სამართალი

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ავარიაში მოყვა

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ალექსეი ავერჩუკი, ავარიაში მოყვა მოსკოვის კუტუზოვის პროსპექტზე. შემთხვევის ადგილიდან ავერჩუკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ცნობები არ გავრცელებულა. იუწყებიან, რომ ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი და ავერჩუკის გარდა დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი გადადგომიდან რამდენიმე საათში დააკავეს

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჰაშიმ ტაჩიმ პრეზიდენტის პოსტი გუშინ დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ მისთვის ომის დანაშაულის გამო ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაადასტურა. კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ, ჰაშიმ ტაჩის ბრალი სავარაუდო ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, მათ შორის 100-მდე მკვლელობის შემთხვევის გამო ივნისში წარუდგინა. ჰაშიმ ტაჩი ბრალდებებს უარყოფს. ტაჩი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. მანამდე ის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც „ევრონიუსი“ წერს ის ერთ-ერთი პარტიზანი ლიდერი იყო 1990-იან წლებში სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

სუს-ში დავასახელე ისინი, ვინც დესტრუქციული სცენარისთვის იყვნენ მომზადებული - კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც "დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ". "დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომელებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა", - განაცხადა კობახიძემ. მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა. კერძოდ, ოცნების ლიდერი აცხადებს, რომ რევოლუციური სცენარი სააკაშვილის მიერ იყო შედგენილი და მასში ენმ-ის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩართული იყვნენ დევით ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი. "დავასახელე მათ შორის მათი ლიდერების გვარები. ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შედგენილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის მთავარი ლიდერი ამ კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, მაგალითად დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ", - თქვა კობახიძემ. მისივე განცხადებით, ოპონენტებს გარკვეული გეგმები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ჰქონდათ და გამოძიებას ამის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. "არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზეც ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 50-მდე პირი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელებები მოეწყო ქალაქ პორტლენდშიც, სადაც პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა და პიროტექნიკა, უროები და ცეცხლსასაროლი იარაღი ამოიღო. დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ატლანტაში, დეტროიტსა და ოკლენდშიც.

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვები მოუხსნა

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვების მოუხსნა. პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა შეზღუდვების მოსხნის მოსხნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. "მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

მელია გირაოს გადახდას და სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მელია გირაოს გადახდასა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს. "ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ის არის მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ჩამოაცილონ ნიკა მელია აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, არც გირაოს გადახდას, არც სხვა აღკვეთის ღონისძიებით, თუ რაიმე ახალს მოიფიქრებს სასამართლო. არ მგონია, რომ სასამართლომ ეს აბსურდული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს". – ამბობს კონდახაშვილი. მისივე თქმით, პოლიტიკურად დადგა იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რათა, მისივე სიტყვებით, საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს. "ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ, რომ ბრალდების მხარე არის სამართლებრივ აბსურდში შესული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. ამ შუამდგომლობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი. მაგრამ არცერთი ეს აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, ფარატინა ფურცელი, ფიქცია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს, დაახლოებით, ერთი წელია, გრძელდება". –ამბობს ადვოკატი. გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. "მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ცესკოსთან სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს, რასაც აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამენ

ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები, სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭრერებმა რესპუბლინის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.

პროკურატურა 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, -

ბელარუსში სამართალდაცავებმა 201 დემონსტრანტი დააკავეს

მინსკში, გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდაცავებმა 221 დემონსტრანტი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, დედაქალაქში ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ქუჩებში გამოსული მოქალაქეები, რომლებიც სკანდირებენ : „ჩვენ გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“ შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

არჩევნებზე გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო. გარდა ამისა, საბანაძის თქმით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე. “სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში პუბლიკას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სსკ-ს 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, 39-ე და მე-40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ №78 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა საბანაძემ. მისივე თქმით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 90 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარი შესული. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს უკავშირდება. "საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა მიქელაძემ. საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ. ცესკო-ს ცნობით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ხმა 1 279 947-მა მისცა.

შსს-მ სავარაუდო დარღვევის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ სავარაუდო დარღვევის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო ციციშვილმა განაცხადა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო: - ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტის - ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველინაწილით. - ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია "ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთანდაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. - ასევე, გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ციციშვილი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საპოლიციო ძალებისა და ტექსნიკის მობილიზებას, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირებს. "რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას", - აღნიშნა ციციშვილმა.

შსს: არჩევნების უსაფრთხოებისთვის, მობილური ჯგუფები შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. "არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის განსაზღვრაულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტები. საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

შსს ბადრი ესებუას საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას ქუჩაში გადაადგილების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ, ტელევიზიების მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. “ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას. პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს”,- აცხადებენ უწყებაში.

ბადრი ესებუას მამა შვილს მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს

ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა, შვილს მიმართავს და მოუწოდებს პოლიციას ჩაბარდეს, ან ოჯახს დაუკავშირდეს. მიმართვას კვირა ავრცელებს. "შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ. არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი არ ვიცით, შენი ადგილსამყოფელი. თუ რამე შეგიძლია ან კომუნიკაცია არ გაქვს, ჩვენც არ გვაქვს კომუნიკაცია. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი. ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას. ეს არის ჩემი სათქმელი." - ამბობს ტარიელ ესებუა. ტარიელ ესებუა 27 ოქტომბერს ამბობდა, რომ ბადრი ესებუა უდანაშაულოა და, მისივე სიტყვებით, ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, სახლში დაბრუნდებოდა. ოჯახის ინფორმაციით, ესებუა თბილისში სამკურნალოდ იყო წასული. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა. 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა. თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი - ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა 2019 წელს დაითხოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი აცხადებს, “საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს მოლოდინაშვილი.

"პოლიციას დავალება ჰქონდა, წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმისას პოლიციელებმა მიიღეს პირდაპირი დავალება რომ „წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო“, რაც მათ პირნალთად შეასრულეს. პრემიერის თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ საქართველოში ყაჩაღობების ფაქტი ყოველდღე ხდება. „საერთოდ, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ჯანმრთელობას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგი ტელევიზია ან პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვენტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომლებიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამორალურია. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, სიცრუეა. სპციალურ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს კონკრეტული დავალება მიიღო, კონკრეტული დავალება იყო ის რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს პირნათლად. ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“,-განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს, აქციებში მონაწილე სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უმაღლეს სასწავლებლებს იმ სტუდენტების გარიცხვისკენ მოუწოდა, რომლებიც „არასანქცირებულ მიტინგებში“ მონაწილეობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა სურთ, ისწავლონ. ის კი, რომელმაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას იყოს სტუდენტი. გაუშვით ისინი ზოგი არმიაში, ზოგიც - ქუჩაში, დაე, იარონ ქუჩებში, მაგრამ უნივერსიტეტებიდან გარიცხულები უნდა იყვნენ,“- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსში სხვადასხვა საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციებს მინსკში სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლგა ჩემოდანოვას თქმით, ბელარუსში გუშინ გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის“ საჭირო ზომები მიიღეს და 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ დანაშაულს ტერორიზმის მუხლით იძიებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბორცვაძემ ამავე ბრიფინგზე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაული ბადრი ესებუამ ჩაიდინა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, 1988 წელს არის დაბადებული. ბორცვაძის განცხადებით, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით აქტიური საპოლიციო სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობაში დასაკითხად გადაიყვანეს, ესებუას მშობლები და ძმა. ჩხრეკის შედეგად, ძმის ბიძინა ესებუას სახლიდან, წაღებულია დალუქული ტომრები და პარკები.

“ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა მძევლების უსაფრთხოდ გამოშვება”

“დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა მძევლების უსაფრთხოდ გამოშვება” – ამის შესახებ სამხედრო მოსამსახურემ თემურ ხვიბლიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შს სამინისტრო მისით არ დაინტერესებულა. საქმე ეხება ცილისწამებას, რომლის საფუძველზეც დავით ხვიბლიანი, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის თავდასხმაში თანამონაწილედ დასახელდა. თემურ ხვიბლიანი ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ სამართლებრივ გზებს მიმართავს. “ის ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა კონკრეტული პირებისა თუ ტელევიზიების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება, ცრუ ბრალდება, ასევე ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში, ისიც, რომ თანამზრახველად თურმე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი მყოლია, ვიმეორებ და ვაკონკრეტებ, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში, გვერდებზე, რამაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეს შემეხო პირადად მე” – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა. ამასთან, თემურ ხვიბლიანმა ისაუბრა, როგორ აღმოჩნდა დავით ხვიბლიანი 21 ოქტომბერს ბანკში. “კიდევ ვაცხადებ, პირდადად მეამაყება დავით ხვიბლიანი. ის სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში, არ იმყოფებოდა თვითდათხოვნაში, იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე, რომელმაც მიიღო სმს შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ადგა ჩავიდა ბანკში, გარკვეულ დროში შემოვარდა მძარცველი, ისიც მოყვა მძევალთა რიგებში. დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად ჯანმრთელები და ცოხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცრაღაც ქმედებები ბრალდება სხვადასხვა პიროვნებებს, სინამდვილეში, ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხოდ გამოსვლაში” – აცხადებს ხვიბლიანი. ხვიბლიანი აცხადებს, რომ შსს-ს მისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს. “მე როგორც სამხედრო მოსამსახურე წლებია ვმსახურობ შეიარაღებულ ძალებში, ამ ფაქტის განხილვა, განსჯა, მიმინდვია ჩემი თანამებრძოლებისთვის, ვისთან ერთადაც ვმსახურობ, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ. და კიდევ რბილად რომ ვთქვათ, მოვითხოვ, ბოდიშის მოხდასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ” – დასძინა ხვიბლიანმა. ცნობისთვის: 21 ოქტომბეს ზოგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული ბოროტმოქმედი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. 24 ოქტომბრის მდგომარეობით, მძევლები თავისუფლები არიან, თავისუფალია ბოროტმოქმედი, ნახევარი მილიონი კი გატაცებულია. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ მძარცველს სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი თანხა გადასცეს.