ახალი ამბები
უცნობი ჯარისკაცის საფლავის მცველმა პიტ ჰეგსეთს და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა
ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ომის მდივანს და მის თანმხლებ პირებს არლინგტონში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ, პატივისცემისა და სიჩუმისკენ მოუწოდა. NBCnews-ის ცნობით, ჰეგსეთი, მისი მეუღლე და სხა პირები ფოტოებს იღებდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ. „ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა დაიცვას სიჩუმისა და პატივისცემის ატმოსფერო,“ - ხმამაღლა მიმართა ამერიკელმა ჯარისკაცმა ოფიციალურ პირებს. ჰეგსეთს შენიშვნაზე რეაქცია არ ჰქონია; მან მხოლოდ მხრისკენ გაიხედა და კიბეებზე ასვლა განაგრძო. განახლება: ჰეგსეთმა მედლით დააჯილდოვა ჯარისკაცი, რომელმაც მას და მის თანაშემწეებს შენიშვნა მისცა მომხდართან დაკავშირებით, პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ჰეგსეთი და თავდაცვის უწყება „ყოველთვის პატივს სცემდნენ“ სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაღებულ მსხვერპლს. „ამ მნიშვნელოვანი და საზეიმო დღის აღნიშვნისას, ჯარისკაცმა ყველას სწორად და პატივისცემით შეახსენა, რომ საჭიროა სათანადო ქცევის წესების დაცვა,“ — აღნიშნა პარნელმა. ჯარისკაცები საფლავს 24 საათის განმავლობაში დარაჯობენ; ყარაულის შეცვლის საზეიმო ცერემონია კი, სულ მცირე, საათში ერთხელ იმართება. ცნობისთვის, 1921 წლის 11 ნოემბერს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ყოველი წლის 11 ნოემბერს, როცა შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ, დილის 11 საათზე, „უცნობი ჯარისკაცის საფლავთან“ პატივს მიაგებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა თაობებს. შეგახსენებთ, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, თომას მასიმ — ირანთან ომის აქტიურმა კრიტიკოსმა, მიმდინარე კვირაში, ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა წარადგინა. რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, აღნიშნული რეზოლუციის განხილვა შეეჩერებინა. თუმცა უმცირესობის ლიდერმა, ნიუ-იორკელმა დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა რომელიც, სავარაუდოდ, იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, მიანიშნა, რომ დემოკრატები არ შეწყვეტენ მცდელობებს, ჰეგსეთი თანამდებობიდან გადააყენონ. ჰეგსეთის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული მთავარი ბრალდება, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ეხება. ხსენებული ოპერაცია კონგრესის ოფიციალური ნებართვის გარეშე 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. პიტ ჰეგსეთმა იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“, „საბოტაჟი“ და „პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა. კონგრესმენი მასი ერთადერთი რესპუბლიკელია, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა რეზოლუციის დაბლოკვის წინააღმდეგ მისცა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პიტ ჰეგსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა რესპუბლიკელმა „მთავარი წაგებულის“, თომას მასის გარდა.
Reuters: აბუ-დაბის პოლიციამ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, 10 ადამიანი დააკავა
აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ 10 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. არიან თუ არა დაკავებულებს შორის თავად მერაბ დვალიშვილი და მისი თანხმლები საბა ლაზიშვილი, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დვალიშვილიც და ლაზიშვილიც ამ დრომდე რჩებიან პოლიციის განყოფილებაში. 12 ნოემბერს საბა ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყვა ვიდეო: „სამწუხაროდ, ჩემი ძმა, საბა და მერაბი, ორივენი ამ დრომდე ციხეში არიან. ჯერ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, 48 საათის განმავლობაში იყვნენ.“ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს იძლევა, რა დროსაც მას ზურგიდან უახლოვდება ნურმაგომედოვი და კიდევ რამდენიმე პირი. ნურმაგომედოვმა დვალიშვილს სახეში დაარტყა, რასაც ორ ჯგუფს შორის ჩხუბი მოჰყვა. „აბუ-დაბის პოლიციამ დააკავა რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში; ინციდენტს წინ უძღოდა მათ შორის არსებული უთანხმოება,“ — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მისივე თანახმად, ასევე დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი გადაიღეს, “მათ მიმართ საჭირო სამართლებრივი ზომები გაატარეს.“ Real American Freestyle იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი შაბათს აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს.
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობას ტოვებსთანამდებობას ტოვებს
NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია NVIDIA ავრცელებს. კომპანიის განცხადების თანახმად, ჯენსენ ჰუანგმა NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობებს დროებით კოლეტ კრესი შეასრულებს. “დირექტორთა საბჭომ დღეს გამოაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი დაუყოვნებლივ ტოვებს პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და საბჭოს წევრის თანამდებობებს,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გადადგომა სკანდალს მოჰყვა, რომელიც ჰუანგის პირად ცხოვრებას და ჩინეთის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება. კერძოდ, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას რომანი ჰქონდა საკუთარი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. კვირას ჰუანგმა აღიარა რომანი ქალთან, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა კომპანიის წარმომადგენელი იყო და სავარაუდოდ, ჩინელი ჯაშუში იყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯენსენ ჰუანგს კავშირი ჰქონდა ელის ჰუანგთან. ამ უკანასკნელს ამერიკული დაზვერვა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს. პეკინმა გააფრთხილა აშშ, რომ ჯაშუშობის ბრალდებები არ გამოიყენოს საბაბად ჩინეთში ტექნოლოგიების გაყიდვების კიდევ ერთხელ შეზღუდვისთვის. Reuetrs-ი წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია თავის უმსხვილეს მხარდამჭერს კარგავს, გაურკვეველი ხდება იმ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის მომავალიც, რომელიც ჰუანგმა ხელოვნური ინტელექტის სფეროს გიგანტად აქცია.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება“, „ტრამპის მარშრუტი“, - რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და ფაშინიანმა
ანტალიაში, COP31-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გაუსვეს მის წინ წაწევასა და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობას. ამ მხრივ, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიღწეულ შეთანხმებებს, ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ წახალისებაზე. მოსაზრებები გაიცვალა ასევე რეგიონულ პროცესებზე. ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების ფაქტი და განაცხადეს, რომ მან ახალი იმპულსი შესძინა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო გზების დებლოკირებაზეც, მათ შორის TRIPP-ის პროექტის განხორციელებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. „პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, ახლა რკინიგზის შეკეთება და გახსნა გვჭირდება, – განაცხადა თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი მოუთმენლად ელოდება თურქეთთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ახლა ჩვენ გვჭირდება ჩვენს ქვეყნებს შორის რკინიგზის შეკეთება და ხელახლა გახსნა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, “ – აღნიშნა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას – „ანიჭებს თუ არა მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას რეგიონული კავშირის კონტექსტში?“ თურქულმა მხარემ შეხვედრის შესახებ მოკლე ცნობა დეტალების გარეშე გაავრცელა. ფაშინიანი: TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს
ტრამპი: ირანთან შეთანხმება აღარ გვჭირდება, მათი ფული და სრუტეც ჩვენს ხელშია
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანთან შეთანხმება აღარ სჭირდება. მისი თქმით, აშშ-ს თეირანზე მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტები აქვს, მათ შორის — ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი. „ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა,“ — დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ხელში ჩაიგდო ირანის ფინანსური აქტივები და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლი. „მათი ფული — ასობით მილიარდი დოლარი — ჩვენთანაა, ისევე როგორც მათი სრუტე!“ — განაცხადა ტრამპმა. პარალელურად, ირანის პარლამენტის სპიკერის და მთავარი მომლაპარაკებლის თქმით, აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის შემდეგ ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ პერიოდს აღარ დაუბრუნდება. მისი თქმით, თეირანი და ომანი თანხმდებიან, რომ სრუტის რეგულირება სანაპირო სახელმწიფოების იურისდიქციაში შედის და ნაოსნობის წესები სწორედ ირანმა და ომანმა უნდა განსაზღვრონ. ომის დასასრულებლად თეირანმა ვაშინგტონს შვიდპუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, რაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ომის ოფიციალურად დასრულების გამოცხადებას ითვალისწინებს. თეირანი აშშ-ის პასუხს კატარის შუამავლობით ელოდება. ჰორმუზის სრუტე, რომელიც ენერგომატარებლების გადაზიდვის უმნიშვნელოვანესი გლობალური მარშრუტია, დიდი ხანია, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის კერას წარმოადგენს. ამ საზღვაო გზაზე არსებული ვითარება უდიდეს გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
ალან ბერსე: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას ვაკვირდებით და აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. „როგორც იცით, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო დროს კონტაქტი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე და გულწრფელი დისკუსიები გვქონდეს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება,“ - განაცხადა ბერსემ. „ვიცი, რომ ამჟამად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს წევრობა მისი ღირებულებების მიმართ ერთგულებას გულისხმობს. ვგულისხმობ, რომ 46-ვე წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე და ასევე, ჩვენ სამოქმედო ჩარჩო გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა შეგვიძლია. მჯერა, რომ ეს კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთად განხილვა იმისა, თუ რის გაკეთებას გავაგრძელებთ, მათ შორის საქართველოსთანაც,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძე: საქართველო რჩება ერთადერთი სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან
მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უამრავი გამოწვევაა მთლიანად კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. “ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალ მაგიდას, მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო, ხანდახან ეს საუბრები არის ხანმოკლე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან ღირებული. ეს ფორმატი, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კობახიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრით თქმით, საქართველოს აქვს საკვანძო როლი ამ მიმართულებით. „საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში სამშენებლო ობიექტის გვერდით მდებარე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. ბრუკლინში, სამსართულიანი შენობის ნანგრევებთან 250-ზე მეტი მაშველი და გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელი მივიდა. მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანის, მათ შორის ერთი ორსული ქალის, გამოყვანა შეძლეს. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის უფროსის ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, 1930 წელს აშენებული შენობის ჩამონგრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ამერიკული მედიის ცნობით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. მაშველებმა სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენეს სამძებრო ძაღლები, დრონები, ნაჯახები და ხერხები. ვარაუდობენ, რომ სამუშაო პროცესი რამდენიმე დღეს გასტანს. BBC-ის ამერიკული პარტნიორის, CBS-ის ცნობით, ქალაქის ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრუკლინში მდებარე ეს შენობა 1930 წელს არის აგებული. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის (FDNY) ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტის მომენტში, მიმდებარედ, სადაც ახალი შენობის აგების გეგმა უკვე დამტკიცებული იყო, აქტიური სამუშაო მიმდინარეობდა.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების ახალი პროექტი დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს „კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის“ (CCAMTAC) საქმიანობის მხარდაჭერას, 2027–2032 წლებში. CCAMTAC-ის წევრია ცხრა ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ცენტრი წევრი ქვეყნების ტექნიკურ დახმარებას და ტრენინგებს უზრუნველყოფს. დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდიდან შესრულდება. ბანკი აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქმენეთს 10,000 აშშ დოლარს გამოუყოფს, ხოლო ყირგიზეთს, მონღოლეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს - 237,500 აშშ დოლარს. ცხრავე ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის საერთო წვლილი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების ახალი ფაზა, გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ეკონომიკურ მმართველობას მონაწილე ქვეყნებში და გააუმჯობესებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა
გასულ კვირას კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოხდა. კრიპტობირჟა Binance-იდან 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარეს. თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილნი. მილიარდობით დოლარი 20 წუთში გაქრა. ამერიკული ბლოკჩეინ-ანალიტიკური კომპანიების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა გამოიყენეს სქემა, რომელიც ძალიან ჰგავს გასულ წელს კრიპტო-ბირჟა Bybit-ზე განხორციელებულ თავდასხმას. დამნაშავეებმა ბირჟის საფულეებიდან თანხები ჰაკერების კონტროლირებად მისამართებზე გადარიცხეს. ჩრდილოეთ კორეა (ფხენიანი) ოფიციალურად უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ის განცხადებებს „აბსურდულ რიტორიკას“ უწოდებს. დასავლური სპეცსამსახურები და გაეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციების ფონზე, კრიპტოვალუტის ქურდობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის ეკონომიკის გადარჩენისა და ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.
სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ) ხმის უფლება ჩამოერთვა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების წარდგენის უფლება შეუჩერეს. ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ სამიტზე მიიღეს. პესკოვის განცხადებით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მიიღეს, რადგან სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში წევრობით გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებებს არ მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სომხეთს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს არ ართმევს. ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში საწევრო შენატანებს თუ არ იხდის, მას, შესაძლოა, შეუჩერდეს ხმის მიცემისა და ორგანიზაციის თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება. შეზღუდვები დავალიანების სრულ დაფარვამდე მოქმედებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი 2024 წლიდან ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანებს აღარ იხდის. ცნობისთვის, სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები არ შეასრულა, მათ შორის აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს. ხმის მიცემის უფლების შეჩერების მიუხედავად, სომხეთი ორგანიზაციის წევრად ფორმალურად რჩება. ფაშინიანი: CSTO-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ
ჩინეთის პრეზიდენტი: ტაივანთან გაერთიანება უნდა მოხდეს, რადგან ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია
ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია. მან ტაივანს მშვიდობიანი „გაერთიანებისკენ“ მოუწოდა. სი ძინპინის თქმით, ტაივანის საკითხის გადაჭრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ურყევი ისტორიული მისიაა. ტაივანის საქმეთა საბჭომ საპასუხოდ განაცხადა, რომ ვერც მთავრობა და ვერც ტაივანის მოსახლეობა ვერ მიიღებენ „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპს, რაც, საბოლოო ჯამში, კომუნისტური პარტიის მმართველობისთვის დამორჩილებას ნიშნავს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაიპეი ამ პრეტენზიას კატეგორიულად უარყოფს.
ტრამპი: ვენესუელიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობსა და სხვა რესურსებს ვიღებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელიდან მიღებული ნავთობის შემოსავლები „ძალიან მალე ასობით მილიარდს“ მიაღწევს, ხოლო აშშ-მ ამ ქვეყანაში განხორციელებული ოპერაციის ხარჯები ბევრჯერ ამოიღო. „ჩვენს შემთხვევაში, ვენესუელიდან ვიღებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობსა და სხვა რესურსებს; ძალიან მალე ეს თანხა ასობით მილიარდს მიაღწევს. მსგავსი რამ არავის უნახავს და ჩვენ უკვე მრავალჯერადად ამოვიღეთ ომის ხარჯები,“ — განაცხადა ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. „ადრე ამბობდნენ, რომ „გამარჯვებულს ნადავლი რჩება' — და ჩვენი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში, ეს პრინციპი კვლავ ძალაშია,“ — ამბობს ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპის თქმით, ვენესუელიდან ყოველკვირეულად „მილიონობით ბარელი ნავთობი“ გამოდის, რაც „მილიარდობით დოლარის“ შემოსავალს ქმნის. მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ვენესუელიდან მისი მოთხოვნის საფუძველზე გავიდნენ. „ისინი ცდილობდნენ, იქ თავიანთი გავლენა გაევრცელებინათ. მე ვუთხარი: 'უნდა წახვიდეთ'. ისინი წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით,“ — აღნიშნა ტრამპმა.
ყაზახეთის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ყაზახეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს „სამრუკ-ყაზინას“ (Samruk-Kazyna) სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი ნურლან ჟაკუპოვი და სარკინიგზო კომპანია „ყაზახსტან ტემირ ჟოლის“ (Kazakhstan Temir Zholy) გამგეობის თავმჯდომარე ელჟას ოტინშიევი, სხვა, არასახელდებულ პირებთან ერთად. „სამრუკ-ყაზინა“ (Samruk-Kazyna) მართავს მსხვილ აქტივებს ყაზახეთის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში; მათ შორისაა ეროვნული ავიაკომპანია „ეირ ასტანა“ (Air Astana) და სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KazMunayGaz). ის ფლობს 100%-იან წილს კომპანია „ყაზახსტან ტემირ ჟოლიში“ (Kazakhstan Temir Zholy), რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო ბაზარზე აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება.
ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას
მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის გამო, მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, „საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.“ „აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე,“ - განაცხადა დეკანოზმა. შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.
შონ ო’მალი აბუ დაბიში მომხდარზე: მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბის 21 წლის მეგობარზე გაამახვილა ყურადღება. ო’მალის თქმით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ნურმაგომედოვის გუნდის ორ წევრს წინააღმდეგობა გაუწია. „მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, 21 წლის მოჭიდავეა, რომელიც მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული და დარტყმებზე არ ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, მან ხაბიბის, უფრო სწორად, უსმანის გუნდიდან ორი ადამიანი ძირს დააგდო. არ ვიცი, უსმანმა წინასწარ დაგეგმა თავდასხმა თუ უბრალოდ სილის გაწვნა ჰქონდა განზრახული. თუმცა, როცა ადამიანს სილას აწნავ, რა რეაქციას ელოდები? გგონია, ამის შემდეგ მშვიდად დაგელაპარაკება? ბიჭმა კეპი უკუღმა დაიხურა, წინ წამოიწია და მოქმედებისთვის მოემზადა,“ – განაცხადა შონ ო’მალიმ. საბა ლაზიშვილი თავდასხმის დროს ქართველ სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
თბილისში სანაპიროზე გერმანული ჰოსიპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. პირმა, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში. ინტერეპრესნიუსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.
აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი გარდაიცვალა
რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „გამოჩენილი დიპლომატი“ და „უმაღლესი პროფესიონალი“ ალექსანდრ დარჩიევი „მოულოდნელად გარდაიცვალა“ 11 ნოემბერს. `მაღალი დონის პროფესიონალი, შესანიშნავი ამერიკანისტი, ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა,” - ნათქვამია განცხადებაში. მასში მითითებული არ არის დარჩიევის გარდაცვალების მიზეზი. 11 ნოემბერს ღამით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ალექსანდრ დარჩიევი მოსკოვში გარდაიცვალა „ქრონიკული დაავადებით.“ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონიდან მოსკოვში დაბრუნდა ხანგრძლივი დაავადების მკურნალობის მიზნით. დარჩიევი ბოლოს საჯაროდ გამოჩნდა 2026 წლის 23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა.
ევროპა საქართველოს გავლით აზერბაიჯანულ დენს მიიღებს — ოთხმა ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმება გააფორმა
აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, საქართველომ და თურქეთმა სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს: აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ. შეთანხმება მიზნად ისახავს აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებას, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ენერგიის გადაცემის მარშრუტების დივერსიფიკაციას. შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.
ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრისთვის €50 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრისთვის რუმინეთსა და ბულგარეთს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კონსტანცასა და ვარნაში დაგეგმილი საზღვაო უსაფრთხოების ცენტრისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა დააანონსა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგისთვის. „ჩვენ დავაჩქარებთ მუშაობას შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრზე; განსაზღვრულია მისი დასრულების მკაფიო ვადები და გამოყოფილია 50 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება,“ — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. Euronews-ის ცნობით, უსაფრთხოების ცენტრი შესაძლოა მომავალი წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ცენტრს სამი ძირითადი მიზანი ექნება: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლა და ვაჭრობის ხელშეწყობა. ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვა გლობალური ვაჭრობისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კვანძია. მან ასევე აღნიშნა უკრაინისთვის რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობა. დანის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინაში სტაბილური მშვიდობის აღდგენის ეფექტიანი პროცესის წარმართვა. „ბოლო პერიოდში შავ ზღვაში არაერთი ინციდენტი გვქონდა — ჰიბრიდული ომის მთელი სპექტრი; ამით რუსეთი, ცხადია, ცდილობს, გაამწვავოს კონფლიქტი, რომელიც ხუთი წლის წინ უკრაინაში წამოიწყო, და მასში ევროპული ქვეყნებიც ჩაითრიოს,“ — განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ „შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში