სამართალი

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს მომხდარზე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ სახლში, გარდაიცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.  ამასთან, შეგახსენეთ, რომ 2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია.  

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ცდილობდა, 10 წლის ბავშვი მუქარით დაეთანხმებინა სახლის კარის გაღებაზე

1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ჰ.ი. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 1970 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჰ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამოა განცხადებაში.  

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ხახუბიას ცხედარი დღეს გამთენიისას, თბილისში, საკუთარ სახლში ნახეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.  

პროკურატურამ გენდერის ნიშნით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა. ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პროკურატურა: ლატვიის მოქალაქის მიმართ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 3 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან. ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

შსს-მ, 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, აღნიშნული პირი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა. 2002 წელს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს წარმოებაში კ.ც.-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე წლიდან მასზე ძებნა მიმდინარეობდა. დაკავებული კ.ც. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია უწყების განცახდებაში.

43 900 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

43 900 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 43 900 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, გამოავლინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან, მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა

მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. წინ სტრასბურგის სასამართლოა, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება. არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ, რომ წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო.  კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არც უნდა, რომ გააღოს, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, რომ გავაღოთ, ჩვენ ხომ შეგვიძლია მივიდეთ ოცნების გარეშე და გავაღოთ. მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა გვარამიამ. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა

თბილისის სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა. ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამართულ ბოლო პროცესზე განაცხადა. ნიკა გვარამია: მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს, წინ სტრასბურგის სასამართლოა მისივე თქმით, ინფორმაციას, როდის გამოცხადდება განაჩენი, სასამართლოს აპარატი გაავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.  

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 22 ოქტომბერს, თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე, ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში  

პროკურატურამ, კახეთში, სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების  მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ  79232 კვ.მ.  უძრავ ქონებას. პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს -  180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით  (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება)  წარედგინათ. ბრალდებულები  გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ. საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს“, - ნათაქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყიზილაჯლოში კაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძემ. „ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა. „როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში, მე მაბრალებდნენ. რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია. სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა. არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს“, - აღნიშნავს მურუსიძე „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.

ადვოკატი საუბრობს, რატომ გამოიყენა ხელყუმბარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინვე შევხვდი. მისი პოზიცია არის ის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახაა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც. უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით... ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ IPN-თან. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.ბინაში სავარაუდოდ 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. Europetime მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაცნობებთ.     

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.  გავრცელებული ინფრომაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებულუ ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.