ანალიტიკა

პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.  

სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ანაკლიის პორტისადმი ჩინეთის ინტერესზე

Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ჩინეთის მიერ ანაკლიის პორტისადმი გამოხატულ ინტერესს. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ბენ ჰოჯესი: ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება

Europetime-ს „პუტინიზმის დამარცხების“ მნიშვნელობაზე ესაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა - ეს არის ის, რასაც პუტინი ებრძვის და სძულს ის. მან ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დასავლურ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ მთავრობის საქმეა, შექმნას მათთვის საუკეთესო შესაძლებლობები. „პუტინიზმი - ეს არის დეზინფორმაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფა. თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც ხალხის სანდოობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია -  ეს ყველაფერი სძულს პუტინს და ამიტომაც არ არსებობს ეს რუსეთის შიგნით,“ აღნიშნა ჰოჯესმა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, შეეცვალა თუ არა მოლოდინები და აღქმები ომის პირველ წელთან შედარებით, ამის თაობაზე ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დამარცხებაში წელს უფრო დარწმუნებულია. „წელს უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება. ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ - ვნახეთ, რომ ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან, ვფიქრობ, ალბათ ამას გარკვეულ ეტაპზე ამას რუსი ხალხიც გააცნობიერებს,“ - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია. ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის თემაა - „პუტინიზმის დამარცხება.“ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის  

ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს

Europetime-თან ევროკომისია განმარტავს, როდის იქნება მზად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. ევროკომისიაში უპასუხეს შეკითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ევროკავშირის გაფართოების თარიღი პირველად ახსენა.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აფასებს. ბრაიზა მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.“ ამერიკელი დიპლომატის დასკვნით, ნიკოლ ფაშინიანს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან თავის დაღწევა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ვერცერთი სომეხი ლიდერი მთლიანად ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთის „გრავიტაციული ძალისგან.“ ამის დასტურად ის იხსენებს იმ პერიოდს, რამაც „გამოიწვია სერჟ სარქისიანის გადაყენება და ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ფაშინიანი ითვლებოდა პროდასავლურ ლიდერად და რუსეთს სომხეთისთვის უსაფრთხოების გასაღებად კი არ თვლიდა, არამედ, დასავლეთთან მანევრირების საშუალებას იტოვებდა.“ ბრაიზას თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით კი, ფაშინიანი მაინც ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ერევანს რაიმე სახის მხარდაჭერას შესთავაზებდა, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება განიცადა: „მაგრამ ვფიქრობ, მას ყოველთვის დასავლეთისკენ ძვრა და რუსეთისგან თავის დაღწევა სურდა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის გრავიტაციული ძალისგან მთლიანად ვერცერთი სომეხი ლიდერი ვერასოდეს გათავისუფლდება. ის ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, მაგრამ ასევე შეენარჩუნებინა სამუშაო დონეზე ურთიერთობა რუსეთთან. „ახლა დაძაბულობა იმდენად გაიზარდა ლაჩინის კორიდორის გარშემო, რომ მან მომენტის გამოყენება აირჩია. თავს ესხმიან ოპონენტები და ღალატში ადანაშაულებენ, რადგან 2020 წლის 10 ნოემბერს დათანხმდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამდენად, ვფიქრობ, ის ახლა ფარად იყენებს ეროვნულ ერთიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან დაძაბულობამ გამოიწვია ლაჩინის დერეფნის გარშემო, რათა საშუალება მიეცეს, გადადგას ეს რადიკალური ნაბიჯი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად დაუკავშიროს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ვიდრე რუსეთს,“- ამბობს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია. „ამიტომაც, ის და პრეზიდენტი ალიევი უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი ოპონენტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, მაგრამ ისინი ჩიხს გვთავაზობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთს დახმარება რუსეთისგან სჭირდება და არა დასავლეთისგან. ახლა ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის, ცოტა უფრო მეტად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, რისი გაკეთებაც მას თავდაპირველად სურდა, მაგრამ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო,“ - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს

ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე

ექსკლუზივი Europetime-თან საუბრისას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს. გერმანელი დეიპლომატის შეფასებით, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს ელჩი ხაზს უსვამს, რომ გერმანია ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკასაც ატარებს. „ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონცეფციას დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის გერმანიის ხედვაც. ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და  მისი არადემოკრატიული სისტემისა და თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით - სისტემური მეტოქე. ამიტომ, გერმანიას ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკა აქვს: რისკების ჩვენს თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან, ჩვენს სუვერენიტეტთან და ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით,“ - განუცხადა ელჩმა ფიშერმა Europetime-ს. საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას  

რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის მიმართ აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში ანაკლიის პორტის პროექტს  - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი 

ექსკლუზივი  რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში საქართველოს და განსაკუთრებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მშენებლობას შავ ზღვაზე. ამასთან, საქართველოს შავიზღვისპირეთში ანაკლიის პორტის მშენებლობა არის თუ არა პრიორიტეტული და ასევე, დაინტერესდება თუ არა ამერიკული მხარე ხსენებული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ინვესტირებით. Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ამ შეკითხვებით მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხსენებული პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. „ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველოს, რომ პროექტი განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ითვალისწინებდეს საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება შავი ზღვის მიმართ აშშ-ის სტრატეგიას, ის შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რომ უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს პარტნიორობას იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. უფრო კონკრეტულად კი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისის განცხადების თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტიანობას. ამასთან, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ასევე, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით. ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთი საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს შეისწავლის. საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. უფრო ვრცლად, რას გულისხმობს საქართველო-ჩინეთს ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ბმულზე წაიკითხეთ. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას: საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე Europetime-ის შეკითხვას ჩინეთის ელჩმა გასული წლის ბოლოს უპასუხა. ამერიკული მხარეს კი, ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამასთან დაკავშირებული განცხადება ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი ნაწილით იხსნება. კერძოდ - პირველივე პუნქტში წერია - მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  რა მოცემულობას ქმნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი საქართველოსთვის, მისი პარტნიორებისთვის გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ საკითხს Europetime-თან ანალიტიკოსები განიხილავენ. ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური შეკითხვა ახლა სტრატეგიულ პარტნიორონასთან მიმართებით, სწორედ ის იყოს, განიხილავენ თუ არა პეკინი და თბილისი თავიანთ შეთანხმებას, როგორც ასახვას საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებისა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი „პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის.თუმცა ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ,  პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,  მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ინფორმაციისთვის, ჩინეთს ($794.8) მლნ), რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში თურქეთს ($1.5 მლრდ), რუსეთსა ($1.3 მლრდ) და აშშ-ს ($820.9 მლნ) მოსდევს, შეერთებული შტატები გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. „NATO-ს ინტერესების, უსაფრთხოებისა და ფასეულობების გამოწვევას წარმოადგენს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და ძალდატანების პოლიტიკა,“  ნათქვამია თავის მხრივ, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.“ დასავლეთი პეკინს ხშირად მოუწოდებს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რომ მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. როგორც ცნობილია, კიევმა და დასავლეთმა პეკინს „სამშვიდობო გეგმა“ დაუწუნეს. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს. აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე: წლების წინ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩავთვლიდი

Europetime-თან საუბრისას ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.  

რუმინეთის ელჩი: საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება, ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის კავშირებს აძლიერებს

რუმინეთის ელჩი მიესალმება მის ქვეყანასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას. ელჩის შეფასებით, რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ამოქმედება აძლიერებს კავშირს აღნიშნულ ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. რაზვან როტუნდუ ხსენებული დერეფნის პოტენციალს უსვამს ხაზს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ კონსტანცის პორტი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში  ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. „ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე ხაზის ამოქმედებით. რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს  შორის. ხსენებული დერეფნის პოტენციალი მაღალია, რადგან მას შეუძლია, უფრო ფართო რეგიონები, ასევე, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია დააკავშიროს ევროკავშირთან. კონსტანცის პორტი გვთავაზობს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბორანი გვთავაზობს მომსახურებას როგორც ტვირთისთვის, ასევე, მგზავრებისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს წერილობით კომენტარში. ცნობისთვის, აშშ საქართფელოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს ამოქმედდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში  

სახელმწიფო დეპარტამენტი: სტრატეგიის თანახმად, აშშ შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს

სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და  მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება         კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი  

მეთიუ ბრაიზა NATO-ს სამიტზე, მის შედეგებსა და „არაფორმალურ პირობაზე“

Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გამოთქვამს ვარაუდს, რომ NATO-ს სამიტზე უკრაინამ არაოფიციალურად მიიღო პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ კიევმა G7-სგან აქვს უსაფრთხოების გარანტიების დაპირება, რაც უკრაინას მომავალში რუსული აგრესიისგან დაიცავს. „უკრაინას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან, მაგრამ „დიდი შვიდეულისგან“ მიიღო უსაფრთხოების გარანტიებისა და ფართო სამხედრო მხარდაჭერის პირობა, რომლის მიზანიც მომავალში რუსეთის შეკავებაა. როგორც ჩანს, შესაძლოა, უკრაინისთვის არაფორმალურად გასცეს დაპირება, რომ ის ომის დასრულების შემდეგ მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი, წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. ბრაიზა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს არ მიუღია მსგავსი რამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ NATO უფრო შორს არ წავიდა. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იკავებდა პოზიციას აშშ-ის ადმინისტრაციაში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელმაც მისი შეფასებით, პუტინს მოქმედების საფუძველი მისცა: „რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ უკრაინაში.“ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი მაშინაც NATO-ში გაწევრიანება იყო.   ბრაიზას შეფასებით, NATO-ს ახლა უკრაინასთან მიმართებით აქვს მეტი ვალდებულება, რომ ალიანსს შეუერთდეს, საქართველომ კი, რომელმაც „მძაფრი პოლიტიკური პრობლემების ფონზე, თავი ჩაიყენა თამაშგარე ვითარებაში,“ შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა მოაწესრიგოს. ის ხაზს უსვამს, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო მთლიანად უკრაინასა და შვედეთის გაწევრიანებაზე. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მოგვიანებით, მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ელოდება დღეს, როდესაც უკრაინას მოკავშირის რანგში მიიღებს და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს გაწევრიანების გზაზე ექნება უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ვილნიუსში, NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

ექსკლუზივი შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - ამის შესხებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით. ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე. საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია -  ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც მსახურობენ ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია NATO-ს ოპერაციებსა და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების დანარჩენი პარტნიორები არიან ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში

ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლას მხარს უჭერს. Europetime-თან კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს, უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.  ვაშინგტონი აღიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც „ეს საბორნე მარშრუტები ქმნის“. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება.  „ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო. ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ხსენებულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცის პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს - ექსკლუზივი გასული წლის 10 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ქვეყნებს შორის სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე დეკლარაცია გააფორმეს.   მისი მიხედვით, საქართველო და NATO-ს წევრი რუმინეთი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია, აძლიერებენ ძალისხმევას შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო, ციფრული და ენერგო-მარშრუტების განვითარებისა და გაფართოების მიზნით, მათ შორის, სამეზობლოსთან მიმართებით.   დღის წესრიგშია შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატვირთო გადაზიდვების დერეფნის შექმნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ამოქმედება, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად; რუმინეთისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებს შორის პირდაპირი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლის დაწყება; პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება; რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა. მხარეები ისწრაფვიან, გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, წვრთნები და საპორტო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონში.  

„პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი

Europetime-თან საუბარში, პოლ გობლი აფასებს „პრიგოჟინის ამბოხს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, „ვაგნერის“ დამფუძნებლის მარშმა პუტინის დანაშაულების შედეგები გამოააშკარავა. პოლ გობლის შეფასებით, შეიქმნა სურათი,როდესაც რუსეთის საზღვრებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე პუტინს და მისი „კამარილას“ არ „გააძევებენ“. „პრიგოჟინის მარში წააგავდა ერთგვარ რენტგენოგრამას, (x-ray) რომელმაც ყველასთვის ცხადი გახადა და გამოააშკარავა ის, რაც პუტინის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად უკვე მოხდა“, - ამბობს გობლი.  ამერიკელი მკვლევრის თანახმად, ამ დანაშაულების შედეგია რუსული სახელმწიფოს ნგრევა, კანონის უზენაესობის მოშლა: „ასევე - ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც რუსეთის საზღვრებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე პუტინი და მისი კამარილია არ დატოვებენ ხელისუფლებას“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველმა, პოლ გობლმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა. ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში. სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. კვლევას ევროკომისიის დაფინანსებით EBRD ატარებს.

შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი

დაახლოებით, ერთი თვის წინ, ევროკავშირისა და EBRD-ის შუალედური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან ისმაილოვმა, საქართველოში ვიზიტისას განიხილა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობა. სმაილოვის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ შუა დერეფნის საკითხს.  უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით და ევროპულ ბაზარზე  ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება.  გერმანიამ ყაზახეთს მხარდაჭერა აღუთქვა. ბერლინმა და ასტანამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებაც დაგეგმეს. გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით უკვე თბილისში ვიზიტისას ყაზახეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები  წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხადა ალიხან სმაილოვმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა. „შუა დერეფანი ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და შუა დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5-წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების გზებს განიხილავს. ბრაიზა პირველ რიგში, პორტებში ინვესტიციების განხორცილებას გადაუდებელ საჭიროებად მიიჩევს. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, თითქმის 30 წელი მუშაობდა, რომ სატრანსპორტო კავშირები განევითარებინა. ვსაუბრობ ერთი მხრივ, კასპიის დიდ რეგიონზე, მეორე მხრივ, შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე. ერთმანეთთან თანამშრომლობით, საერთაშორისო და ეროვნული გაზის კომპანიების თანამშრომლობით, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი მთელ შუა დერეფანს, რათა განგვევითარებინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი. შემდგომში, ეს სატრანზიტო კავშირები გაფართოვდა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზამდე, ასევე, ალათის პორტამდე, აზერბაიჯანში და თურქმენბაშის პორტამდე, თურქმენეთში, შემდგომში გაფართოვდა აქტაუს პორტამდე, ყაზახეთში. მოგეხსენებათ, ახლა ტვირთის დიდი მოცულობის გატარება მოუწევს შუა დერეფანს, რომელიც რუსეთს აუვლის გვერდს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. ამდენად, სასწრაფოდ საჭიროა ინვესტიციების გაფართოება მათ შორის პორტებში, რეალურ შესაძლებლობებში - გზებში, პორტების ოპერაციების ეფექტიანობაში და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მალე აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, რაც ზანგეზურის კორიდორს შესაძლებლობებს მისცემს. ეს კორიდორი დამატებით კავშირს უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, აზერბაიჯანის ნაწილამდე და შემდეგ გაგრძელდება თურქეთისკენ. ეს შუა დერეფანს შესაძლებლობას მისცემს, თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. იმ ფონზე, რომ რუსეთი და ირანი ახალი 3,000-კილომეტრიანი ტრანსკონტინენტური სავაჭრო მარშრუტის გაყვანას გეგმავენ, რომელმაც ერთმანეთთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი და ინდოეთის ოკეანე უნდა დააკავშიროს, ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ შუა დერეფანი ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს. „მე ვიცი, რომ მცირე მოცულობის ტვირთმა დაიწყო გადაადგილება ავღანეთისა და პაკისტანის გავლით. რა თქმა უნდა, „თალიბანთან“ მუშაობა დიდი გამოწვევაა, მაგრამ რაც ჩემთვის არის ცნობილი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ლოგისტიკაში ერკვევიან, არის ის, რომ „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ, უბრალოდ უნდა იმუშაო ერთ ხელისუფალთან, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე, როდესაც მრავალი ან  რეგიონული ლიდერების დონეზე წყვეტდნენ ამ საკითხს. მაგრამ შუა დერეფანი, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების გაერთიანების გზა (რა თქმა უნდა, მათ შორის ყაზახეთი) და მარშრუტი, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს, გეოპოლიტიკურად ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.  შეგახსენებთ, Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა. „ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში. სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.  „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN) (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა. 

უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“

6 ივნისს, უკრაინაში, ნოვა კახოვკაში კაშხალზე მომხდარმა აფეთქებამ, საერთაშორისო საზოგადოებას ათქმევინა, რომ მომხდარი ადასტურებს რუსეთის მიერ წარმოებული ომის ახალ განზომილებას და რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი იმ დროს, როდესაც უკრაინა კონტრშეტევის საწყის ფაზაშია და ამის პარალელურად ხდება „დატბორვით დაშინება“, რომლის შესახებაც, კიევი დიდი ხნის წინ გამოდიოდა გაფრთხილებით და დიდი ალბათობით, უკრაინას სამოქმედო გეგმაც ექნებოდა. ამასთან, დაიწყო თუ არა ომის ახალი ფაზა, ამ საკითხების გარკვევას Europetime უცხოელ მკვლევრებთან შეეცადა.  ასევე გაეცანით სტატიას: რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ მოსკოვს სურს, მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში ბევრად უფრო დამანგრეველი თავდასხმის მოწყობა ძალუძს იმ იმედით, რომ უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტენ, თუმცა ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი დარწმუნებულია, რომ კრემლის ეს „გეგმა“ არ იმუშავებს, და შესაბამისად, არც კიევი დაიხევს უკან. 6 ივნისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს მოსაზრება დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ „ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით“. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ზიგიერთის მხრიდან, უკან დახევის გაფიქრებას, შესაძლოა, მოსკოვში ზოგიერთი ამ ეტაპზე „ერთადერთ ვარიანტად“ განიხილავდეს. „ვფიქრობ, მოსკოვი ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, რომ მომავალში შეიძლება, ბევრად უფრო საზიანო თავდასხმებში ჩაერთოს, ვიდრე ეს წარსულში გააკეთა, იმ იმედით, რომ ზოგიერთი უკრაინაში უკან დახევას გადაწყვეტს. თუმცა მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში, მოსკოვში ზოგიერთმა, მაინც შეიძლება, ეს მიიჩნიოს ერთადერთ ვარიანტად. მას შეეძლო უკან დახევა, მისი შეჭრის გაზრდა ან ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ კიევის უკან დახევას, (რედ.) ახლა როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო შესაძლებლობად თვლის“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. სახეზეა ომის ახალი ტალღა, კონლიფქტის ახალი განზომილება - ეს თავის მხრივ, ფაქტია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე (ევრაზიის საკითხებში), მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც Europetime-თან საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - კერძოდ, თუ როგორ იმუშავებს მომხდარი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ: „ეს კაშხალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს წყლის ნაკადების შენარჩუნებას ყირიმში, ამიტომ, მისი აფეთქება სხვა მხრივ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა ის დარწმუნებულია, რომ ახლა რუსი სამხედრო მეთაურები შეშფოთებულნი არიან და სურთ, რომ უკრაინას გაურთულონ ჯავშანტექნიკით თავდასხმები: „დიახ, რუსეთს ეშინია უკრაინის მომავალი კონტრშეტევის. როგორც კიევის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, კაშხლის აფეთქება იყო სასოწარკვეთის ნიშანი, რადგან რუსეთის სამხედრო მეთაურები პანიკაში იყვნენ და სურდათ უკრაინის კონტრშეტევის შენელება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, ყირიმის მცხოვრებლებისთვის სირთულეების გამწვავებას ნიშნავდეს. ისინი დაზარალდებიან, როცა წყალი აღარ ექნებათ“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. Europetime-ს კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე ასეევ ესაუბრა ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს.  ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე  უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან

ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის  შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.  ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის მიზნების მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.

რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში

არჩევნები, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს თურქეთის თანამედროვე ისტორიაში - ასე აღწერს CNN 14 მაისს დაგეგმილ კენჭისყრას თურქეთში, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს. ამომრჩევლები თურქეთის დემოკრატიის ბედს, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ გადაწყვეტენ - ტრაგედიას 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დ 5,9 მილიონზე მეტი ადამიანი სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში იძულებით გადაადგილდა. არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი ერდოღანის მთავრობის ეროზიას უწოდებს. ანალიტიკოსები ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობას პროგნოზირებენ. მოელიან „მჭიდრო რბოლას“ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტ, 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ერდოღანმა წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუფლება თავის მემკვიდრეს ბრძოლის გარეშე არ დაუთმოს. რა განსხვავებები არსებობს ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს საგარეო პოლიტიკურ ხედვებში და რას ნიშნავს ეს არჩევნები დასავლეთისთვის? რას გადაწყვეტს 14 მაისის არჩევნები და რა დევს სასწორზე თურქეთისთვის? ამ საკითხებზე Europetime თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილ უფროს თანამშრომელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. ბრაიზა მიიჩნევს, რომ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში,  ლოგიკურად, თურქეთი იგივე საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, და კონცერტრირდება ურთიერთობების ნორმალიზებაზე ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტე-ისრაელთან და სომხეთთან. იქედან გამომდინარე, რომ ისრაელთან და სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება თურქეთში ერთობ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა, ამერიკელი დიპლომატის მოლოდინია, რომ ერდოღანი ამ მიმართულებით, ძალისხმევას გააძლიერებს. რას ნიშნავს თურქეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთთან ანკარის კავშირებისთვის? ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშულა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა. NATO-ს წევრმა თურქეთმა,  რომელსაც ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, ბოლო წლებში რუსეთთან კავშირები გააძლიერა. როდესაც აშშ-ის ელჩი ანკარაში, ჯეფ ფლეიკი ქილიჩდაროღლუს ეწვია, ერდოღანი კრიტიკით გამოვიდა და ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს „სირცხვილი" უწოდა. ერდოღანი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთმა აშშ-ს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ასწავლოს. ურთიერთობა აშშ-სთან შეერთებულ შტატებთან ერდოღანს უსიამოვნება აქვს მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის საკითხის გარშემო. თურქეთი გაბრაზდა იმის გამო, რომ F35 ვერ შეიძინა, F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. „ვფიქრობ, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის F16-ებზე გარიგება დასრულებულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ასევე ვფიქრობ, რომ თურქეთი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულების მცდელობას“.  თუმცა ამერიკელი დიპლომატი ქილიჩდაროღლუსგან არ ელის აშშ-სთან ურთიერთობების დათბობას. „არ მგონია, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ გააგრძელოს ძალიან თბილი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რადგან ათწლეულების განმავლობაში მისი პარტია ხმების მოსაპოვებლად ანტიამერიკანიზმს იყენებდა“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო  მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.  თურქული სახელმწიფოები „ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა გააგრძელებს თურქული სახელმწიფოების მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რაც ანკარას აძლევს კოლექტიური კულტურული და ეკონომიკური ინტერესების განხორციელების საშუალებას თურქეთის აღმოსავლეთში, დიდწილად, აქ მოიაზრებიან აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუმცა არამხოლოდ ისინი. ერდოღანის მმართველობის დროს თურქეთი რჩება ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მაგრამ, ასევე მზად არის, შეინარჩუნოს დასავლეთიც. ყველა ამ პოლიტიკის გაგრძელებას ველოდები, მაგრამ ერთი ცვლილება იქნება - როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ვფიქრობ, ვაშინგტონი და პრეზიდენტი ბაიდენი „F16-ის გარიგებას“ დაასრულებენ“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან.  ურთიერთობა ევროკავშირთან და დაძაბულობა საბერძნეთთან პრეზიდენტი ერდოღანი განსაკუთრებით მტკიცე და მკაცრი იყო საბერძნეთის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, ის თითქოს იმუქრებოდა კიდეც სამხედრო ძალის გამოყენებით საბერძნეთის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, ეს არ მოხდება, თუ ქილიჩოღლუ გაიმარჯვებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. თუ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს ბრაიზა ელის, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად კონფრონტაციული იქნება ევროკავშირის წევრების, განსაკუთრებით კი, საბერძნეთის მიმართ. ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება ყველა ის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ზემოთ აღვნიშნე - ისრაელთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, და არაბეთი გაერთიანებულ საამიროებთან და ასევე, საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაზეც პრეზიდენტი ერდოღანი ორიენტირებულია. მთავარი ცვლილება კი იქნება რიტორიკის შეცვლა საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რა დევს სასწორზე? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე დასავლეთისთვის თურქეთის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „სასწორზე დევს თურქეთის ევოლუცია - საკითხავია, დაუბრუნდება თუ არა თურქეთი ეკონომიკურ პოლიტიკას დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკით და მონეტარული პოლიტიკით. ქილიჩდაროღლუმ გასცა დაპირება,  რომ თურქეთს უფრო დემოკრატიულს გახდის. აღადგენს საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემას, სადაც ამდენი ძალაუფლება აღარ ექნება პრეზიდენტს. ეს იქნება უზარმაზარი ცვლილება დემოკრატიის ევოლუციისა და თურქეთის ევოლუციისთვის. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისთვის, რადგან თურქეთი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, მიუხედავად ყველა დაძაბულობისა, რომელიც შეიძლება, ორმხრივ ურთიერთობებში შეიმჩნეოდეს“. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელსაც Reuters-ი ეყრდნობა, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლები უფრო მეტად უჭერენ მხარს ქილიჩდაროღლუს, ერდოღანი მეორე ადგილზეა. საპარლამენტო ხმებში კი, ერდოღანის პარტია ლიდერობს.  მეთიუ ბრაიზას შეფასებთ, არჩევნები თურქეთში ნამდვილად კონკურენტულია, შედეგის პროგნოზირება კი, რთული. „ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი, ჩემი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით საერთაშორისო ურთიერთობები, მიიჩნევს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და რომ მაგალითად, ყველა აკონტროლებს ყველაფერს, არ არის დემოკრატია და არის ავტოკრატია. ეს სრულიად არასწორია, თურქეთი ძლიერი დემოკრატიაა, ამიტომ, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, რადგან მთავრობას და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, სახელმწიფო კონტროლირებადი მედია დებატების ფორმირებისთვის“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან. ანალიტიკოსთა შეფასებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულება ამ არჩევნებზე არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა თურქი ამომრჩევლისთვის. მათ ეკონომიკური საკითხები აღელვებთ. და ის, ფაქტი, რომ თურქეთს აქვს კონფლიქტი ზოგიერთ ახლომდებარე ქვეყანასთან ან ევროპაში, ნამდვილად არ არის მათთვის დიდი პრობლემა. საშუალო თურქი ამომრჩევლისთვის გამოწვევაა ეკონომიკური საკითხები.