ინტერესი ჩვენს მიმართ, არ კლებულობს, ამიტომ ჩვენს დაცულობას დიდი მნიშნელობა აქვს. - როგორია თურქეთის როლი და მნიშვნელობა ამ კონფლიქტში? - თურქეთი თავისთავად ცხადია დაინტერესებული მხარეა და მას ეს არც დაუმალავს, თურქეთმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა აზერბაიჯანს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები იყო, რომ თურქეთი მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილებას, უშუალოდ მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით, ჩანაწერი შეთანხმებაში არ არის. თუ ამის მიღმა არის კიდევ სხვა შეთანხმება, არ ვიცი, მაგრამ ამაში, საუბარია რუს სამშვიდობოებზე და არა თურქებზე. ვნახოთ რა ფორმით იქნება თურქეთი ჩართული. თურქეთისთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ, სტაბილური და განვითარებული საქართველოც. ამ კონტექსტში, თურქეთი, ჩვენი შეურყევადი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობა. - მაშინ როცა ითქვა რომ რუსი სამშვიდობოები შევლენ ყარაბაღში, ჩნდება ერთგვარი ,,დეჟავიუს’’ შეგრძნება საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, როცა ვკითხულობთ, რომ საუბარია 5 წელიწადზე, შემდგომი განგრძობის პერსპექტივით, პირველი, რაც გვახსენდება, დღეს რუსი სამშვიდობოების დანატოვარი კვალი, უდიდესი სამხედრო ბაზებია აფხაზეთში... - გეთანხმებით, შეუძლებელია ასეთი გრძნობა არ გაჩნდეს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში, რადგან თუ შევხედავთ იმ მანდატს, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა, ეს მანდატი აფხაზეთის მხარეს იყო გაეროს მანდატი, ცხინვალის შმეთხვევაში, კი ეუთოსი. რუსეთმა ახლა რაც მოახერხა, არის ის, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა, მხოლოდ და მხოლოდ მხარეების ხელმოწერით მიიღო ეს სტატუსი, რაც თავისთავად მოქმედების მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ანგარიშვალებულებას აძლევს. მეორე - თუ შევხედავთ, იმას, რამდენად სწრაფად მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის პერედისლოკაცია, ვნახავთ, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ მანამ, სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა. ამისთვის რუსეთი, ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა, კარგად აკვირდებოდა სიტუაციებს, აკეთებდა შესაბამის გათვლებს, სცენარები მუშავდებოდა და ერთ-ერთი განხორციელებული ფაზა, ვნახეთ, ამ მოცემულობაში, შეუძლებელია დეჟავიუს შეგრძნება არ გაჩნდეს, ისედაც ცხადია, რომ ეს კონფლიქტები იმთავითვე რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილიც. - სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. რა იქნება ამ ვიზიტის მთავარი მესიჯი, მითუფრო იმ ფონზე რა პროცესებიც რეგიონში მიმდინარეობს? - ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული რეალობების გათვალისწინებით. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივებიც შევთავაზოთ სტრატეგიულ პარტნიორს. სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"

მაიკ პომპეო 17 ნოემბერს საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგერეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართავს. "მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი - მაიკ პომპეო

"ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი", - ასე ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გადეგმილ ვიზიტს. „მიმდინარე კვირას, პარასკევს კვლავ მივემგზავრები ტურნეში. ამჯერად საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს ვეწვევი. ამ ქვეყნებში ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი“, - განაცხადა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი, საქართველოს 17-18 ნოემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან გამართავს.

გიორგი გახარია ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მთავრობის ცნობით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც გახარიამ ჩაიტარა უარყოფითია, შესაბამისად ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერმინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა და ის მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.

ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას - ხვალ ერევანში აქცია გაიმართება

11 ნოემბერს, ერევანში, თავისუფლების მოედანზე 17 პარტია აქციას გამართავს. ამის შესახებ მათი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ძვირფასო თანამოქალაქენო, სამწუხაროდ, გუშინ ჩვენს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა. ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც საკუთარი სისხლით იცავენ ფრონტზე მიწასა და სახელმწიფოებრიობას და ყველა ჩვენგანის ზურგს უკან ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ამ მომენტისთვის უკიდურესად აუცილებელია ჩვენი ერთიანობა, შიდა არეულობისა და პროვოკაციების გამორიცხვა. ხვალ, 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება რთული სიტუაციიდან გამოსავლის გზები“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. თავის მხრივ, სომხეთის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავი შეიკაონ. „მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზების, ჩატარების და მასში მონაწილეობისგან. 27 სექტემბრიდან სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის თანახმად აიკრძალა შეხვედრების ორგანიზება, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და მონაწილეობა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

„გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ

პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“. განცხადების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მზად არიან გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. „ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით. მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად. მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი რუსული ოკუპაციის მილოცვა?! - კელი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საკუთარ Twitter-ზე მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. "როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?" - წერს ის. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა. "ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებისთვის და მადლობა ყველა ფასილიტატორს. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლის ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ კავშირის ახალ თავს ერთად ვიწყებთ". – წერს საქართველოს პრეზიდენტი. 10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან. ასევე, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან. How can a Georgian President congratulate an agreement that locks in another Russian occupation in Caucasus and locks out the West? https://t.co/GGHWfeSqMt — Ian Kelly (@ikelly731) November 10, 2020

სააკაშვილის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეთანხმება

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადების განმარტებას ეთანხმება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს: "მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!" - წერს სააკაშვილი. "ენმ - ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განმარტავს განცხადებას, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდებს. "დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ფეისბუქში" პოლიტიკოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. განმარტებამდე ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მის ამ განცხადებას, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის სრულად მოგვარება მოჰყვება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. უწყება, განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს შეუწყობს ხელს. სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. „დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს, კი ქალაქ შუშაზე. 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

გადათვლის პროცესი ჯამში 24 500-მდე ამომრჩევლის ხმას შეეხო

"კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა - 564", - ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სანტურიანმა განმარტა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. „აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან - 126. აღასანიშნავია, რომ საჩივრების წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ანალოგიური იყო ბოლო წლების საჩივრების წარდგენის პროცედურისა. მაგალითად, ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა პარტიის მიერ წარდგენილი არაუფლებამოსილი პირი და ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი. იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, მაშინ როდესც მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება“, - განაცხადა სანტურიანმა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, როგორც სანტურიანმა განმარტა, ყველა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი, ხოლო მცირე გამონაკლისის გარდა შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრების წარდგენის პროცედურისა და დარღვევის გამო განუხილველად დატოვების შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორეზე, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა სანტურიანმა. ამასთან, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოცემული მდგომარეობით გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შემთხვევაში განცხადება საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. „ჯამში გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს. აღსანიშნავია, რომ უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი. ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს სქმეების განხილვადა მოგვიანებით წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სანტურიანმა.

კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება - სალომე ზურაბიშვილი

კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. „კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს,“- წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ასევე იხილეთ: ომი დასრულდა - რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგების პროცესი დაიწყო

გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციისადმი მის მოწოდებას განმარტავს

"ენმ - ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განმარტავს განცხადებას, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდებს. "დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ფეისბუქში" პოლიტიკოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მის ამ განცხადებას, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განცხადებას დამაბნეველი უწოდა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია. „რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის გაუგებარი და დამაბნეველი განცხადება. ველოდებით თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში, თუ არა. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება. ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ქვეყნისთვის ბევრად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში, ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ არჩევნებში მოგებული წაგებულად გამოაცხადოს, ამ მანიპულაციების, დაშინების, ზეწოლისა და მანიპულაციების შედეგად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, სამწუხაროა, როცა პარტიის თამჯდომარე, შეუთანხმებლად, ასეთ განცხადებას აკეთებს. “სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, - წერს ხატია დეკანოიძე “ფეისბუქის“ გვერდზე. მკაცრი აღმოჩნა, პარტიის ახალი სახის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებაც და ის ამბობს, რომ თუ განცხადება მართალი აღმოჩნდება და გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიუფურთხებია პარტიისთვის. “რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ პრესიდან შევიტყვე - სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. „პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. ასევე პრესიდან გავიგე შეთანხმების პირობებიც. სამწუხაროდ, ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ამ დოკუმენტის თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა, არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა. მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული. „ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი, მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სომხეთს, არცახს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინტერესებსა და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით დოკუმენტის ხელმოწერა, ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის და, შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი. არმენ სარქისიანის მტკიცებით, არსებულ სიტუაციაში მისი, როგორც სომხეთის პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი მისია ეროვნული ერთობის ჩამოყალიბებაა. შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

სომხეთის პატრიარქი ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, მოსახლეობას კი სიმშვიდისკენ მოუწოდებს

სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ჩვენს ხალხს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებული და სათანადო ახსნა-განმარტება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მათ მივმართო: ეროვნული ერთიანობის დასაცავად შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების გადაჭარბებული გამოხატვისგან. ძალადობა და არეულობა თავიდან უნდა ავიცილოთ", - აცხადებს სომხეთის პატრიარქი. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ.

ომი დასრულდა - რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგების პროცესი დაიწყო

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება. "აზერბაიჯანული და სომხური ძალები ყარაბაღში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე შეჩერდებიან. ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეები უნდა გაცვალონ, ყარაბაღში კი ყველა სატრანსპორტო კვანძი უნდა განიბლოკოს. ვიმედოვნებ, შეთანხმება შექმნის პირობებს კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ნათქვამია, რომ მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან, სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღში დაგავებული ტერიტორიები კი, ეტაპობრივად დაუბრუნდება აზერბაიჯანს. 1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან. 2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე. 3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება. 4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე. 5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს. 6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. 7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით. 8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება. 9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან მოსახლეობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვით აცნობა. "ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო! ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის. 01.00 საათიდან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოვაწერე ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. უკვე გამოქვეყნებული ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის შედეგად და იმ ადამიანების რჩევით, რომლებსაც აქვთ სიტუაციის საუკეთესო ხედვა. ის ასევე ეფუძნება რწმენას, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. დიახ, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც მარცხია, სანამ თავს დამარცხებულად არ ჩავთვლით. ჩვენ კი ამას არასოდეს გავაკეთებთ და ეს უნდა იყოს ეროვნული ერთიანობის, ხელახლა დაბადების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ მომავალი და აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. მუხლს ვიდრეკ თითოეული ჩვენი მოწამის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა ჩვენი ჯარისკაცის, ოფიცრის, გენერლის, მოხალისეს წინაშე, რომლებიც იცავდნენ და იცავენ სამშობლოს! მათ არცახის [თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის - რედ.] სომხები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ! და ჩვენ გავიმარჯვებთ! არცახი დგას! გაუმარჯოს სომხეთს! მრავალჟამიერ არცახს" - წერს ნიკოლ ფაშინიანი და დასძენს, რომ შესაბამისი პირობები უახლოეს დღეებში განსაჯაროვდება. ერევანში ფაშინიანის განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, როცა დადასტურდა აზერბაიჯანული მხარის ინფორმაცია სტრატეგიულ ქალაქ შუშის აღების თაობაზე, სომხურმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ომში მარცხის გამო ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა, სომხეთი და აზერბაიჯანი ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი. გუშინ ცნობილი გახდა აზერბაიჯანული ჯარის მიერ შუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ძალები უკვე დედაქალაქ სტეპანაკერტს მიუახლოვდნენ.

შეთანხმება არაფერს ამბობს ყარაბაღის სტატუსის შესახებ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებული ომის შეწყვეტის შეთანხმება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს. “განცხადება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ, მაგრამ სად არის სომხური მხარის მოთხოვნები, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო? როცა მე მათ ავტონომია შევთავაზე, მათ უარი განაცხადეს. <ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა>, მითხრეს სომხებმა. შეთანხმებაში არცერთი სიტყვა არაა სტატუსის შესახებ. რა მოხდა? არცერთი სიტყვა არ არის ამის შესახებ და არც იქნება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ.”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. მანამდე, ბრიტანული BBC-ის ეთერში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურ მოსახლეობას შეეძლო ესარგებლა თვითმმართველობის უფლებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სრულად აღადგენდა კონტროლს მთიან ყარაბაღზე. ალიევის თქმით შესაძლებელი იყო მუნიციპალური მმართველობა და/ან კულტურული ავტონომია. სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი დღეს ღამით მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. "1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან. 2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე. 3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება. 4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე. 5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს. 6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. 7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით. 8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება. 9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები.

პოლ გობლი: სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობის შეტანა სურთ

ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი იმედოვნებს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო არ გამწვავდება. ანალიტიკოსი ამ საკითხზე „ევროპათაიმს“ ესაუბრა. „დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდება. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც სურთ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა შეიტანონ და ზოგი სხვა ქვეყნებშიც წაახალისონ იგივეს გასაკეთებლად. ამ ყველაფერში პუტინის როლი დემოკრატიის განადგურებაა“, - განაცხადა პოლ გობლმა. მანამდე, „ევროპათაიმმა“ შეფასებები სხვა ექსპერტებსაც სთხოვა. ლუის ნავაროს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა. ლინკოლნ მიტჩელი კი მიიჩნევს, რომ შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება კი ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი პოლიციის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა გახდა. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00სთ-დან დაუმორჩილებლობას აცხადებს და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, პარლამენტთან რჩება.

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. “შეუძლებელია, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევიანებს. რეჟიმი ყველა ზღვარს გადავიდა - რა ბერკეტებს არ იყენებენ. გული მოგიკვდებოდა "რობოკოპებს" რომ ვუყურებდი, რომელთა დიდ ნაწილს იქ დგომა არ უნდოდა. თუ ვინმე გასათავისუფლებელია ის ხალხია, ვინც ძალოვანებში იმყოფებიან. ისინი ტყვეობაში არიან. სამართალდამცავები პირად დაცვად, სამართალდამრღვევებად გადააქცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, პირადად მისთვის პატივია, რომ ივანიშვილი საკუთარ მოწინააღმდეგედ თვლის, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას. “თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“, - მიმართა მომიტინგეებს ნიკა მელიამ. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური გამოსვლები სრულდება, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი არ აპირებს 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილოს.

გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების მისამართით წერს, რომ მათთვის ბიბლიოთეკის კარი დღეს ღამით ღია იქნება. კეკელიძე აქციის მონაწილეებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. "დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე - აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად - ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია. შესაბამისად - სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის - თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ - აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე - ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა. არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს - არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია", - წერს კეკელიძე. ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი სირცხვილიას დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება. სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.