სამართალი

პროკურატურამ ფრანგული კომპანიის თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 აშშ დოლარი, მოტყუებით გადმოარიცხინეს გ.ჯ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე საქართველოში. თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, ნ.ხ-მ და გ.ჯ-მ გაიტანეს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან, რაც წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი – 420 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება. ნ.ხ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისთვის.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს. დაცვის მხარე კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა. 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ნიკა მელია ოპოზიციას მოუწოდებს, ამნისტიის ფარგლებში მის გათავისუფლებას არ დათანხმდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავის ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს, არ დათანხდნენ, მისი გათავისუფლება 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიის ხარჯზე მოხდეს. როგორც სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ განაცხადა, ეს იქნება ისტორიის გაყალბება. "მივმართავ ჩემს მეგობარ ოპოზიციონერ კოლეგებს, ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული, არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდეთ და ისტორია არ გავაყალბოთ, და მელიას გათავისუფლების ხარჯზე არავინ მაკადროს, 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მივაქციოთ - გთხოვთ, ეს არავინ მაკადროს. ეს კომპრომისი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არ იქნება", - თქვა მან. შგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიის ფარგლებში განიხილებოდა. სხვადსხვა მიზეზებით, დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერა. ვრცელდება ინფორმაცია მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ. რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი ლიდერებიც ჩაერთვებიან. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდა. მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

ნიკა მელია: ეს, სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ

"ეს, სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ. ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილი", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. . ნიკა მელიამ მოსამართლეს და პროკურორებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა "პროკურორებო, გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ ბატონი გავრილოვი რომ ჩამოვიდეს, იგივეს გავაკეთებ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში. "პროკურორი ამირან გულუაშვილი, ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თვითმიზანი ყოფილა თურმე პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ გგონიათ, ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს. ბევრად ეფექტური ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის გარეთ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ეს არაა თქვენი თვითმიზანი. ეს ბატონი კობახიძეები და ივანიშვილები საუბრობენ, თუკი ვინმე რამეზე საუბრობს ჩემს პატიმრობაზე, ეს ადამიანები არიან. დილის რვა საათზე არ გამოცხადდით, პარლამენტში გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, რომ ვთმობთ პროპორციულ არჩევნებსო, მაგრამ ვიღაცებს დავიჭერთო. ორი წელიწადია გასული, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, საარაკო სიგიჟეს, კამერები თვითონ წაშალეს; ამის შემდეგ, ორი წელიწადია, დამოკლეს მახვილივით ეს საქმე დამკიდეს და ეგონათ, რომ გამბედაობას შემიმცირებდნენ; ორი წელიწადია, მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ. რომ საუბრობენ, სამაჯური მოიხსნაო, როდესაც პროპორციული არჩევნები დათმო. დიახაც, სამაჯური მივიღე, რადგან ბევრად მეტი დათმო. მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც გადაგვაგდო, ვარღვევდი პირველივე დღიდან. გლდანში წავედი, წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი და მოგიგეთ არჩევნები", - განაცხადა სასამრთლო პროცესზე ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ამირან გულუაშვილის დაკითხვის შესახებ. ასევე, მოსამართლემ უარი უთხრა მათი სატელევიზიო ინტერვიუების მტკიცებულებად დაშვების შუამდგომლობას. ცნობისთვის, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

ნიკა მელია: გახარია თავს გვაჩვენებს, თითქო ჩემი დაკავების წინააღმდეგი იყო

გახარია ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ყველას თავი მოაჩვენა თითქოს მისი დაკავების წინააღმდეგი იყო. "ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს. როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?...თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე - რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა მელიამ.

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2013-2017 წლების პერიოდში, ცრუ მოწმეების გამოყენებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთების მიღება განხორცილდა სახელმწიფოსაგან მიწის რეფორმის ფარგლებში, უკანონოდ დაირეგისტრირა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 18 048 კვ.მ, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის თანახმად შეადგენს 126 356 ლარს. "გამოძიების პროცესში ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით",- ნათქვაია განცხადებაში.

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას საქართვეოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს. სამართალდამცველებმა შ.ზ. 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დღეს, 12 აპრილს წარედგინა. შ.ზ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით,დავით კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სასამართლომ "რიონის ხეობის მცველის" ლაშა ქუთათელაძის დაკავება უკანონოდ სცნო

"რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე, რომელიც ხეობაში გადაადგილების დროს დააკავეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. დაკავებული პოლიციის განყოფილებას სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. „მოსამართლემ არ ცნო პირი სამართალდამრღვევად და შეწყვიტა სამართალწარმოება, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევას, რის საფუძველზეც იყო ოქმი შედგენილი, ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, რასაც ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს ლაშა ქუთათელაძის უფლებადამცველი, საია-ს იურისტი სალომე სალდაძე. ლაშა ქუთათელაძე 9 აპრილს გვიან ღამით დააკავეს, როდესაც ის სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა ქუთაისი-ალპანის გზით. პოლიციამ - რომელიც აქტივისტებს რიონის ხეობაში გადაადგილებას უზღუდავს - ქუთათელაძე, ორ თანმხლებ პირთან ერთად, გააჩერა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. „კიდევ ერთხელ დასაბუთდა პოლიციის აშკარა უკანონობა, რასაც რიონის ხეობაში ადგილობრივების მიმართ ახორციელებს“, - აცხადებს საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილიდან. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველები არ ატარებენ იმ პირებს, რომლებიც მათი მოსაზრებით შესაძლოა სოფელ ნამოხვანში კარვებში მყოფ აქტივისტებს შეუერთდნენ. 4 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციელებმა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს ზარათში მცხოვრები მირიან მაღლაფერიძე, რომელიც იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. მაღლაფერიძემ პოლიციელებს უთხრა, რომ მეზობელ სოფელში პურის საყიდლად სურდა წასვლა. „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა. კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტმა განაცხადა, პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, თუმცა მას სურს. „გუშინ პროკურატურამ მოიყვანა ორი მთარგმნელი, თუმცა მათ იცოდნენ მხოლოდ თურქული ენა, არ იცოდნენ აზერბაიჯანული და ამ ენებს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ გამოკითხვაზე უარი განვაცხადეთ. გუშინდელ პროცესზე რაიმე სერიოზული კითხვები არ ყოფილა. გამოკითხვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, მკითხეს, სად მომიპარეს და როგორ დამესხნენ თავს საღამოს. პროკურატურიდან დაგვირეკეს, რომ ახალი მთარგმენლი იპოვეს, ჩვენც ჩვენი მხრიდან ვიპოვეთ და მოვიყვანეთ მთარგმნელი. მე მანამდეც ბერლინში მივეცი ჩვენება, სადაც დავასახელე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, გამშვები პუნქტის უფროსი თუ სხვა. დღესაც მექნება მსგავსი ჩვენება. პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, პროკურატურამაც და ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ. გიორგი კვირიკაშვილს ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეეძლო, ის უბრალოდ ფიგურაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ. მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვის ეტაპზე მისი დაცვის ქვეშმყოფი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება. ამასთან, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა. ადვოკატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გამოძიება ოთხი წელია მიმდინარეობს, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. „როგორც დღეს შეგვატყობინეს, უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი. ამასთან, ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო თარჯიმანი. ეს ტექნიკური პრობლემა დღეს აღარ იქნება და შესაძლებელი იქნება გამოკითხვის დასრულება. გამოკითხვის ეტაპზე აფგანი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება დასმული და აქვს ინფორმაცია. ასევე, აფგანი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მიუთითოს იმ ადგილზე, სადაც მოხდა დანაშაული. ის, რომ ოთხი წელია მიმდინარეობს გამოძიება, არ არის ჩვეულებრივი ამბავი და სწორედ ამიტომ არის ამხელა რეაქცია, ინტერესი და ამიტომ ვართ დღეს აქ“, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა. აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

სტრასბურგის სასამართლო: სავალდებულო ვაქცინაცია  ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩეხეთის მოქალაქის მიერ შეტანილ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოქალაქისთვის დავალდებულება შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი იყოს. გაჩინების თანახმად, ჩეხეთის ჯანდაცვის ხელისუფლების მიერ სავალდებულო ვაქცინაციის განხორციელება „ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაშია. „აღნიშნული ზომები უნდა შეფასდეს როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანი უნდა იყოს თითოეული ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის ან კოლექტიური იმუნიტეტის გზით“, - აღნიშნულია სასამართლოს დასკვნაში. ჩეხეთის კანონმდებლობით, ბავშვების ვაქცინაცია ცხრა დაავადების, მათ შორის წითელას, ტეტანუსის, დიფტერიის, ყივანახველას და B ჰეპატიტისა წინააღმდეგ სავალდებულოა. სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი იმ ოჯახებმა შეიტანეს, რომლებთა შვილებიც საბავშო ბაღებში აუცრელობის გამო არ მიიღეს და დააჯარიმეს კიდეც, რადგან კანონით გათვალისწინებული სავალდებულო აცრები გაკეთებული არ ჰქონდათ Deutsche Welle-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება უშუალოდ COVID-19 ვაქცინებს არ ეხებოდა, ექსპერტები თვლიან, რომ მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერჯერობით უარს ამბობდა აცრაზე. „ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას კოვიდ 19- ის ეპიდემიის პირობებში“, - აცხადებს ექსპერტი იურიდიულ საკითხებში ნიკოლას ჰერვიუ.

პროკურატურა: მუხთარლიმ აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანზე თქვა, რომ თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, მან კი ორივეზე თქვა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან კი ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა

აფგან მუხთარლი: პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა

პროკურატურაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის ნაცვლად, თურქულენოვანი დაახვედრეს. როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა. "კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", -განაცხადა მუხთარლიმ.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებმაც ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ისინი შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს. ,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი. დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

შსს: წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, - ამის შესხებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დაბა წყნეთში დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც Europetime-ს მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა, მოსამართლე კვლავ ნინო ჩახნაშვილი იქნება. ,,8 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა საქმის არსებითი სხდომა, მეტი ჩვენთვის ცდნობილი არაფერი არ არის. მოსამართლე ისევ ქალბატონი ნინო ჩახნაშვილია. დიდი ალბათობით, ამ პროცესზე განიხილება ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხის გადახედვა, ანუ დატოვებენ უკანონო პატიმრობაში, თუ გაათავისუფლებენ. ეს არის სტანდარტული პროცედურა კანონის მიერ", - განაცხადა კონდახაშილმა. კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს. ,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, სასამართლომ გირაოს არგადახდის გამო, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.