სამართალი
„TVპირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ბესიკის ქუჩაზე, "TVპირველის" გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები, რომელთაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. ოპერატორ გიორგი შეწირულს თავზე აქვს დაზიანებები. დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. ის ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ „ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას ადამიანებს.“ „რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი.“ ცოტა ხნის წინ მივიდნენ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. განახლება: "TVპირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ. ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები. კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ. „ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები,“ - ამბობს კლინიკის ექიმი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ
თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაეხვა, თავს ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, პოლიციას, კი რომელიც მისი მონაყოლით, შემთხვევას შეესწრო, რეაგირება არ მოუხდენია. დღეს 7 დეკემბერს ბესიკის ქუჩაზე, სადაც გიორგი მახარაძეს სცემეს, თავს დაესხნენ „Tvპირველის" გადამღებ ჯგუფს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ
ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტებზე უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში IPN-თან განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმაც. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მათ შორის, კობა ხაბაზიც. კოალიციას "ცვლილებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ჰქონდათ სხვადასხვა საგანი და ასევე ელექტროშოკებიც. რაც შეეხება „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს და ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. უწყების განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს, მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი. მათ ნაწილს 6-7 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა.
აქციების ფარგლებში დაკავებულ 18 წლის სტუდენტს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის თქმით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. მოსამართლე მგელიაშვილის განცხადებით, „წარდგენილ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს საბა ჯიქია.“ ადვოკატმა საბა ჯიქიას მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატ ნინო მჭედლიშვილის განმარტებით, საერთოდ არ იკვეთება, რომ ის დანის კი არა, რაიმე სახის მჩხვლეტავ-ბასრი საგნის გამოყენებას არ აპირებდა. ადვოკატის თქმით, 18 წლის სტუდენტი ციხეში არ უნდა გაუშვან, ის წარსულში ნასამართლევი არაა და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მოკლე რეპლიკით ისარგებლა ბრალდებულმაც. „რაც ჩავიდინე, მართლა ცუდია, ვნანობ. ორი პატარა და მყავს,“- განაცხადა ჯიქიამ. ცნობისთვის, საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აქციაზე 7 დეკემბერს 48 ადამიანია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს. დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით. პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინა ორი დღის მსგავსად მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა. მოგვიანებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს. აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 48 პირი”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“ სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდა წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
პროკურატურამ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა
ახალი თეატრის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ძალადობაში [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი] მონაწილეობას ედავება. „ანდროს შეფასებით, ეს არის ცნობილი ადამიანების გამოცლა იმ საზოგადო პროტესტიდან, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში. იმ პროტესტისგან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. მისი აზრით, თუ მისნაირ ცნობილ ადამიანებს გამოაცლიან პროტესტს, ძალა გამოეცლება იმიტომ, რომ პროტესტს არ ჰყავს ორგანიზატორი,“ განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება. მსახიობის დაკავებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი, მსახიობი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს,“ - წერს წულუკიძე Facebook-ის „სთორიში“ და აქვეყნებს ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს. ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. „პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ვრცელდება ყველაზე და მათ შორის არიან ჩვენი თეატრის მსახიობებიც. სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს! ჩვენი თეატრი სოლიდარულია სისტემის ყველა პატიმრის მიმართ და ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას. ძალა ერთობაშია!” – წერს თავის მხრივ, ახალი თეატრი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში, საპოლიციო ღონისძიება - „მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.“ დაკავებულია 2 მოქალაქე. უწყების განცხადებით, „პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია, პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეებს ჩანთების გახსნას და დათვალიერებას თხოვენ. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები. ასევე, აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე,“ წერს შსს. „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება: „პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ
აქციების ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მოსამართლის თქმით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა." ხუსკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობდა. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. მათ შორის, 3 000, 5 000, 8 000, 10 000- ლარიან გირაოს შუამდგომლობდნენ. ადვოკატების თქმით, დაკავებულებს „Facebook პოსტებს" ედავებიან და "მოტანილი მაკულატურით 21 წელს მიუღწეველი პირები ციხეში არ უნდა გაუშვან." დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 13 პირი. ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
შსს: დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული იარაღი, საბრძოლო ვაზნები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში (ამაღლების N12) 5 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.“ უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას. დიმიტრი ჩიქოვანი თავის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას პოლიტიკუკ დევნად აფასებს. „მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო,“ - დაწერა მან 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში. განახლება: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, მისი სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და გაფორმებულია, ხოლო "ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. უწყების მიერ ჩადებული." „ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. [...]," - წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში. შსს-განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“. ამავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში უკვე დაკავებულია 26 პირი. 6 დეკემბრის მონაცემებით, აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი. დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.
სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა, “ქართული ოცნების” წევრს ალი ბაბაევს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, „ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს, ამიტომ არსებობს საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული.“ პროკურორის მტკიცებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ელისაშვილმა შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამასთან, არ არის გამორიცხული მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. რაც შეეხება გირაოს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვს, რადგანაც გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას. ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგაა არ გაუწევია. ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილის მხრიდან ასევე გამორიცხულია ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, მათ შორის იმის გამოც, რომ მას არ გააჩნია წარსულში ნასამართლობა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე დაკვირვების შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი ალი ბაბაევთან კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია. „ბაბაევი იღებს რკინის ჯოხს, ეპარება ელისაშვილს რომ მას ჩაარტყას,” - განაცხადა ადვოკატმა სხდომაზე და აღნიშნა, რომ და “თუ რაიმე დანაშაული არის, არის მხოლოდ მეორე მხრიდან”. ადვოკატის თქმით, ელისაშვილის მიმართ ალი ბაბევის მხრიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, როგორც ელისაშვილის დაცვის მხარემ სხდომაზე აღნიშნა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ დგას, რის გამოც სასამართლოს ალტერნატივის სახით სასამართლოს 3 000 გირაო შესთავაზა, თუმცა მოსარჩლემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე პოლიციამ კიდევ 3 მომიტინგე დააკავა
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 26 პირი,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.
სასამართლომ გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ონისე ცხადაძის სახლში პოლიცია შევიდა და დააკავა. ინფორმაციას მისი ძმა სანდრო ცხადაძე ავრცელებდა და წერს, რომ ფაქტი თერჯოლაში, მის სახლში მოხდა. დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გადაიყვანეს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ ეს არის სისტემის "ბოლო, განწირული მეთოდები." შსს-მ დაკავების ფაქტები ოფიციალურად დაადასტურა. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ო.ც., 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.ჭ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ აცხადებს შსს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. სოციალურ ქსელში ავრცელებენ პოსტებს მსახიობები და ამბობენ, რომ ისინი გაიფიცნენ.
სიცრუეა, თითქოს თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები უწყების რიგებს ტოვებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „ამასთანავე, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.“ რაც შეეხება, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სამსახური დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა, უწყებაში აცხადებენ, რომ მან პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსამართლო არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე. უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე დამნაშავდე ცნო, რითაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. ამასთან სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ კეზერაშვლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) პირველი პუნქტი უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო. არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სარჩელის განხილვისას უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნა საკმარისი საფუძველი იყო უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მთლიანობაში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა. დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. დადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.
ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული. გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილის დაკავება ალი ბაბაევის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უკავშირდება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე დააკავეს ზურაბ დათუნაშვილიც, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ჩემპიონი ჭიდაობაში. შსს-ს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. დღეს ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ, შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 319 პირის უფლებების დარღვევაზე მივიღეთ შეტყობინება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება. გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი. შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის გამოთხოვა, ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება. სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება. სამსახური, ყველა პირს, რომელიც უთითებს სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე და მათ დამცველ ადვოკატებს, სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებს. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას. ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა." შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“ „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად ის „ოჯახურ პირობებს“ ასახელებს. მან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა. „გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან,“ - წერს პატაკში შაიშმელაშვილი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. დღეს, 4 დეკემბერს შსს აცხადებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა. „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი