ახალი ამბები

საგარეო უწყება: გენერალური მდივნის მოადგილემ მინისტრ ზალკალიანს დაუდასტურა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება

ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას განიხილეს რუსეთსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ.უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის NATO-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები. ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წვერი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები. ცნობისთვის, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ NATO-რუსეთის სამიტის წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამავე თემაზე: დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

დავით ზალკალიანსა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან შემდგარი სატელეფონო საუბრის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, საუბრისას დეტალურად განიხილეს რუსეთსა და NATO-ეს მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ზალკანიანის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია. „მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებით, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა. „ის ფაქტი რომ, საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის უაღრესად პრიორიტეტული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ NATO-რუსეთის სამიტის წინ ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, ყაზახეთის მსგავსი სიტუაციის გადადების ალბათობა არსებობს - ზურაბ ბატიაშვილი

ყაზახეთში არეულობის და მოქალაქეების მღელვარების კერად წლების განმავლობაში დაგროვილი შიდა პრობლემები იქცა. ამაზე აქტიურად მიუთითებენ ის ანალიტიკოსები და სხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირი ჰქონიათ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან, ადგილზე საქმიანობდნენ კიდეც და კარგად იცნობენ მოსახლეობის განწყობებს. თუმცა ტრადიციულად, რუსეთს მიზეზის და საბაბის საკუთარი ვერსია აქვს, რომლის მტკიცებას და გამყარებასაც ცდილობს, აქ მას მხარს უჭერს ყაზახეთის დღევანდელი პრეზიდენტი თოყაევიც, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც გაიგზავნა ჯარი ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სახელით და რუსეთის ხელმძღვანელობით. ორივე - რუსეთიც და ყაზახეთიც ამას გარე საფრთხეებით ხსნიან. ყაზახეთიდან ზუსტი ინფორმაციის მიღება დღესაც პრობლემაა, სხვადასხვა წყარო, ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებს, მათ შორის შეტაკებების შედეგად მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაც ამ დრომდე უცნობია. ბოლოს, ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინებოდა მედია, რომ 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით, ეს ტექნიკური შეცდომით ახსნეს. თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ არეულობის დღეს, ადამიანები დაიღუპნენ. მაინც, მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, და არის თუ არა დასავლეთი პასიურ პოზიციაში, ამ საკითხებთან და ყაზახეთის ირგვლივ არსებულ სურათთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვებით მიმართა რონდელის ფონდის ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ ყაზახეთში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ახლა ერთიანად ამოიფრქვა. „ყველა ქვეყანა, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ინსტიტუტები არ მუშაობს, განწირულია პროცესების ასეთი განვითარებისთვის და ეს ვნახეთ ყაზახეთის შემთხვევაშიც. ამას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო განზომილება, იმიტომ, რომ პუტინი უფრთხის მის გარშემო გამოსვლებს, რომლებსაც თავისი რეჟიმისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს. მას ეშინია, საპროტესტო აქციების ტალღა არ გადაედოს“... ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, მსგავსი არეულობა ხდება იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს; სადაც არ არის დემოკრატიული წყობა; შესაბამისად, ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, მსგავსი ტალღის გავრცელების ალბათობა არსებობს. „პუტინს იმდენად არ ეშინია NATO-ს ჯარების და ატომური იარაღის, რამდენადაც მსგავსი გამოსვლების, რადგან მასაც არადემოკრატიული რეჟიმი აქვს, სადაც ხალხს არ აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება; სადაც პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს და არა - ინსტიტუტები; არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, ასეთი საფრთხე ასეთ ქვეყნებში ყოველთვის არსებობს და ძალზედ მოჩვენებითია ხოლმე ერთგვარი სტაბილურობა გარედან, ყაზახეთის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ქვეყნის შიგნით სულ სხვა მუხტია. საწვავზე ფასის მატება საბაბი უფრო გახლდათ, ვიდრე მიზეზი. ქვეყანაში გამეფებული იყო კორუფცია. მოგეხსენებათ, ყაზახეთი ნავთობითა და გაზით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ შემოსავლები არასამართლიანად ნაწილდება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ზურაბ ბატიაშვილის თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ კარგავს ყაზახეთს, დემონსტრანტებსაც დაარბევს და უარს არ იტყვის უხეში ძალის გამოყენებაზე. „ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს. პუტინის იდეის განხორციელება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ყაზახეთის გარეშე. ყაზახეთი თუ არ იქნება, ის კარგავს შუა აზიის სხვა რესპუბლიკებსაც, გასასვლელი ეკეტება დანარჩენ რესპუბლიკებში. ყაზახეთი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროექტისთვის, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ „საბჭოთა კავშირი2“, სადაც მოიაზრებს: ბელარუსს, უკრაინს, ყაზახეთს, კავკასიის ქვეყნებს... რუსეთი არღვევს ყველანაირ ხელშეკრულებას, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება გულისხმობს გარე საფრთხისგან დაცვას, ყაზახეთის შემთხვევაში კი გარე საფრთხე არ ყოფილა, შიდა გამოსვლები იყო. რუსეთი და ყაზახეთი კი ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, ეს გარედან იყო ორგანიზებული. ხან ვაშინგტონისკენ იშვერენ ხელს, ხან - კიევისკენ... ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, აქ უნდა გამოვრიცხოთ გარე ჩარევა, რადგან ეს იყო ათწლეულების განმავლობაში ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების გამოვლინება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მხრიდან სამხედროების გაგზავნის ცნობა ყველასთვის ცნობილი გახდა სომხეთის პრემიერის განცხადებიდან, რომელიც ახლა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ითავსებს. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს გარემოება, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით სომხეთთან და რა სურათს ქმნის ის რეგიონისთვის. ზურაბ ბატიაშვილი ამ საკითხსაც განიხილავს Europetime-თან ინტერვიუში. „ნიკოლ ფაშინიანი მძევლად იქცა, თითქოს, დემოკრატიული იდეებით გამოდიოდა, ახლა სამწუხაროდ, პუტინის „რუპორად“ ჩამოყალიბდა. სომხეთი გახლავთ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და ბედის ირონიაა, რომ ფაშინიანს მოუწია ამ განცხადების გაკეთება. რეგიონში რუსეთის ნებისმიერი გაძლიერება სახარბიელო და არასასურველია. თუმცა ჩვენზე ამ შემთხვევაში ნაკლებად არის დამოკიდებული, რა მოხდება ყაზახეთში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ისააა, რომ ჩვენი სვლა დასავლეთის მიმართულებით შეუქცევადი გავხადოთ. ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემა დაგვიგროვდა, უნდა ვეცადოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გავაძლიეროთ, და ყველაფერი გავაკეთოთ დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომელიც ხელისუფლებამ რატომღაც დაიქვემდებარა და თავის მომსახურე ორგანიზაციად აქცია. მაშინ, როდესაც დასავლეთის რჩევებს უნდა ვითვალისწინებდეთ, ლამის ყოველ მეორე დღეს, „ქართულ ოცნების“ ლიდერები დასავლეთს, მის ინსტიტუტებს და დასავლელ ელჩებს ლანძღავენ. ეს ყველაფერი კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს არ წაადგება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. არის თუ არა დასავლეთი პასიური ყაზახეთთან მიმართებით, ზურაბ ბატიაშვილი საკითხის ასეთ ანალიზს გვთავაზობს: „ინფორმაციის ნაკლებობაა, ასევე ოპოზიცია ფიზიკურად არ არსებობს ყაზახეთში. იქ სახალხო მღელვარებას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევდნენ პროცესებს. შესაბამისად, დასავლეთს დრო სჭირდება ვითარებაში გასარკვევად. თუმცა ვნახეთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, ასეთი აგრესიული ჩარევა მეზობლების შიდა საქმეებში, მაშინ, როდესაც რუსეთი სხვებს ადანაშაულებს ამაში. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს კარგია, რომ დასავლეთი ამ დროისთვის კონცეტრირებულია უკრაინის საკითხზე, რადგან უკრაინის თემას რუსეთის ამბიციებისთვის საციცოხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დასავლეთმა აქ უკან არ უნდა დაიხიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურად დგება საბჭოთა კავშირის აღდგენის საკითხი... და, ამას ჩვენზეც პირდაპირი გავლენა ექნება, ამიტომ, ის რომ, დასავლეთი ჯერ ბოლომდე ვერ არის გარკვეული ყაზახეთის საკითხებში, ძალზედ ბუნებრივია, თუმცა იმედის მომცემია, რომ უკრაინაზეა კონცეტრირებული და მკაფიო პოზიცია აქვს“. ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა. გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია განაგრძობს. ამასთან, პარტიის გენერალურ მდივნის პოზიცია კობა ნაყოფიას ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

ენტონი ბლინკენი: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა

„მოდით, ცალსახად ვთქვათ: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, NATO-ს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. „გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. სახელმწიფო მდიფნის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის: „საქართველოში, მოლდოვასა და 2014 წელს უკრაინაში. ახლა კი ამ უკანასკნელის გამეორების საშიშროება დგას. ამავდროულად, ეს საკითხი უფრო დიდია, ვიდრე თავად უკრაინა. საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებზე, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია. ეს არის პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ძალის გამოყენებით უბრალოდ შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, უბრძანოს მეორეს თავისი არჩევანი ან ვისთან იქონიოს კავშირი, პრინციპი, რომ არ შეიძლება, ქვეყნებმა თავისი მეზობლების დასამორჩილებლად გავლენის სფეროები გამოიყენონ. ეს წარსულის გადმონაშთია. ეს ყველაფერი დევს ახლა სასწორზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დავუჭიროთ მხარი, არამედ ამ საბაზისო პრინციპებსაც“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.

ირაკლი ღარიბაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ ყაზახეთში ვითარების საბოლოო დეესკალაციის მისაღწევად ყველა ზომა იქნება მიღებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ყაზახეთის პროცესებს. „მინდა, გამოვეხმაურო ყახაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს შედეგების დაძლევა. ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენ მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან ყაზახეთში, ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. „რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე. მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლის ინიციატივას ვეთანხმები

"მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლის ინიციატივასა და ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას ეთანხმება", - ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილის აღნიშნავს, "ივანიშვილის პრემიერის" დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: "მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ". „ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ. რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის „რაც გინდა ის უწოდეები“, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში - 14 ოქტომბერი ამის მხოლოდ პირველი მერცხალი იყო. ხალხის გატაცებასა და ძარცვას ბოლო მოეღება და საქართველო ისევ დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას. ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში ღირსეულ, მაღალანაზღაურებად დასაქმებას. ბოლო მოეღება უსამართლობას და არავის არასდროს დაისვამენ თავზე. ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა. ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა. საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-უკრაინის კომისიის სხდომამდე განაცხადა. „მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებებს, თუმცა ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთებებიც. ეს უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შემანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსამდე გათბება. ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება. თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვრიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ამასთან, მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და რუსეთის საზღვართან რაკეტებს არ განათავსებს. თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები. ცნობისთვის, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს გაგრძელდება, რა დროსაც ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. 13 იანვარს კი ვენაში მოლაპარაკებები ეუთოს ფარგლებში გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

ვლადიმერ პუტინი: ყაზახეთში „მაიდანის" ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო მხარდაჭერა, გამოიყენებოდა

"კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში დარჩება შეზღუდული პერიოდით, იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის ყაზახეთის პრეზიდენტი", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ყაზახეთზე თავდასხმა და აგრესიული აქტი უწოდა. „ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე საფრთხე სულაც არ არის გამოწვეული საწვავის ფასის გამო დაწყებული სტიქიური საპროტესტო აქციებით, არამედ გამოწვეულია იმით, რომ სიტუაციით ისარგებლეს დესტრუქციულმა შიდა და გარე ძალებმა. ამასთან, აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტების ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. გამოიყენებოდა მებრძოლების კარგად ორგანიზებული და მკაფიოდ მართული ჯგუფები“, – განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტი: სამშვიდობო ჯარები ყაზახეთში სიტუაციის სტაბილიზაციამდე დარჩებიან რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში, პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია შემცირებას დაიწყებს

როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ინფლაცია შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს და წლის ბოლოს მიუახლოვდება დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. „ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოში ხდება. დღესდღეობით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული და როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ასევე ეს აისახება საქართველოზეც. ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლის გატარებაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ნათია თურნავა: ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე გაიზარდა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, "ფაო"-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა", - განაცხადა თურნავამ.

ზურაბ აზარაშვილი: რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო Pfizer-ისა და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულების მკურნალობა სათანადოდ უზრუნველყოს. მისივე თქმით, შეუკვეთეს და რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს Pfizer-ისა და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, როგორც მინისტრი ამბობს, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია. „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ. „დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა“, – აღნიშნა აზარაშვილმა. ცნობისთვის, FDA-მ Pfizer-ის ანტივირუსული აბი 22 დეკემბერს დაამტკიცა. ასევე წაიკითხეთ: საქართველო ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის „მოლნუპირავირის“ შესყიდვას გეგმავს

ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები. „სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ბრონქსში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. ამასთან, ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის მთავარმა მრჩეველმა სტეფან რინგელმა დაადასტურა მსხვერპლის შესახებ მონაცემები. ქალაქის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, Associated Press-ს დაუდასტურა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა. დამწვარი ბინების 50-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო დამწვრობები, კიდევ 13 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იტყობინება რინგელი. დაზარალებულთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დამწვრობა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს

"ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. „კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის

"ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, ასევე მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის. „მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ ყველას გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მეტი მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, უნდა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.