პოლიტიკა

პაკისტანის პრემიერმინისტრმა Facebook-ს ისლამოფობური კონტენტის აკრძალვა სთხოვა

პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს წერილი მისწერა და ისლამოფობური კონტენტის აკრძალვა სთხოვა. წერილში ხანი ამბობს, რომ "მზარდი ისლამოფობია" სიძულვილს, ექსტრემიზმსა და ძალადობას უწყობს ხელს. Facebook-ზე სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წაშლის პოლიტიკა უკვე არსებობს. საიტი სიძულვილის ენას განმარტავს ძალადობრივი ენით ან დამაზიანებელი სტერეოტიპებით პირდაპირ შეტევად ადამიანებზე რასის, ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობისა და აღმსარებლობის გამო. Twitter-ზე გამოქვეყნებულ წერილში იმრან ხანმა მაგალითად მოიყვანა Facebook-ის გადაწყვეტილება ეკრძალა კონტენტი, რომელიც უარყოფს ჰოლოკოსტს და მის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. ხანმა სოცმედია საიტს მოუწოდა, მსგავსი პოლიტიკა გაეტარებინა ანტი-ისლამური კომენტარების მიმართაც. იმრან ხანმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება სიძულვილის გზავნილები ზოგიერთის წინააღმდეგ მიუღებელი იყოს, ხოლო ზოგიერთის წინააღმდეგ - მისაღები. სულ რაღაც ერთი დღის წინ, პაკისტანის პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ისლამზე თავდასხმაში დასდო ბრალი. ხანის კომენტარი დაკავშირებულია ფრანგი მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ მაკრონის სიტყვებთან. "ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ." - თქვა მაკრონმა. 47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, 16 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა. ირმან ხანმა მაკრონს Twitter-ზე გამოეხმაურა. "სამწუხაროა, რომ მაკრონმა ისლამზე და არა ძალადობის ჩამდენ ტერორისტებზე თავდასხმით გადაწყვიტა ისლამოფობიის წაქეზება" - წერს ხანი. მუჰამედის გამოსახვა ისლამში ტაბუა. თუმცა სეკულარიზმი ფრანგული ეროვნული იდენტობის ერთერთი ძირეული ფასეულობაა. სახელმწიფო პოზიციის თანახმად გამოხატვის თავისუფლება რომელიმე ჯგუფის გრძნობების დასაცავად არ უნდა შეიზღუდოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პაკისტანმა Facebook-ს საიტზე განთავსებული კონტენთან დაკავშირებით მიმართა. 2017 წელს იმ დროისთვის ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნავაზ შარიფმა Facebook-ს "მკრეხელური კონტენტის" გამოძიება სთხოვა. გაურკვეველია, კონკრეტულად რა შინაარსის პოსტებს გულისხმობდა შარიფი. კრიტიკოსთა აზრით ქვეყანაში არსებული მკრეხელობის ამკრძალავი კანონები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯის საფუძველს იძლევა, ხშირად უმცირესობების ჩაგვრისთვის გამოიყენება.

საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის საკუთარ შეთავაზებას დღის წესრიგში ტოვებს

ჩვენი პოზიცია არის მიმართული რეგიონში სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად. პირველი დღიდან ჩვენი მოწოდება იყო, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია, საქართველომ შესთავაზა მხარეებს თბილისი, როგორც ადგილი მოლაპარაკებისთვის, – ამ განცხადებით ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი გენერლის ფილიპ ბრიდლავის სტატიას. ზალკალიანის თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. „ეს შეთავაზება მუდმივად არის დღის წესრიგში. ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენს მეზობლებს ამის სურვილი იქნებათ, მზად ვართ, ვუმასპინძლოთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ის მყიფე მშვიდობა, რომელიც პერიოდულად მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აუცილებადია იყოს განგრძობადი. ამას ჭირდება რეგიონში სტაბილურობა. ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გამოვაცხადეთ, რომ გვსურს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და სომხეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ეროვნების მოქალაქეები საუკუნეებია თანაცხოვრობენ საქართველოში, მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონი გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. არ არსებობს მსოფლიოში იმაზე უფრო ძლიერი, როგორც ეკონომიკური ისე რესურსული თვალსაზრისით და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, როგორც სამხრეთ კავკასია. თუ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდა, ამით მოიგებს ყველა. როგორც რეგიონი, ასევე რეგიონს მიღმა ყველა ძირითადი ძალა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის: მთიან ყარაბარში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. მხარეები რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მათ შორის მოსკოვსა და აშშ–ში, თუმცა ერთმანეთის შეთანხმების დარღვევაში მალევე დაადანაშაულეს.

ათასობით ადამიანმა შესაძლოა, ხმის მიცემა ვერ შეძლოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ შესაძლოა, არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლოს. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. კერძოდ, თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა არ იცის, რომ შეუძლია, გადასატანი ყუთის მოთხოვნა. "დღეს არის თვითიზოლაციაში მყოფთათვის ბოლო ვადა, რომ დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი 0) და მოითხოვონ გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუმცა, ცესკო გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანს მხოლოდ მათ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხვაში იმყოფება, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირი (ინფიცირებული, თუ კონტაქტში მყოფი)", - წერს ომბუდსმენი. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ აღნიშნული არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში. "ეს კატეგორია ჩვენი მოქალაქეებისა ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებენ თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა შეძლოს", - წერს ლომჯარია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა, თუმცა, მათი ნაწილი არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის მიმღებთა კრიტერიუმებს. შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეძლებენ.

თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ მუშაობა არ შეუჩერებია

საქართველოში თურქეთის საელჩო განმარტავს, რომ თბილისში მუშაობა არ შეუჩერებია, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ, როგორც საელჩოს ახალ განცხადებაშია ნათქვამი, 24 ოქტომბრის ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში Covid 19-ის შემთხვევების მატების გამო, პრევენციის მიზნით, საკონსულო განყოფილება აჩერებდა მუშაობას შემდგომი განცხადების გაკეთებამდე. "ზოგიერთ მედიაში ინფორმაცია ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საელჩო საერთოდ აჩერებდა მუშაობას. ჩვენი საელჩო აგრძელებს მუშაობას. განცხადება ეხება მხოლოდ არა სასწრაფო საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რა ტენდენციები შეინიშნება სოციალურ მედიაში წინასაარჩევნოდ – ანგარიში

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" სოციალური მედიის II შუალედური მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ძირითადი დენტენციებია გამოკვეთილი. კერძოდ, ანგარიში, რომელიც 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ შეინიშნება პოლარიზების წამახალისებელი, მედიის და ოპოზიციის მადისკრედიტებელი გვერდების, ჯგუფებისა და ცრუ მედიების "ფეისბუქ"–გვერდების აქტიურობა. ISFED-მა 900-ზე მეტი ფეისბუქ გვერდი და 11 469 პოსტი გააანალიზა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აქტიურობს: ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი;ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი.დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც. ასევე, სამართლიანი არჩევნები აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 Facebook-გვერდს. მონიტორინგი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლარიზების წამახალისებელი გვერდები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები პრორუსულად განწყობილი აქტორების სასარგებლოდ. 69 გვერდი, ღირებულებითი თემებით მანიპულირების მეშვეობით, საარჩევნო სუბიექტების: "პატრიოტთა ალიანსის", "ქართული მარშის", "ქართული იდეის", პრიმაკოვის ფონდის დირექტორის – დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა. ისინი ასევე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ. ვრცელდება პრორუსული ნარატივიც. ასევე, ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში "ფეისბუქზე" ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 ოპოზიციის (გარდა "პატრიოტთა ალიანსისა"), კრიტიკული მედიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 30 გვერდი, ძირითადად, "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა, რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მოქმედებდა, გარდა "ძალა ერთობაშია"–ში შემავალი პარტიებისა. "სამართლიანი არჩევნები" აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტი "პოსტს" ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია: 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ანონიმურ დისკრედიტაციულ და ცრუ მედიის გვერდებზე ჯამში 1,725 პოსტი გამოქვეყნდა. ხოლო, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული 65 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი 8 დასპონსორებული პოსტი. რაც შეეხება მედიებს, "ფეისბუქზე" თავდასხმის ობიექტები არიან "მთავარი არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა". ანგარიშის მიხედვით, „მთავარი არხის“ დისკრედიტაცია, ძირითადად დავით–გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საკითხების გაშუქებას მიემართებოდა და გაისმოდა ბრალდებები საკითხის შერჩევითად და პარტიულ კონტექსტში გაშუქების შესახებ. ტელეკომპანია "იმედი" დისკრედიტაციის სამიზნე იყო გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო, რომელშიც ნიკა ლალიაშვილის და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი თანამშრომლების ლაპარაკია გადმოცემული. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში Facebook-ზე 9 ცრუ მედია გვერდი მოქმედებდა, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდა. ცრუ მედიის 9 გვერდზე სულ 403 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან ISFED-მა 7 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა. ანგარიშის თანახმად, "ფეისბუქზე" კვლავ ორგანიზებულად მოქმედებს როგორც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი გვერდები. ოპოზიციის მხარდასაჭერად 18 Facebook გვერდი მოქმედებდა, რომლებმაც ჯამში 137 708 გამომწერი ჰყავთ. ხელისუფლების მხარდასაჭერად 17 გვერდი მოქმედებს, 430 851 გამომწერით. ISFED აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გვერდების პოსტების რაოდენობა და ინტერაქცია მნიშვნელოვნად აჭარბებს ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდებისას, ხოლო ინტერაქციების რაოდენობის სხვაობა სავარაუდოდ დაკავშირებულია პოსტების დასპონსორებასთან, რისი მეშვეობითაც კონკრეტულ პოსტს ბევრად მეტი მომხმარებელი ნახულობს. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ პარტიების და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 120 ათას აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. 177 ოფიციალურ გვერდზე 4 925 რეკლამა გამოაქვეყნდა, ძირითადად დეკლარირებული სახით. ამასთან, ISFED-ის მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომელიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ეს რეკლამა პოლიტიკური კანდიდატის ან საკითხის შესახებ შინაარსის გამომხატველი იყო და დარღვევით გამოქვეყნდა, მხოლოდ 23-ის მოქმედება შეჩერდა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 184 ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. ყველაზე მაღალი ინტერაქციის მქონე მხარდამჭერ ჯგუფებად გამოვლინდნენ ენმ-ის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედი ჯგუფები. წინასაარჩევნო მოწოდებები და პოლიტიკური დისკუსია „ფეისბუქ“ ჯგუფებშიც მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 184 ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. ყველაზე მაღალი ინტერაქციის მქონე მხარდამჭერ ჯგუფებად გამოვლინდნენ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედი ჯგუფები. პარტიებთან ოფიციალურად აფილირებული ჯგუფების გარდა, "ფეისბუქზე" მოქმედებენ მადისკრედიტირებელი ჯგუფები. ისინი ძირითად "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ექვსი საჯარო ჯგუფი ეწევა ყველა პარტიის დისკრედიტაციას, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა". ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას: პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების სოციალური მედიის ოფიციალური გვერდების მონიტორინგს, ცალკეული საჯარო მოხელეების სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში აქტივობის მონიტორინგს;პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების/ჯგუფების/აქტორების მონიტორინგს, მათ შორის - პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიების, ანონიმური და ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედიის მონიტორინგს;ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი გვერდების/ჯგუფების მონიტორინგს.

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. "იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს. შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება. შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში. შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 7000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო შეტყობინება ეგზავნება ყველა პირს, რომელთაც მითითებული აქვთ საკონტაქტო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს. შემდგომში ცესკოს განკარგულებით მტკიცდება ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე მიეწოდება საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს. საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება", აღნიშნულია ცსკ–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია.

"საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას"

ამერიკული გამოცემა NPR აქვეყნებს აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალი ფილიპ ბრიდლავის სტატიას სახელწოდებით "აშშ-ს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის იგნორირების ფუფუნება არ აქვს“. "საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ. ამ კონფლიქტს, რომელშიც გამოყენებულია ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითი დანაყოფები, არტილერია და იარაღით აღჭურვილი დრონები, უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“,- წერს ბრიდლავი. როგორც გენერალი აღნიშნავს, "ბევრი ამერიკელი ვერ ხვდება, რომ რეგიონზე სერიოზული უარყოფითი გავლენის გარდა, აქ სასწორზე აშშ-ის ინტერესებიც დევს, მათ შორის ენერგორესურსების და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის კუთხით". მისი თქმით, "კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურ დიპლომატიას უნდა მიმართოს". ფილიფ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ "საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო–ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ამერიკის ძალისხმევის მიზანშეწონილობას და დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი": "სამხრეთ კავკასიაში განლაგებულია არსებითი მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სადენებს, რომლებითაც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიედინება კასპიის ბუნებრივი აირი და ნავთობი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთში ნატოს ტვირთების გადაზიდვაში. შესაბამისად, ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაკარგვა ან დაზიანება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ინტერესებს. განახლებული კონფლიქტი ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მასში ჩართულ მხარეებს, რომლებსაც სამხედრო წვლილი აქვთ შეტანილი ავღანეთში ამერიკის ძალისხმევაში, არამედ საქართველოსაც - აშშ-ის ახლო მოკავშირეს, რომლის წარმატებაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობაზე. შესაძლებელია, რომ განვითარდეს კიდევ ერთი, უფრო შემაშფოთებელი სცენარი. თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამძაფრდა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო ჩარევა, რასაც გავლენა ექნება ფართო რეგიონზე. რუსეთს საგრძნობი სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული სომხეთში და მას ერევანთან გაფორმებული აქვს სამხედრო შეთანხმება. ჯერჯერობით რუსეთი თავს იკავებს კონფლიქტში უშუალოდ ჩართვისგან. ნაცვლად ამისა, მან ორჯერ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუმცა ორივეჯერ ეს წამოწყება თითქმის იმთავითვე ჩაიშალა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ეთნიკურად მონათესავე აზერბაიჯანელებს, სამხედრო დახმარებას უწევს ბაქოს და ფრონტის ხაზზე აგზავნის სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს. დაბოლოს, ირანი, რომელიც ესაზღვრება როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობს მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი. შესაბამისად, ირანიც იოლად შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში. ამგვარად, რეგიონის სამი მთავარი ძალის ნელ-ნელა ჩათრევა ამ კონფლიქტში ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს. რეგიონში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი უბრალოდ ძალიან მაღალია“. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ "დასავლეთის რეაგირება აყოვნებს და მისი ჩართულობა ლეთარგიას უფრო ჰგავს": "მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ეუთოს მიერ 1992 მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად შექმნილი მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნები) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიპლომატიური თვალსაზრისით, მოწყვეტილია რეგიონს, რაც ასუსტებს მის პოზიციას და ზღუდავს მის უნარს, მიაღწიოს რეალურ პროგრესს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში". ,,სამხრეთ კავკასია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი რეგიონია და, დიდი ალბათობით, ასეთად დარჩება უახლოეს მომავალშიც. 3 კონფლიქტი: მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქამდე „მიძინებული“ იყო, თუმცა ბოლო დროს გაჩაღებულმა შეტაკებებმა დაგვანახა, რომ დაძაბულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს აფეთქებაში. შემდგომი ესკალაციის პრევენცია უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტი. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მცდელობას, ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის თავი მოუყაროს კონფლიქტში მონაწილე მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს დასაწყისია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს“,- წერს გენერალი. ფილიპ ბრიდლავის თქმით, "თითქმის 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ძალ-ღონეს არ იშურებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ამერიკამ მხარი დაუჭირა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და მათ სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით". გენერალი აღნიშნავს, რომ დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით: ,,რეგიონში აშშ-ის ჩართულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ამერიკაში, რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, ასევე რეგიონის მზარდი პოლიტიკური კავშირები საქართველოსთან. ხსენებულმა ძალისხმევამ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო–ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ჩვენი ძალისხმევის მიზანშეწონილობას. დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით. აშშ-ის აქტიურ დიპლომატიას არსებითი მნიშვნელობა აქვს მინსკის პროცესის მეშვეობით კონფლიქტის დეესკალაციის და ამ პროცესში ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობის თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე მხარდაჭერას ისეთი სანდო მოკავშირისა და პარტნიორის ადგილობრივი ინიციატივების და ლიდერობის მიმართ, როგორიც საქართველოა“.

„საბოლოოდ საქართველო იძულებული გახდება, ჩინეთსა და დასავლეთს შორის არჩევანი გააკეთოს“

ჩინეთმა იმედი გაუცრუა ქართველ ლიდერებს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მათ სუპერ ძალებს შორის ბალანსის დაცვა შეეძლოთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმედგაცრუება იზრდება. „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივისა“ და ჩინეთის გეგმების რეალიზაციისთვის საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ქართულ ელიტას მომავლის დიდი იმედი ჰქონდა. სადღეისოდ კი ენთუზიაზმით განწყობილი ცოტა ადამიანი დარჩა. ურთიერთობა იმედისმომცემად გამოიყურებოდა. კერძოდ, 2017 წელს ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმებას, ამ ნაბიჯით საქართველოს ლიდერები იმედოვნებენ, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობდა ექსპორტს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩინეთის ინვესტიციები გაიზრდებოდა საქართველოს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, შავი ზღვის პორტებში, ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო და საგზაო კავშირებში. ამ მიზნით თბილისში რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ასევე განიხილებოდა, როგორც საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რუსეთის რეგიონული გავლენის დაბალანსების ხელშემწყობი და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ ჩადებული ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ იმედები ვაჭრობის გაუმჯობესების თაობაზე არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი მოცულობის სტაბილური ზრდა შეინიშნებოდა, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ძირითადად ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, როგორიცაა სპილენძი და სხვადასხვა სახეობის ქიმიკატები. უფრო მაღალი ღირებულების სასაქონლო ვაჭრობა არ განხორციელებულა. პარალელურად გაიზარდა შეშფოთება კორუფციული საქმიანობის გამო, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლეს ჩინურმა კომპანიებმა ხელშეკრულებების მოპოვება. აღნიშნულის ერთ–ერთი საილუსტრაციო შემთხვევა ეხება Powerchina– ს შვილობილ კომპანია Sinohydro– ს, რომელმაც ხულო – ზარზმის გზის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება 26,3 მილიონი ევროს შეადგენდა. Sinohydro– ს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ცნობილია კორუფციით, გარემოსთვის ზიანის მიყენებით და მაინც, ეს კომპანია იგებს ახალ ტენდერებს. გარდა ამისა, თბილისში პოლიტიკოსებისთვის აშკარა გახდა, რომ ჩინეთი რუსეთთან მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობების დაზიანებას არ შეეცდება. მაგალითად, ჩინეთი საერთოდ ვერ ეხმარება საქართველოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დიპლომატიურ საკითხებში. მან არაერთხელ მისცა ხმა გაეროს რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" წინააღმდეგ. პეკინს არც ერთხელ არ დაუგმია დე-ფაქტო საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა. ამასთან, ჩინეთი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე დუმილს ინარჩუნებს. იგი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსულ "ბორდერიზაციის" პოლიტიკაზეც დუმილს ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედროებთან ერთად" მონაწილეობას მიიღებდა რუსეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში "კავკაზ -2020". გარდა ამისა, ჩინეთი დაეხმარა კრემლს ქვეყანაში დეზინფორმაციის დათესვაში. მაგალითად, 2 სექტემბერს ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ China Daily ეჭვქვეშ დააყენა თბილისის ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელიც აშშ–ის მიერ არის დაფინანსებული და განაცხადა, ეს ლაბორატორია საქართველოსთვის სავარაუდოდ, ბიოლოგიურ რისკს წარმოადგენდა და რომ საქართველოს მოქალაქეებს იქ სავარაუდოდ, საცდელ სუბიექტებად იყენებდნენ. ყველაფერი ზემოთხსენებული წინააღმდეგობაში მოდის დასავლელი პარტნიორების საქართველოს მიმართ​​განწყობებთან, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ისევე, როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთთან მზარდი იმედგაცრუების ფონზე საქართველოს ლიდერები განაგრძობენ ჩინეთსა და დასავლეთთან კავშირების შენარჩუნებას. მაგრამ რაც უფრო მკაცრდება ამერიკის პოზიცია ჩინეთთან მიმართებაში, ამ ბალანსის დაცვა უფრო და უფრო რთული იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილი მთელი რიგი საჯარო წერილების თანახმად, აშშ-ის კონგრესმენებმა და სენატორებმა აშკარად აღნიშნეს, რომ საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ჩინეთთან ღრმა კავშირები და მჭიდროდ გაეცნოს დასავლეთის სტანდარტებს და სავაჭრო პრაქტიკას. დაბალანსების ქმედება უბრალოდ არამდგრადია. საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, მისი გეოპოლიტიკური ორიენტაციის ქვაკუთხედი, შეუსაბამო და გამაღიზიანებელია ჩინეთისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალიანსი აძლიერებს ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ჩინეთის მზარდი სამხედრო ამბიციები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. საბოლოოდ საქართველო იძულებული გახდება მხარეებს შორის არჩევანი გააკეთოს. დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ველით, რომ საქართველო უფრო მტკიცედ დაუჭერს მხარს დასავლეთს, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ უფრო მეტად ეკონომიკურად, დასავლური 5G ტექნოლოგიების, ასევე სავაჭრო და ინვესტიციის სტანდარტების გათვალისწინებით. ემილ ავდალიანი სტატიას „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“ აქვეყნებს

ტიხანოვსკაია ბელარუსის მოსახლეობას საყოველთაო პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც ქვეყანა არჩევნების შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გამო დატოვა, მოსახლეობას საყოველთაო პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პროტესტი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობიდან არ გადადგება და სანამ, პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან. გუშინ მინსკის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცავებმა 200-მდე აქტივისტი დააკავეს. ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე). შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ",- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ტრამპი, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ზავის დადებას ულოცავს

ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს დილიდან ამოქმედდება. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს. „ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო," - წერს დონალდ ტრამპი. მედიის ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ლონდონბერიში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს „ადვილად გამოასწორებს.“ "შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთურად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას მარტივს ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. "ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე). შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ",- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა. პომპეომ თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა მოლაპარაკებები, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. დიპლომატებს შეხვედრების შემდეგ მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ. პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც. ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს ჩატარდება. გადაწყვეტილება რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მთავრობის მეთაურის პოზიცია სადირ ჟაპაროვმა დაიკავა. ყირგიზეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

მინსკში ქალების ანტისამთავრობო მარში იმართება

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ანტისამთავრობო ქალების მარში იმართება. მომიტინგეები მოსახლეობას გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 13 ოქტომბერს ულტიმატუმი წამოაყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია. გასულ კვირას პოლიციამ აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ჰოჯესი ყარაბაღის კონფლიქტზე:"ეს არის პოტენციური მარიონეტული დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის"

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება ყარაბახის საკითხზე მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე გადაიჭრება. ამის შესახებ გენერალმა „ევროპათაიმთან“ საუბრისას განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე გადაიჭრება. ეს არის პოტენციური მარიონეტული დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის, რომელიც უნდა მოგვარდეს. ვფიქრობ, კრემლი ამ მიმართულებით ნაბიჯს მალე გადადგამს და როგორც ჩანს, თურქეთი აფორმებს გარკვეული ტიპის შეთანხმებებს რუსეთთან თურქულ ჯართან დაკავშირებით სირიაში, რათა კრემლის რეაგირებები მთიან ყარაბაღში შეამციროს“ - აცხადებს გენერალი. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი იმდენად შორს არ წავიდეს, რომ კრემლი ჩაერთოს. „თუმცა "შორს წასვლა“ და თავდაჯერებულობის თავიდან აცილება ყოველთვის რთულია, როცა საქმე ჩანს, რომ კარგად მიდის“ - დასძინა გენერალმა. რაც შეეხება პროცესში საერთაშორისო ჩართულობას, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ „შეერთებულმა შტატებმა ყოველთვის უნდა გადადგას ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას“. „ჩვენ ნამდვილად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან. გერმანია არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და, ალბათ, ერთადერთი მთავრობაა, რომელსაც შეუძლია, კრემლის ქცევაზე გავლენა მოახდინოს. შეერთებულმა შტატებმა მჭიდროდ უნდა ითანამშროლოს გერმანიასთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით როგორც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ბელარუსთან დაკავშირებით“- განაცხადა გენერალმა. მისი ანალიზით, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, თუ რუსი ”მშვიდობისმყოფელები” მთიან ყარაბაღში ჩადგებიან: „ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის რუსეთსა და ირანს. შესაბამისად, თუ რუსი "მშვიდობისმყოფელები” ჩადგებიან იქ, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს აღმოსავლეთი-დასავლეთის საჰაერო მიმოსვლას, ენერგოგანაწილებასა და ტელეკომუნიკაციების მარშრუტიზაციას“. გენერალს ასევე ვკითხეთ საქართველოში შავ ზღვაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ანაკლიის პორტი, ბათუმის პორტის ტერმიანლის მშენებლობა (რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება) და რუსეთის წანააღმდეგობებზე აღნიშნულ პროექტებზე:"რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს რა არის საუკეთესო საქართველოსთვის. მხოლოდ საქართველოს ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმისდა მიუხედავად, კრემლი თავად რას თვლის საუკეთესო გადაწყვეტილებად".

დონალდ ტრამპი - ბაიდენს ამერიკელების შეშინება სურს, ჩვენ ამ პანდემიის დასრულებას სწრაფად ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრუდლება, მისი მეტოქე ჯოზეფ ბაიდენი კივირუსთან დაკავშირებული საფრთხის გაზვიადებით ამერიკელების დაშინებას ცდილობს. „ჩვენ ამ პანდემიის დასრულებას სწრაფად ვგეგმავთ. ბაიდენი და მისი „დემოკრატი“ მოკავშირეები ვირუსის საფრთხის გაზვიადებით ხალხის დაშინებას ცდილობენ,“- აღნიშნა ტრამპმა ფლორიდაში ამომჩეველთან გამართულ შეხვედრაზე. მოგვიანებით მან მხარდამჭერებთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის არჩევანი ქვეყნის „სწრაფი ტემპით ზრდასა და პანდემიას შორის“. ცნობისათვის, გუშინ გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ბაიდენმა განაცხადა, რომ წელს შეერთებულ შტატებს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.

გამოკითხულთა უმრავლესობა პრორუსულ პარტიას ხმას არ მისცემს

გამოკითხულთა უმრავლესობა პრორუსულ პარტიას ხმას არ მისცემს. სატელეფონო გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ 2020 წლის 21 - 28 სექტემბრის პერიოდში განახორციელა. გამოკითხულთა ნახევარს (51%) გათვითცნობიერებული აქვთ, რომ საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიები არსებობენ, მათგან უდიდესი უმრავლესობა (85%) კი ამბობს, რომ პრორუსულ პარტიას, არჩევნებზე ხმას არ მისცემს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ასაკის მქონე 2025 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილემა 1.4%-ია.

"შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება" - ჯეიმს კარაფანო

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა გააკეთებს ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”, - ამის შესახებ “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარმა ჯეიმს კარაფანომ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მკვლევარის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების ხელშეწყობის კუთხით გაგრძელდება. „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან მომავალ ადმინისტრაციას ექნება პოზიცია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დაადოს ვეტო იმას, თუ ვინ გაწევრიანდება ნატოში", - განაცხადა კარაფანომ. მისი თქმით, შავი ზღვის აუზში, რუსეთის გავლენის მოპოვების მცდელობის კვალდაკვალ, შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება. „ვფიქრობ, სტაბილური და წარმატებული ევროპის ამერიკისეულ ხედვაში საქართველო უფრო და უფრო რელევანტურია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”,- განაცხადა მან. კარაფანოს განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთთან შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს ნოემბრის არჩევნევის შემდეგ „პრეზიდენტი ტრამპი რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ვლადიმირ პუტინის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარი ღია იყო. ტრამპის მხრიდან ამ რიტორიკის მიუხედავად, ადმინისტრაცია ინარჩუნებდა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას. პრეზიდენტი ინარჩუნებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები საუბრობდა რუსეთის ჩარევაზე და ქმედებებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება. აქ პრობლემა არა შეერთებული შტატების ქცევა, ან მისი პოლიტიკაა - ან ევროპის პოლიტიკა - არამედ რუსეთის პოლიტიკაა. პუტინი არ ცვლის მის პოლიტიკას... რუსეთს არ უჩვენებია სურვილი, რომ უნდა უფრო კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება", - განაცხადა კარაფანომ.

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის სამთავრობო, „ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს“ (TsNIIKhM) სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორგანიზაციას სანქციები კიბერსივრცეში მავნებლური საქმიანობის გამო დაუწესდა. კერძოდ, უწყების ცნობით, TsNIIKhM–ის სამიზნე 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობქიმიური ობიექტი გახდა. "განსხვავებით ტიპური ციფრული შემოჭრისაგან, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახვს მონაცემების ქურდობას ან გამოსასყიდის მოთხოვნას, ეს კიბერშეტევა მიზნად ისახავდა ობიექტის ფიზიკური ზიანის მიყენებას მისი უსაფრთხოების სისტემის გამორთვით", – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ვიმედოვნებ, ვიხილავ დროს, როცა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ამის შესახებ ალიევმა განაცხადა იაპონურ გამოცემა Nikkei-სთან ინტერვიუში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. „რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში ვითარებას სრულად შეცვლის; ვიმედოვნებ, რომ ვიხილავ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს. მაგალითად, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვართ კარგი მეგობრები და კარგი მეზობლები. შეხედეთ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ ერთად. ნავთობის, გაზის, ენერგორესურსების ტრანსპორტირება, რკინიგზის კავშირი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, „ტანაპი“ და უამრავი სხვა. ვფიქრობ, აზერბაიჯანი პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, თურქეთთან ერთად; პირველი ან მეორე გადასახადების უმსხვილესი გადამხდელი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის თქმით, 90-იანი წლების შუაში დასავლეთისგან იყო შეთავაზებები, რომ გაზსადენი სომხეთის გავლით აშენებულიყო, რადგან ეს უმოკლესი მარშრუტი იქნებოდა. „სხვათა შორის, 90-იანი წლების შუაში, როდესაც განიხილებოდა მილსადენის მშენებლობის საკითხი, დასავლეთისგან იყო გარკვეული შემოთავაზებები, რომ ეს მილსადენები სომხეთის გავლით გასულიყო. თუმცა ამისთვის სომხეთს უნდა გაეთავისუფლებინა ეს ტერიტორიები და მაშინ გაზსადენები შესაძლოა, გასულიყო აზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და თურქეთში. ეს იყო უმოკლესი მარშრუტი. თუ შეხედავთ რუკას, ნახავთ, როგორ გადის გაზსადენი, რათა სომხეთს გვერდი აუაროს. თუმცა სომხებს ეგონათ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით მილსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. ამიტომ მათ უარი თქვეს და ვფიქრობ, ახლა ისინი სერიოზულად ნანობენ. ისინი ოკუპაციის გამო ჩიხში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ალიევმა.