ახალი ამბები

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას - სამადაშვილი

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება დაისის გზას, ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება obozrevatel-ზე გავრცელებულ ჩანაწერებს. სალომე სამადაშვილის შეფასებით, ჩანაწერების შინაარსის განხილვაში არ შევა და ეს არის სხვადასხვა დროს ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. "ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ-ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვამთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს... ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია-მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.

60 486 ახალი შემთხვევა და 828 გარდაცვლილი - საფრანგეთი დღეს

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.7 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 828 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს მიაღწია. შეგახსენებთ, ერთი კვირაა საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. შეზღუდვების ფარგლებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი სამსახურში, აუცილებელი პროდუქციის შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, ან დღეში 1 საათის განმავლობაში სავარჯიშოდ მიდიან. ქვეყანაში დახურულია რესტორნები და ბარები, თუმცა სკოლები და ბაგა-ბაღები ღიაა. გარდა ამისა, საფრანგეთში ღამის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. ახალი შეზღუდვები ძალაში, სავარაუდოდ, 1-ელ დეკემბრამდე დარჩება.

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიის შემდეგ პენსილვანიაშიც გადაასწრო

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთ შტატში, პენსილვანიაში გადაასწრო, სადაც უკვე ხმების 98%-ია დათვლილი. ამ დროისთვის ბაიდენს 49.5% (3 295 315 ხმა) აქვს, ტრამპს კი - 49.4% (3 289 731 ხმა). მანამდე ბაიდენმა ტრამპს გადაასწრო ჯორჯიის შტატში, სადაც ხმების 99%-ია დათვლილია და ბაიდენს 1 097 ხმით მეტი აქვს მიღებული. ხმების დათვლა გრძელდება ალიასკას და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებშიც, სადაც ტრამპი ლიდერობს. ასევე ნევადაში და არიზონაში, სადაც ბაიდენია პირველ ადგილზე. ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, მას კიდევ ჩვიდმეტი ხმა სჭირდება. პენსილვანიის მოგების შემთხვევაში ის 20 ხმას მიიღებს. დონალდ ტრამპი არჩევნების მოპარვაზე საუბრობს და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვს. მის გუნდში ამბობენ, რომ იმ შტატებში, სადაც ტრამპი მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვენ.

დავივიწყოთ სიბრაზე და დემონიზაცია, შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ამერიკელ ხალხს მოუწოდებს, ერთიანობა შეინარჩუნონ და სიბრაზე დაივიწყონ. „მკაცრი არჩევნების შემდეგ დაძაბულობა მაღალია. სერიოზული პრობლემები გვაქვს, პარტიზანულ ბრძოლაზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს. დავივიწყოთ სიბრაზე და დემონიზაცია, შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „რიცხვები გვეუბნება, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ 74 მილიონზე მეტი ხმა ავიღეთ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუღია,“- აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად ექსპერტებს ხვდება, ვინაიდან ისინი თეთრი სახლისთვის ემზადებიან. ბოლო მონაცმებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით 4.1 მილიონი ხმით უსწრებს. ამ ეტაპზე, საარჩევნო კოლეგიაში „დემოკრატ“ კანდიდატს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმიდან 253 აქვს, დონალდ ტრამპს კი -214.

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ავარიაში მოყვა

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ალექსეი ავერჩუკი, ავარიაში მოყვა მოსკოვის კუტუზოვის პროსპექტზე. შემთხვევის ადგილიდან ავერჩუკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ცნობები არ გავრცელებულა. იუწყებიან, რომ ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი და ავერჩუკის გარდა დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0387 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეიდან კოვიდ სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცერცვაძემ განმარტა, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, მეორე - D დიმერი და მესამე - სატურაციის განსაზღვრა. „ბინაზე დატოვებულ და სასტუმროში დატოვებულ პაციენტებს ანუ იმათ, ვინც არ ჩაითვლება, რომ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ასეთი ჩვენი დათვლით არის 75% დღეისთვის, 25%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15%-ის ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება. დღევანდელი სხდომა ეთმობოდა იმას, თუ როგორ გაუმჯობესდეს ბინაზე და კოვიდსასტუმროში პაციენტების მკურნალობა, რათა მინიმიზებული იქნეს ის რისკები, რაც იწვევს ბინაზე დატოვებულების გარდაცვალებას. პირველი - ყველა სასტუმროში დატოვებულ პაციენტს და ბინაში მყოფთა ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ეს შერჩევით დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბო ემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება და მესამე სატურაციის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად არის ის ჟანგბადზე დამოკიდებული - ასეთი პაციენტები არიან განსაკუთრებით რისკ ჯგუფები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს - ჯანდაცვის მინისტრი

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მოვუწოდებთ, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ტიკარაძე აცხადებს, ინფიცირების მაჩვენებელმა 1.79-დან 1.26-მდე დაიკლო და ეს კოეფიციენტი დასტაბილურდა. „ოქტომბერში, სანამ ჩვენ არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომელსაც დღეს ვაანონსებთ, ჩვენი ინფექციის მაჩვენებლის კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, მას შემდეგ, რაც მოვუწოდეთ მოქალაქეებს და რიგ ადგილებში სავალდებულოც გავხადეთ პირბადე, ასევე დისტანციური მუშაობა, კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებით და ეფექტიანი მუშაობით, რომელიც განვახორციელეთ“,- განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მოუწოდებს მათ, პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოიყენონ. „ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები. არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პაატა იმნაძე: დღეს 125 ინფიცირებულიდან, ერთი იღუპება

„დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება, რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც, რატომღაც, ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს, ყველაფერი კეთდება ისე, რომ აღქმაშიც არ იყოს ვინმესთვის პოლიტიკურ შეზღუდვებთან კავშირი. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული - აქეთ შეზღუდვები და თან, ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირება. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ რეალობა ასეთია: დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება. რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. საქართველოში დღეს კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3560 გამოჯანმრთელდა, 22 გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო

კორონავირუსთან ბრძოლაში სტომატოლოგები და პენსიონერი ექიმები ერთვებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში. „სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში. ასევე მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვასაც გეგმავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პენსიონერი ექიმები აღნიშნულის მზადყოფნას გამოთქვამენ. ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა პენსიონერ ექიმებს და მათ რესურსს სახელმწიფო აქტიურად იყენებს. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება და სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდან არის მზაობა, შესაბამისად, მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გადაასწრო

აშშ-ს შტატ ჯორჯიაში ხმების დათვლა გრძელდება. დათვლილია 99%. ამ დრომდე შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, მას ჯო ბაიდენმა გადაასწრო. ამ დროისთვის ბაიდენი ტრამპს 917 ხმით უსწრებს. მას ჯამში 2 449 371 ხმა აქვს, ტრამპს კი 2 448 454 ხმა. ჯორჯიის გარდა შედეგებს ითვლიან პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადასა და არიზონაში. ჩრდილოეთ კაროლინა - დათვლილია 94% - დონალდ ტრამპი 50.1%, ჯო ბაიდენი 48.7% პენსილვანია - დათვლილია 97% - დონალდ ტრამპი 49.6%, ჯო ბაიდენი 49.3% არიზონა - დათვლილია 90% - ჯო ბაიდენი 50.1%, დონალდ ტრამპი 48.5% ნევადა - დათვლილია 84% - ჯო ბაიდენი 49.4%, დონალდ ტრამპი 48.5% ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, მას კიდევ ჩვიდმეტი ხმა სჭირდება. ჯორჯიაში გამარჯვების შემთხვევაში ის 16 ხმას მოიპოვებს, ნევადაში 6 ხმას, არიზონაში კი 11-ს. დონალდ ტრამპი არჩევნების მოპარვაზე საუბრობს და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვს. მის გუნდში ამბობენ, რომ იმ შტატებში, სადაც ტრამპი მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე სულ 7 267 ათასი საწოლის მობილიზების რესურსი არსებობს. ამასთან. მისი თქმით, საყურადღებოდ რჩება სამედიცინო პერსონალის მობილიზება. „დღეს კლინიკაში განთავსებული გვყავს 4 223 ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის. 359 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში და ამ ეტაპისთვის კოვიდისთვის მობილიზებული საწოლფონდი 68 კლინიკაში არის 5 116 საწოლი, თუმცა ამ კლინიკების ბაზაზე დამატების გარეშე გვაქვს რესურსი 7 267 საწოლის მობილიზების. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს საწოლფონდის მოცულობა და ასევე კლინიკების ჩართულობა კოვიდში, მაგრამ ყველაზე საყურადღებოდ რჩება ადამიანური რესურსი. ყველაზე კრიტიკულია სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში, ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომლების გადამზადებაში კოვიდის მიმართულებაში ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარება განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორ კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინ კლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს. მისივე განმარტებით, სწორედ ამის გამო არ ჩანდა ბოლო ორი დღე აქციებზე. „საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს. სად აღარ "აღმინიშნავს" დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა. წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალი-მეთქი და მივიღე განსაკუთრებული - ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე. ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი, თუმცა 8-ში მხოლოდ "იწყება" და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება... მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook-მა ალტ-ინფოსთან და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა

Facebook-ი, გასულ თვეს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არაავთენტური, კოორდინირებული ქცევის გამო ანგარიშების წაშლის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელიდან დაიბლოკა ალტ-ინფო. ასევე წაიშალა 2 პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან დაკავშირებული გვერდები. "ჩვენ წავშალეთ 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და ინსტაგრამის 19 ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ალტ-ინფოსთან. ისინი მოქმედებდნენ საქართველოში და სამიზნეს ადგილობრივი მომხამარებლები წარმოადგენდნენ. ამჟამად ალტ-ინფო Facebook-ზე აკრძალულია. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ რეგიონში არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების გამოძიებისას. შეფასებისას გამოვიყენეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ანგარიშები". - ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ანგარიშებს: "ჩვენ წავშალეთ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და ინსტაგრამის 21 ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო 2 ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან - პატრიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან. ისინი საქართველოში მოქმედებდნენ და სამიზნეს ადგილობრივი აუდიტორია წარმოადგენდა. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ ISFED-ის და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების განხილვის შედეგად". - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუმინეთი „კომენდანტის საათს“ აწესებს და სკოლებს ხურავს

რუმინეთი ორშაბათიდან „კომენდანტის საათს“ აწესებს და ყველა სკოლას ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვები ძალაში ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. რუმინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 276 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ომბუდსმენი აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს

სახალხო დამცველი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. ომბუდსმენი ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იმატებს კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას; გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. ასევე, უკანასკნელ დღეებში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლებია საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი; ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, სერიოზულ ბარიერად იქცეს მიმდინარე კრიზისის მართვის პროცესში. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხშირია და იმატებს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველობის კონსტიტუციური ვალდებულების და საკუთარი მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს: საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება“,-აღნიშნულია განცხადებაში. სახალხო დამცველი მიმართავს ასევე საარჩევნო ადმინისტრაციებს, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას. „ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს განუხრელად შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას; ასევე პირბადით სწორად სარგებლობას, მათ შორის, უკვე ღია სივრცეებში, ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვას, რაც დღესდღეობით ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ქალს, რომელიც COVID-19–ით ინფიცირებული მშობლების დახმარების გზებს ეძებდა, დედ–მამა გარდაეცვალა

ახალგაზრდა ქალს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული მშობლების დახმარების გზებს მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებდა, დედ–მამა გარდაეცვალა. რამდენიმე დღის წინ მოქალაქე მარი კაკაურიძე “ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერდა, რომ კოვიდ–ინფიცირებული დედ-მამა ადგილების არარსებობის გამო, ვერც ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ მოათავსა, არადა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო: „ორივე მშობლები მძიმედ კოვიდ–ინფიცირებული მყავს. რეანიმაცია ესაჭიროებათ! თუ ვინმე მყავდა ნაცნობი, ყველა შევაწუხე, „იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ–მეთქი“ და ამ დრომდე არაფერია. იქნებ დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“, - მიმართავდა გოგონა საზოგადოებას. 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცოლ–ქმარი გარდაიცვალა. როგორც კაკაურიძე ყვება, კლინიკა „ბოლონდში“ მამის მოთავსება შეძლო, თუმცა კლინიკიდან პაცენტი სამ დღეში გაწერეს და უთხრეს, რომ „ინფექცია არ ჰქონდა“. ვინაიდან კაცის მდგომარეობა მძიმე იყო, ოჯახმა ის კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა. რაც შეეხება დედას, კაკაურიძე ამბობს, რომ მას არც ტესტირება ჩაუტარეს, არც ჰოსპიტალიზაცია მიიჩნიეს საჭიროდ სასწრაფო დახმარების ექიმებმა და ქალი სახლში გარდაიცვალა. „აღარ მყავს არც ერთი. გარდაცვალების შემდეგ ჩემთან არავინ მოსულა. ახლა მეც საავადმყოფოში ვარ“,– განუცხადა ახალგაზრდა ქალმა „ტვ პირველს“. შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი რეკორდული დღიური ნამატი – 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ოქმები ხელახლა უნდა გადაითვალოს - NDI

"მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა" - ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა თქვა. მისი შეფასებით, მთავრობამ უნდა გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები, ასევე, კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. "მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს" - ამბობს გილამი. 2 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით მსვლელობებს მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტოკოლონებით მსვლელობებს მართავენ. აქტივისტები საავტომობილო კოლონებით მსვლელობას ოთხ ლოკაციაზე გამართავენ. ესენია: ცესკო, შსს, მთავრობის ადმინისტრაცია და მოდულის შენობა. “ჩვენი აქცია დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რასაც ხედავთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კომისიებში ხდება გაყალბებული ოქმებისა და არარეალური მონაცემების გადატანა. გვინდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ეს პროცესები. არც ცესკო, არც საოლქო კომისიები და არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რეალურად არ ფუნქციონირებს და ეს ყველაფერი იმართება შუშის სასახლიდან”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლმა მიხეილ კაკაურიძემ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ არჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ეჭვი არ გვეპარება, ხმების დათვლის შემდეგ გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, არჩევნებში ის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორი კამალა ჰარისი გაიმარჯვებენ, თუმცა მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხმების ბოლომდე დათვლამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ. „ეჭვი არ გვეპარება, როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, გამარჯვებულად მე და სენატორ ჰარისს გამოგვაცხადებენ. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.