ეკონომიკა

საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს - GR

საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს. შესაბამისი შეთანხმება აზერბაიჯანის რკინიგზასთან (AR), ალმატიში გამართული სატრანსპორტო კვირეულის ფარგლებში გაფორმდა.  საქართველოს რკინიგზის (GR) ინფორმაციით, ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს. ახალი ხაზი, სავარაუდოდ, ტვირთის მფლობელებისთვის ლოგისტიკას გაამარტივებს, მიწოდების დროს შეამცირებს და ტერმინალებში ტვირთისა და ცარიელი კონტეინერების შენახვის ხარჯებს შეამცირებს. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან. საქართველოს რკინიგზას ხაზის ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.  

ყაზახეთის პრეზიდენტმა „ისტორიული პროექტი“ გახსნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოსტიკი-მოინთის რკინიგზის მეორე ხაზი ოფიციალურად გახსნა და მას ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორისთვის ისტორიული პროექტი უწოდა. რკინიგზის სიგრძე 836.1 კილომეტრია.  ეს პროექტი აშენდა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში და ითვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაბიჯად.  ახლად ინტეგრირებული სეგმენტი, სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობას, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაზრდის და ოპტიმიზაციას გაუწევს საექსპორტო ტვირთების მიწოდების ვადებს. გააძლიერებს ყაზახეთის სტრატეგიულ სატრანზიტო შესაძლებლობებს. თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა დოსტიკ-ალაშანკოუს დერეფნის ისტორიულ ჩარჩოს ამკვიდრებს, რომელმაც თავდაპირველად, სამნახევარი ათწლეულის წინ დაამყარა კავშირი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის. „ყაზახეთი ისტორიულად, აზიის ეკონომიკურ ძალასა და ევროპულ ბაზარს შორის კავშირის ხელშეწყობის მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენდა,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ახალი ხაზი ასტანისა და პეკინის საერთო ხედვას [„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში] ასახავს. ყაზახეთის, როგორც ევრაზიულ სივრცეში მთავარ სატრანზიტო ცენტრზე ხაზგასმით, თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე კვეთს ხუთი საერთაშორისო სარკინიგზო დერეფანი, რომლებიც მას მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბაზრებთან აკავშირებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი ჩაიდო. სამომავლო გეგმები მოიცავს 5000 კილომეტრიანი ახალი რკინიგზის მშენებლობას და 11000 კილომეტრიანი რკინიგზის შეკეთებას, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა, მოინტი-ყიზილჟარის რკინიგზა და კიზილჟარის სადგურის აქტაუს პორტთან დამაკავშირებელი მარშრუტების მოდერნიზაცია. „ეს ძალისხმევა გააძლიერებს ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს [შუა დერეფანი] და ხელს შეუწყობს მას,“ - აღნიშნა თოყაევმა.  ცნობისთვის, დოსტიქი — ყაზახეთის სასაზღვრო პუნქტია ჩინეთთან (სინძიანის რეგიონთან). მოინთი — მდებარეობს ყაზახეთის შიგნით, ცენტრალურ რეგიონში. შეგახსენებთ, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აანონსებს

ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის კონტრაქტებს 2026 წელს, ხოლო ტრანზიტს 2028 წელს სრულად შეწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა. ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ. თუმცა კრემლის ევროპელი მოკავშირეები, უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მიღებას თურქეთის გავლით მილსადენებით აგრძელებენ და მათ შეჩერების გეგმა არ აქვთ. „რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაკეთებულ მოწოდებას, ჩვენ [ბულგარეთი], როგორც ევროკავშირის ნაწილი, მოკლევადიან პერსპექტივაში, 2026 წელს შევუერთდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის თაობაზე კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ,“ - განაცხადა ჯელიაზკოვმა.  „2026 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის კონტრაქტები უნდა შეწყდეს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 2028 წლისთვის, ის მთლიანად უნდა გამოირიცხოს ბულგარეთის ენერგეტიკული ბაზრიდან,“ განმარტა ჟელიაზკოვმა. „ბულგარეთმა ნაწილობრივ ჩაანაცვლა იმპორტი, აზერბაიჯანის ხარჯზე, მაგრამ რუსული ბუნებრივი აირის მიღებას ირიბად აგრძელებს,“ განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თებერვალში. ცნობისთვის, ბულგარეთის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის დროს, ბულგარულმა ენერგეტიკულმა ჰოლდინგმა, იშვიათ მიწათა ლითონების კვლევის შესახებ, ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტთან  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ბოლო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც, ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს იღებენ მილსადენით - „თურქეთის ნაკადი“. გაზსადენი, რომელიც თურქეთმა და რუსეთმა 2020 წლის იანვარში გახსნეს, რუსეთის კრასნოდარის მხრიდან შავი ზღვის ფსკერზე გადის თურქეთის ევროპულ ნაწილამდე და მოიცავს ორ განშტოებას. ერთი რუსული გაზით ამარაგებს თურქეთს, ხოლო მეორე - სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირის ქვეყნებისკენ რუსული გაზის ტრანზიტზე, „თურქეთის ნაკადი“ ერთადერთი მოქმედი მილსადენია, რომლითაც ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს. 2025 წლის ივნისში ბრიუსელმა წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვას და ამ პროცესის დასრულებას 2027 წლის ბოლოსთვის. უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ბუნებრივი აირის დაახლოებით 70%-ს რუსეთიდან იღებენ, იმპორტის შეწყვეტას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ ეს შიდა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა რუსულ გაზზე უარი თქვა. ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე - მინისტრი  

თურქეთი, სირია და იორდანია ჰიჯაზის რკინიგზას აღადგენენ

თურქეთი, სირია და იორდანია ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზის ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქული მედია მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება და წერს, რომ ეს მოვლენა  რეგიონული კავშირის აღდგენისა და საერთო მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზა აღდგება,“ - განაცხადა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ. მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას ამ თვის დასაწყისში, ამანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს. კერძოდ, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ყოვლისმომცველ თანამშრომლობას განსაზღვრავს. ინიციატივის ფარგლებში, თურქეთი რკინიგზის სირიის სეგმენტზე 30 კილომეტრიანი (18.6 მილი) დაკარგული სტრუქტურის დასრულებაში დაეხმარება. ამასობაში, იორდანია  სირიაში ლოკომოტივების მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ექსპლუატაციის მხარდასაჭერად, თავის ტექნიკურ შესაძლებლობებს შეაფასებს. სამი ქვეყანა ასევე გეგმავს ერთობლივი ტექნიკური კვლევების ჩატარებას, რომლებიც მიზნად ისახავს წითელ ზღვაზე თურქეთის წვდომის გაუმჯობესებას, იორდანიის აკაბის პორტის მეშვეობით. გარდა ამისა, სირიის გავლით, თურქეთსა და იორდანიას შორის საავტომობილო ტრანსპორტის აღდგენა იგეგმება.  თავდაპირველად 1900-1908 წლებში, ჰიჯაზის სარკინიგზო ხაზი დაახლოებით, 1750 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და სტამბოლს მექასა და მედინასთან, ასევე, დამასკოსთან და იემენის ნაწილებთან აკავშირებდა.  „რკინიგზა, რომელმაც ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას, აშენდა რელიგიური, სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის,“ წერს თურქული მედია.  

კასპიის საბადოების გამო, ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოება ყაზახეთში 3%-ით გაიზარდა

ყაზახეთმა ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 2025 წლის აგვისტოში 8,885 მილიონ ტონამდე გაზარდა, ივლისში ეს მოცულობა 8,631 მილიონ ტონას შეადგენდა. საწვავის და ენერგიის კომპლექსის სიტუაციისა და ანალიზის ცენტრისა (SAC TEK RK) და Reuters გამოთვლებით, ხსენებული მონაცემების ზრდას კასპიის საბადოები განაპირობებს. წარმოების ძირითადი ზრდა აგვისტოში სამმა დიდმა კასპიურმა საბადომ უზრუნველყო: თენგიზი - 3%-ით 3,715 მლნ ტონამდე, ქაშაგანი - 6%-ით 1,540 მლნ ყარაჩაგანაკი გაიზარდა 7%-ით 1,042 მლნ ტონამდე. იმავდროულად, ცენტრალური აზიის ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ინდუსტრიის ცენტრის (CAC TEC) ცნობით, ქვეყნის წამყვანმა ნავთობის მწარმოებელმა, Tengizchevroil-მა (TCO), თენგიზ საბადოს ოპერატორმა, გასულ თვეში საკუთარი მარტის რეკორდი მოხსნა, რომელიც 3,7 მილიონ ტონას შეადგენდა. TCO-ს პრესსამსახურმა, Reuters-ის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, ის არ აკეთებს კომენტარს კომერციულ საკითხებთან, ნავთობის ტრანსპორტირებასთან ან წარმოების დონესთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებზე. ენერგეტიკისა და ენერგეტიკის ცენტრალური აზიის ცენტრის (CAC TEC) მონაცემებით, ყაზახეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოებამ 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 67,389 მილიონი ტონა შეადგინა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ყაზახმა მწარმოებლებმა 59,307 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი აწარმოეს. ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს 2023-2027 წლების განვითარების გეგმის თანახმად, ქვეყნის ნავთობის წარმოების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება. KMG-მა 2025 წელს თენგიზში ნედლეულის წარმოების პროგნოზი 35,7 მილიონ ტონამდე გაზარდა. TCO-ს მთავარი აქციონერი ამერიკული კომპანია Chevron (50%), ExxonMobil (25%), KazMunayGas (20%) და Lukoil (5%) ასევე ფლობენ აქციებს. კასპიის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), ამჟამად, ჭარბი სიმძლავრით მუშაობს. თუმცა CPC მილსადენი რუსეთზე გადის, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს ქმნის.  

თურქეთმა ამერიკული გაზის შესყიდვის 20-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თურქეთმა აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, სავაჭრო კომპანია Mercuria-სთან 20-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შესაბამისი განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გააკეთა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას რუსული ენერგორესურსების შესყიდვების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ტრამპმა ერდოღანს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა კერძოდ, სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია BOTAS-მა ნიუ-იორკში, ერდოღანის ვიზიტის დროს, ხელი მოაწერა უახლეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან თურქეთისთვის ყოველწლიურად, 4 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება, ხოლო მთლიანი მიწოდების მოცულობა დაახლოებით 70 მილიარდ კუბურ მეტრს ითვალისწინებს. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აშშ-სთან 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიზნის მიღწევას,“ - განაცხადა ბაირაქტარმა და განმარტა, რომ შეთანხმების მიზანია მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა და თურქეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაცია. რუსეთი თურქეთისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა ანკარამ ბოლო წლებში დივერსიფიკაცია მოახდინა. ახალი გარიგება ერთ-ერთია იმ რამდენიმეთაგან, რომელსაც ანკარამ სულ მცირე 16 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების რუსული გაზის იმპორტზე გარიგებების ვადის ამოწურვამდე მიაღწია. რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გარიგებები წელს სრულდება. ახალი გარიგება ჯერ არ დადებულა. ენერგეტიკული შეთანხმებების მიღწევა თურქეთ-ვაშინგტონის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის ფონზე ხდება. ორშაბათს, ანკარამ განაცხადა, რომ გააუქმა საპასუხო ტარიფები, რომლებიც 2018 წელს აშშ-დან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილებსა და ხილზე დაწესდა. გადაწყვეტილება ერდოღანისა და ტრამპის შეხვედრის წინ კეთილი ნების ჟესტად იყო აღქმული. თურქეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შეთანხმება გააფორმეს  

მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე - მინისტრი

მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე, ასევე აზერბაიჯანიდან სომხეთის მონაწილეობით პოტენციურ პირდაპირ მარშრუტებზე, რომლებიც სამხრეთ კავკასიას თურქეთთან, ევროპასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის (AIIF 2025) გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი 2030 წლისთვის, განახლებადი ენერგიის წილის 38%-მდე გაზრდას გეგმავს. „მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ 10 მზის და ქარის ელექტროსადგურის ინტეგრაციას ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში, რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 2000 მეგავატია და ინვესტიციის ღირებულება 2.7 მილიარდი დოლარია. 2030 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ განახლებადი ენერგიის წილს დადგმულ სიმძლავრეში 38%-მდე გავზრდით,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, როგორც მწვანე ენერგიის მთავარი მიმწოდებლისა და სატრანზიტო ცენტრის, პოზიციის სტრატეგიულად გაძლიერებას. „ამჟამად, კასპიის ზღვაში მიმდინარეობს გაზომვისა და მონიტორინგის სამუშაო ოფშორული ელექტროსადგურების მშენებლობის ზონების დასადგენად და მიმდინარეობს თანამშრომლობა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.  

„ზანგეზურის დერეფნის გახსნა შუა დერეფნის გააქტიურებას შეუწყობს ხელს“ - თურქეთის ვაჭრობის მინისტრი

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის გახსნა გააერთიანებს თურქული სამყაროს მომსახურებას და გამოაცოცხლებს შუა დერეფანს, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან ევროპამდეა გადაჭიმული - ეს გააძლიერებს სატრანზიტო ვაჭრობას. ანკარაში აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ხიდის პროგრამაზე გამოსვლისას, ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თურქეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სატრანზიტო პუნქტია, რადგან ის ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში იხსნება. ბოლატმა აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში თურქეთ-აზერბაიჯანის ვაჭრობა ყოველწლიურად ვითარდებოდა. „წელს პირველი რვა თვის მონაცემებით, ჩვენი სავაჭრო მოცულობა იზრდებოდა. ინვესტიციები, განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ბოლატმა. მინისტრის თქმით, თურქეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია მსოფლიოში, ბიზნესმენებისა და კომპანიების რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანშია. „ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია, 17 მილიარდი დოლარის ოდენობით, ასევე, აზერბაიჯანშია. აზერბაიჯანს ასევე დაახლოებით 3000 კომპანია ჰყავს თურქეთში,“ - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა. თურქეთი შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს  

შუა დერეფანი სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კრიტიკული მინერალებით მომარაგებისთვის - ატლანტიკური საბჭო

შუა დერეფანი, სავარაუდოდ, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან იშვიათ მიწათა ელემენტებისთვის კონკურენცია იზრდება - ცენტრალური აზია კრიტიკული მინერალების უზარმაზარ მარაგს ფლობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი The Atlantic Council-ი წერს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ აზიასთან სამხრეთ კავკასიის კავშირის გაფართოება სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, შუა დერეფანი გადაკვეთონ და რუსეთის გვერდის ავლით გაიარონ. „ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ძირითადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფას და იშვიათ მიწათა ელემენტებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა, სმარტფონები, ელექტრომობილები და ნახევარგამტარები,“ - ნათქვამია The Atlantic Council-ის უახლეს ანალიზში. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ორი კონტეინერმზიდი გემის აშენებაზე შეთანხმდნენ

ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ და აბუ დაბის პორტების კომპანიამ ორი კონტეინერმზიდი გემის მშენებლობისა და გაყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტების გაცვლა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მონაწილეობით შედგა. დღესვე, აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამასთან, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და პრეზინდეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2025-2028 წლების ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განხორციელებაში თანამშრომლობის შესახებ.  

თურქეთი შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს

თურქეთმა აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან ორმხრივი მექანიზმები შექმნა, რათა შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, დამატებითი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეისწავლოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა თურჰან დილმაჩმა განაცხადა. CICA-ს ანალიტიკური ცენტრების ფორუმის მე-13 სესიაზე, „ევრაზიული კავშირის გაძლიერების“ პანელზე გამოსვლისას, დილმაჩმა ხაზი გაუსვა, რომ კავშირის კონცეფციას კონკრეტული ნაბიჯები უნდა ახლდეს თან. „სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნების შექმნით, ჩვენ ფაქტობრივად ვქმნით ნდობის დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, საზოგადოებებსა და ხალხს,“ - აღნიშნა თურქეთის წარმომადგენელმა. მანვე აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ფარგლებში, თურქეთი შუა დერეფანთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. „ჩვენი მიზანია ამ მარშრუტის გასწვრივ ეკონომიკური ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ შუა დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს სავაჭრო გზების გაფართოების, ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისა და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,“ - აღნიშნა დილმაჩმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი ივლისში 11%-ით შემცირდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ 517 000 ბარელს შეადგენდა დღეში.  ივლისში, ივნისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი 11%-ით - 61 000 ბარელით შემცირდა დღეში. 2024 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში BTC-ის მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 25%-ით - 170 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 249 კმ საქართველოს ტერიტორიაზე და 1 076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე.  

„შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება“ - ამერიკული DFC-ს მმართველი დირექტორი

უახლოეს მომავალში, შუა დერეფნისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გაიხსნება. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა კენეთ ენჯელმა აზერბაიჯანში, ამერიკული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მთავარი მიზანია დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით, ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირება. „არსებობს კითხვა, განსხვავდება თუ არა ახალი მარშრუტი ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით და შემდეგ თურქეთის გავლით გამავალი მარშრუტისგან. თუმცა ორივე მიმართულებით ტრანსპორტირებისთვის საკმარისი რაოდენობის ტვირთია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ საქონლის გადაადგილებისთვის დამატებით მარშრუტს ხსნის,“ განაცხადა ენჯელმა. ცნობისთვის, აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებიან აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართული დისკუსიების ისტორიულ მნიშვნელობას და ამ მოლაპარაკებების დროს ხელმოწერილ დოკუმენტებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შეთანხმებები არამხოლოდ ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და პროგრესს, არამედ, მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კავშირს. მოლაპარაკებების დროს ასევე ხაზგასმული იყო აზერბაიჯანის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია შუა დერეფნის განვითარებისკენ, რაც გამოიხატა შემდეგ პროექტებში – ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტი და ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ იქ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირის იღებენ, 14-მდე გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ აქტიურ სამუშაოს, რომელსაც აზერბაიჯანი ატარებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ევროპის მწვანე ენერგიით მომარაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, როგორიცაა შავ ზღვის ფსკერზე ენერგეტიკული კაბელის გაყვანა. თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ბახიშოვმა განაცხადა, რომ  სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სავაჭრო მისიის მიზანი შუა დერეფნის გამოუყენებელი პოტენციალის შეფასებაა.  

შუა დერეფნის გასწვრივ, კონტეინერების გადამუშავების მოცულობა 865 000 TEU-მდე გაიზრდება - აზერბაიჯანის რკინიგზა

აზერბაიჯანის რკინიგზის კომუნიკაციების დირექტორატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ბახტიარ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ, კონტეინერების გადამუშავების მოცულობა 2040 წლისთვის 865 000 TEU-მდე გაიზრდება. მანვე აღნიშნა, რომ მზარდი სავაჭრო კავშირები აძლიერებს მარშრუტის სტრატეგიულ როლს და მასზე ტრანსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. „მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ორგანიზაციის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგნოზებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ტრანსპორტი 11 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო 2040 წლისთვის კონტეინერების გადაზიდვა 865 000 TEU-ს მიაღწევს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზანგეზურის დერეფნის („ტრამპის მარშრუტი“) გაშვება, რომელიც არამხოლოდ შუა დერეფნის საკვანძო რგოლი გახდება, არამედ, საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილიც. ეს დერეფანი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ინდოეთიდან და ირანიდან ჩრდილოეთით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების მიწოდებისთვის. კერძოდ, ირანიდან შემოსული ტვირთი შეძლებს ნახიჩევანის გავლით თურქეთში და შემდეგ ჩრდილოეთ ევროპაში გადაადგილებას,“ - აღნიშნა ჰაჯიევმა.  

უკრაინისა და საქართველოს პორტები ერთმანეთს შუა დერეფნის გავლით, ახალი საბორნე მარშრუტით დაუკავშირდებიან

ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა და შპს „ბათუმის საერთაშორისო კონტეინერების ტერმინალმა“ (BICT) უკრაინისა და საქართველოს პორტებს შორის, შუა დერეფნის გავლით ახალი საბორნე მარშრუტით დაკავშირებაზე მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ Facebook-ზე ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტის გენერალურმა მენეჯერმა ოქსანა კიკტენკომ დაწერა. ეს რიგით მეორე მემორანდუმია, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), „შუა დერეფნის“ განვითარებაში ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტის თანამშრომლობას ეხება. „შეთანხმების მიზანია „შუა დერეფნის“ მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის მოზიდვა. მოსალოდნელია, რომ უკრაინისა და საქართველოს პორტების ტერმინალები ერთმანეთს ახალი საბორნე მარშრუტითა და საბორნე კომპლექსით დაუკავშირდებიან, რომელსაც უკრაინის პორტის ახალი მფლობელი, TITR ტვირთების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავითარებს,“ - განაცხადა კიკტენკომ. კიკტენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტი მარშრუტის ევროპულ ნაწილში TITR-ის უდიდესი ჰაბი უნდა გახდეს.  

მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს - საკრედიტო სააგენტო

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ცნობით, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის ნოემბერში მხარეთა 29-ე კონფერენციაზე (COP29) აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას კასპიის მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების მიზნით. ეს პროექტი ქარისა და მზის ენერგიაზე გამომუშავებული ენერგიის კასპიის ზღვაზე ტრანსპორტირების გზით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს დამაკავშირებელი 400 კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის (Ba3 სტაბილური) და ევროკავშირის (Aaa სტაბილური) დაკავშირებას ისახავს მიზნად. „ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის 2.3 მილიარდი ევრო გამოყო, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება. „მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივები მნიშვნელოვან პერსპექტივას იძლევა ევროპაში მზის და ქარის ენერგიის პოტენციური ექსპორტისთვის, ისინი მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს“, - ნათქვამია ანგარიშში.  

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში“ - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფასლან ბაირაქტარმა ნავთობის გლობალურ მიწოდებაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში. ბოლოდროინდელი პროექტით, რომელიც თურქეთის ბუნებრივი აირის ქსელს სირიასთან აკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც სირიის ენერგეტიკულ საჭიროებებს, ასევე, ხელს შეუწყობს იქ ცხოვრების ნორმალიზებას. ერთად, ჩვენს ორ ქვეყანას წვლილი შეაქვს არამხოლოდ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, არამედ, გლობალური მიწოდების სისტემაშიც. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი და სამაგალითო თანამშრომლობაა,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით შექმნილ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ძალინ მნიშვნელოვანი მიზნებია დასახული. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ენერგეტიკულ კავშორებს ელექტროგადამცემი ხაზებით, გაზსადენებითა და ნავთობსადენებით, რითიც რეალური წვლილი შეგვაქვს როგორც ჩვენი ქვეყნების, ისე რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. ჩვენ ვაძლიერებთ ელექტროგადამცემ ხაზებს ოთხმრივი მწვანე ენერგეტიკული დერეფნით, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მიერ. ჩვენს ორ ქვეყანას შორის უზარმაზარი ჰარმონია, პოტენციალი და არსებული პროექტებია. სამომავლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს,“ – თქვა ბაირაქტარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. დღესვე,  აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა იზმირში თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. სირიაში, თურქეთისა და საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაიწყო  

ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტები - რეიტინგი

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] ევროპის ავიაციის ყოველკვირეული მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგად, თურქეთის სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული იყო. 18-24 აგვისტოს, საშუალოდ 1,635 ყოველდღიური რეისი შესრულდა. სტამბოლის აეროპორტს მოსდევს ამსტერდამი 1,450 ყოველდღიური რეისით, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 1,432 რეისით, ფრანკფურტის აეროპორტი 1,384 რეისით და ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 1,346 რეისით. ანტალიის აეროპორტი, 1,055 ყოველდღიური რეისით, ევროპაში მერვე ყველაზე დატვირთული აეროპორტია.  

აზერბაიჯანი-საქართველოს სარკინიგზო დერეფნის მონაკვეთის ციფრული განახლება დასრულდა

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო დერეფნის ძირითადი მონაკვეთის დიგიტალიზაცია დასრულდა. შედეგად, სამგზავრო მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-დან 140 კმ/სთ-მდე გაიზრდება, ხოლო სატვირთო მატარებლებს 120 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილება შეეძლებათ, ადრინდელი - 80 კმ/სთ-ის ნაცვლად. მომავალში, ამ მარშრუტზე მატარებლების მოძრაობის ინტერვალები 20 წუთიდან მხოლოდ 8 წუთამდე შემცირდება. განახლდა უჯარ-ჰაჯიგაბულის მონაკვეთი, სადაც მოძველებული სარელეო სისტემები მოწინავე ციფრული ავტომატიზაციით შეიცვალა. ახალი სისტემით, სადგურის დისპეტჩერებს შეეძლებათ, კომპიუტერის საშუალებით, დისტანციურად აკონტროლონ გადამრთველები და სიგნალები, დაადგინონ მარშრუტები, აკონტროლონ აღჭურვილობის პარამეტრები და აღმოაჩინონ პოტენციური გაუმართაობის ადრეული ნიშნები. ახალი ციფრული სისტემა ოპერაციებს ექვს სადგურზე, 19 რკინიგზის გადასასვლელსა და 120-ზე მეტ ლიანდაგზე გადამრთველზე მართავს.  

„მნიშვნელოვანია ერთობლივად მოქმედება „შუა დერეფნისა“ და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ჰარმონიზაციისთვის“ - ერდოღანი სი ძინპინთან შეხვედრაზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა კვირას გამართულ შეხვედრაზე, შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა, ასევე, სხვა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. შეხვედრა ერდოღანის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა. ერდოღანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა „შუა დერეფნისა“ და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ჰარმონიზაციისთვის. შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო ღაზაში ბოლო დროს შექმნილი ვითარება, რუსეთ-უკრაინის ომი და „სირიის განვითარებისკენ გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები.“  შეთანხმდნენ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის არსებული კონსულტაციებისა და თანამშრომლობის მექანიზმები რეგულარულად იმუშავებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. ერდოღანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა ინვესტიციებით უნდა იყოს მხარდაჭერილი, რათა დაცული იყოს მისი ბალანსი და მდგრადობა. ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისადმი ანკარის ერთგულებაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული განზომილება.